ახალი იტალია: "აძურას" ინტერნაციონალური შეტევა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში იტალიური ფეხბურთის ყველაზე აქტუალური თემა მარიო ბალოტელის "მილანში" გადასვლაა, სადაც მას კალჩოს კიდევ ერთი იმედი, სტეფან ელ შაარავი დახვდა. მოკლედ, "როსონერიში" თავდამსხმელთა ის ტანდემი შეიკრა, რომელზეც მთელი საფეხბურთო იტალია ჩამოდის ფსონს. მართალია, მასიმილიანო ალეგრი 4-3-3 ტაქტიკას იყენებს და ელ შაარავისაც უფრო ფლანგზე უწევს სირბილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტეფანი მარიოსთან ტანდემში განიხილება...

22 წლის მარიო ბალოტელი და 20 წლის სტეფან ელ შაარავი უკვე დღეს არიან ძალიან საშიშნი მეტოქე მცველებისთვის და თუ მათ ასაკს გავითვალისწინებთ, ზრდის საშუალება აუცილებლად ექებათ. მით
უმეტეს, ისინი უკვე თანაგუნდელები არიან და მალევე შეთამაშდებიან. აპენინებზე უკვე ამბობენ, რომ "სკუადრა აძურას" თავდასხმის ოქროს ტანდემი მოევლინა, რომელიც არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას. პირველი დიდი სამიზნე 2014 წლის მუნდიალია, სადაც იტალიის ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩადის.


6 თებერვალს "სკუადრა აძურა" ამხანაგურად ჰოლანდიას ეპაექრა, იქამდე კი ჩეზარე პრანდელის გუნდი "კოვერჩიანოს" ბაზაზე ემზადებოდა. "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტებმა შანსი არ გაუშვეს ხელიდან, ფლორენციაში ჩავიდნენ და საინტერესო მასალა გამოაცხვეს... მაშ ასე, მარიო ბალოტელი და სტეფან ელ შაარავი "მილანზე", "სკუადრა აძურაზე" და ზოგადად, ფეხბურთზე...

ახალი ტალღა
მარიო ბალოტელი წარმოშობით განელია და კაცმა არ იცის, ვინ იქნებოდა დღეს, თავის დროზე სიცილიურ ოჯახში რომ არ აღმოჩენილიყო. დიახ, პატარა აფრიკელი სიცილიელებმა იშვილეს და მარიო იტალიაში ჩაიყვანეს. როდესაც მან პირველ წარმატებას მიაღწია, მხოლოდ მაშინ გამოჩნდნენ ბიოლოგიური მშობლები, სულ მალე კი განის ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც მიიღო. მარიომ არც მშობლები გაიკარა და განელთა შეთავაზებაზეც უარი განაცხადა, რადგან ერთადერთ სამშობლოდ იტალია მიაჩნია.

სტეფან ელ შაარავის არაბული ფესვები აქვს, თუმცა დედით იტალიელია და სწორედ აპენინებზეა დაბადებულ-გაზრდილი. მას ეგვიპტური წარმოშობის გამო "პატარა ფარაონს" ეძახიან... მოკლედ, "სკუადრა აძურას" ინტერნაციონალური თავდასხმა ჰყავს, რასაც, მაგალითად, ელ შაარავი ნაკრების პლუსად მიიჩნევს...

სტეფან ელ შაარავი: "მე უცხოური გვარი მაქვს, ჩემში არაბული სისხლია, ბალოტელის ფესვები კი აფრიკიდან მოდის. ეს ძალიან კარგია, რადგან "სკუადრა აძურას" თამაში კიდევ უფრო მდიდარი და არაპროგნოზირებადი იქნება. მაგალითად, მარიოს ნაკრებში ის აფრიკული პლასტიკა და ენერგია შემოაქვს, რომელიც ევროპულ გუნდებს ხშირად აკლიათ. ეს მხოლოდ დადებითად წაგვადგება და ამავე აზრზეა ჩეზარე პრანდელი. ისე კი, ჩვენ ორივე იტალიელები ვართ და ძალიან გვინდა, რომ "სკუადრა აძურას" წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ".

მარიო ბალოტელი: "სამწუხაროდ, იტალიაში რასიზმი და ნაციზმი უცხო ხილი არაა, მაგრამ როდესაც "სკუადრა აძურას" მაისური მაცვია, ვგრძნობ, რომ მთელი ქვეყანა გვერდში მიდგას. ეს საოცარი განცდაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება. დიახ, მე განური ფესვები მაქვს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის - ბავშვობიდან "აძურაში" თამაში მინდოდა და ოცნება ამისრულდა კიდეც. ბედნიერი ვარ, რომ სტეფან ელ შაარავის მხარდამხარ მიწევს ასპარეზობა, მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე".


