როგორც უკვე გაცნობეთ, 22 წლის ფორვარდმა ხუთი წლით დაუკავშირა ბედი ლომბარდიულ გრანდს, მისი სეზონური გასამრჯელო კი ოთხი მილიონი ევრო იქნება.
"როსონერის" მესვეურებმა მარიო მოკრძალებულად წარადგინეს, რაც ადრიანო გალიანიმ შემდეგნაირად ახსნა:
"ბალოტელის დიდი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან მას ისედაც ყველანი კარგად ვიცნობთ. პომპეზური ღონისძიებების დრო, უბრალოდ, არ არის, რადგან გახურებული სეზონია. ბალოტელის გადმოსაბირებლად ყველაფერი გავაკეთეთ და მიხარია, რომ ის ჩვენთანაა".
მარიომ პრესასთან დიდხანს საუბარი არ ისურვა და
ბალოტელის თქმით, გულშემატკივართა გულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
უკმაყოფილო პაცინი?
იტალიურ სპორტულ პრესაში ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ჯამპაოლო პაცინი მარიო ბალოტელის ტრანსფერით თურმე უკმაყოფილო ყოფილა.
ლოგიკა გასაგებია, ბალო პაცოს პირდაპირი კონკურენტია და მას ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებით ემუქრება. არადა, ჯამპაოლომ ბოლო დროს მოუმატა და გოლებსაც მოუხშირა.
ამ საკითხზე ისევ გალიანიმ ისაუბრა:
"პაცინი უკმაყოფილოა? - ამის შესახებ არაფერი მსმენია და მეეჭვება, რომ მართალი იყოს.
სანამ ბალოტელის ამბავს გავაცხადებდით, პაცინის პირადად ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ის "მილანისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ასე იქნება მომავალშიც. ჯამპაოლომ მადლობა გადამიხადა და ნამდვილად ვერ შევატყვე, რომ უკმაყოფილოა.
კარგი იქნება, თუ ასეთ აბსურდულ თემებზე აღარ მომიწევს კომენტარის გაკეთება".
მორატი: მილანი რისკავს
იტალიელი ჟურნალისტები "ინტერის" პრეზიდენტს, მასიმო მორატის დაუკავშირდნენ და მარიო ბალოტელის "როსონერიში" გადასვლაზე კომენტარი სთხოვეს:
"საინტერესო ტრანსფერია, ვერაფერს იტყვი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ "მილანის" მესვეურებმა გვარიანად გარისკეს.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ იტალიურ ფეხბურთს ფინანსურად არ ულხინს და დღეს ასეთი თანხის გადახდა მართლაც რომ დიდი რისკია, თანაც იმ ფეხბურთელში, რომლის ხასიათიც ყველამ კარგად ვიცით.
როდესაც "ინტერში" გვყავდა, ყველანი გვერდში ვედექით, ყველანაირად ვამხნევებდით, მაგრამ ბევრი არაფერი გამოგვივიდა.
ბალოტელის წარმატებას ვუსურვებ. იმედია, "მილანში" მაინც იპოვის სიმშვიდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი: "მილანში" უკეთ ვითამაშებ, ვიდრე "მანჩესტერ სიტიში"
"ბალო დაბრუნდა!" - მარიო ბალოტელის "მილანში" დებიუტი 31 იანვარს შედგება