"მილანი"
ბოლო წლებში "მილანი" 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელთა სიმრავლით გამოირჩეოდა და ამ გუნდს ვეტერანთა თავშესაფარსაც კი ეძახდნენ. გასულ ზაფხულს "როსონერი" ძველი გვარდიის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა და გაახალგაზრდავების რეალური პროცესიც დაიწყო. დღეს "მილანი" ისეთივე მრისხანე არაა, როგორსაც წლების განმავლობაში მიგვაჩვია, მაგრამ სამაგიეროდ, პერსპექტიულ ფეხბურთელთა სიმრავლით დაიკვეხნის.

მასიმილიანო ალეგრი 4-3-3 ტაქტიკას იყენებს, თავდასხმაში კი ახალგაზრდული ტრიო ირჯება მბიაე ნიანგის, სტეფან ელ შაარავის და მარიო ბალოტელის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი, ერთად აღებული, 60 წლისაა და როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, მინიმუმ ათი წელი თავდასხმაზე აღარ ინერვიულებს.

"როსონერის" ტიფოზებს სჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები კლუბის ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერენ...

სტეფან ელ შაარავი: "მარიომ "მილანს" ენთუზიაზმი, მოტივაცია გაუათმაგა და ეს მისი მოსვლიდან პირველივე ვარჯიშზე იგრძნობოდა. ბოლო წლებში "როსონერი", ძირითადად, ყიდიდა ფეხბურთელებს და ასეთ დროს ამ კალიბრის ვარსკვლავის მოსვლა გარდამტეხი იყო. ბალოტელი და ნიანგი ხანდახან ერთმანეთში მეშლებიან, სხვა მხრივ კი ყველაფერი იდეალურადაა. ვარჯიშებზე მაქსიმალურად ვიტვირთებით, რათა მოვუმატოთ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევძვრეთ. ამას წინათ მარიოს დიდხანს ვესაუბრე. ჩვენ "მილანში" დიდი გეგმები გვაქვს და აქედან წასვლას არ ვაპირებთ".

მარიო ბალოტელი: "ჩემი აგენტის, მინო რიოლას სიტყვები წავიკითხე, სადაც ის ამბობს, რომ ასეთი ბედნიერი ბალოტელი არასდროს უნახავს. ეს მართალია, "მილანში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა. თანაც, გუნდში საოცარი ატმოსფერო დამხვდა, რაც ადაპტაციის პერიოდს მიადვილებს. ჩემთვის უდიდესი პატივია, მერქვას "მილანის" ფეხბურთელი".


პასი და გოლი...
ჰოლანდია-იტალიის ამხანაგური მატჩის წინ ნარინჯისფერთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა იტალიის ნაკრების თავდასხმის სიძლიერეს გაუსვა ხაზი და ბალოტელი-ელ შაარავის ტანდემი ვრცლად დაახასიათა. ავტორიტეტული სპეციალისტის თქმით, ბალოტელის მარგი ქმედების კოეფიციენტი არნახულად მაღალია, რადგან ის, ფაქტობრივად, არ კარგავს ბურთს და ძალიან იშვიათად აფუჭებს სახიფათო მომენტს.

ვან გაალის თქმით, ელ შაარავი უფრო ფეთქებადია და თანაბრად სახიფათოა როგორც შეტევის წამოწყებისას, ისე დამაგვირგვინებელ ფაზაში. თვითონ როგორ ხედავენ ახალგაზრდა ტალანტები საკუთარ თავს და რა საფეხბურთო ფილოსოფიას ანიჭებენ უპირატესობას?..

სტეფან ელ შაარავი: "ბევრს ჰგონია, რომ გოლებზე ვარ დაგეშილი, მაგრამ სინამდვილეში მე უფრო სიღრმიდან თამაში მიყვარს. პასის გაკეთება უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გამყავს. საერთოდ, შემტევი ფეხბურთის მოყვარული ვარ და პირველ ნომრად თამაში ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია. თუმცა, ეს იტალიაა, სადაც დაცვას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ, ჩეზარე პრანდელი იდეალური სპეციალისტია - მართალია, მასთან დიდი ხანი არაა, რაც ვმუშაობ, მაგრამ ბევრი რამე უკვე ვისწავლე. "აძურა" უტევს, მაგრამ ამავდროულად, დაცვასაც დიდი ყურადღება ეთმობა. ეს იდეალური ფეხბურთია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს".

მარიო ბალოტელი: "ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია? - ფეხბურთი მარტივი თამაშია და ასეთ საკითხებზე ბევრი არ მიფიქრია. მიყვარს კონტაქტური თამაში, ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული ფეხბურთი, რადგან ამ კომპონენტში ყოველთვის კარგად ვარ მომზადებული. მიყვარს გოლის გატანა, რადგან როდესაც ბურთი ბადეში ეხვევა, ენითაუწერელი გრძნობა მეუფლება. ხშირად ამას ვერ გამოვხატავ, მაგრამ შინაგანად მთლიანად ვიცვლები. ფეხბურთს იქამდე ვითამაშებ, სანამ გოლი ასეთ სიხარულს მომანიჭებს. ელ შაარავი ამბობს, რომ პასი უდიდეს სიამოვნებას ჰ
გვრის, მე კი მზად ვარ, მისი გადაცემები გოლებად ვაქციო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი: დებიუტით კმაყოფილი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული