ინტერვიუ ანტონიო კასანოსთან: ფეხბურთი მხოლოდ სიამოვნებისთვის

AutoSharing Option
ანტონიო კასანო ფანტაზისტაა - ეს ეპითეტი კი იტალიაში განსაკუთრებულად ფასობს... ასეთები იყვნენ რობერტო ბაჯო, რობერტო მანჩინი, ჯუზეპე სინიორი...

დღემდე არიან ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო (თუნდაც ავსტრალიაში). კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გახსენება შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფანტაზისტობა რჩეულთა ხვედრია.

კასანო "მილანში" თამაშობდა, როდესაც გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და მაშინ კარიერის დასრულებაზეც კი დაფიქრდა. მას შემდეგ ფიზიკურად მოისუსტებს, სხვებზე ნაკლებს დარბის და ასე ითამაშა ევროპის ჩემპიონატზეც. მიუხედავად ამისა, ევროფორუმზე კასანომ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მარიო ბალოტელისთან ბრწყინვალე ტანდემი შექმნა. ყველას
კარგად გვახსოვს ნახევარფინალში გერმანიასთან მის მიერ გაკეთებული ფინტი, რასაც სუპერმარიოს მისამართით საგოლე გადაცემის გაკეთება მოჰყვა. სწორედ ასეთი არაორდინარულია ანტონიო მოედანზეც და მის მიღმაც.

30 წლის შემტევს "რაი სპორტი" ესაუბრა, მის ინტერვიუს კი მცირე შემოკლებით გთავაზობთ...

- რამდენად კმაყოფილი ხართ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრით?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია. "ინტერს" აქვს რესურსი, რომ დასახულ ამოცანას მიაღწიოს და თუ ამაში ახალი ფეხბურთელები დაგვეხმარებიან, კარგი იქნება. ფაქტია, რომ მეგავარსკვლავები არ გადაგვიბირებია, მაგრამ ამაზე არ უნდა ვიდარდოთ.

- "ინტერის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, მაგრამ სეზონის წინ, ალბათ, სკუდეტოზეც ფიქრობდით...
- ჩვენ "ინტერში" ვთამაშობთ და როდესაც ასეთი დიდი გუნდის წევრი ხარ, მხოლოდ მწვერვალებს უმიზნებ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. გუნდი ფორმირების პროცესშია და ამ ფონზე ჩემპიონთა ლიგის საგზური შესანიშნავი შედეგი იქნება.

- ხომ არ ნანობთ, რომ ზაფხულში "მილანიდან" "ინტერში" გადახვედით?
- არანაირად, რადგან "მილანში" საქმეები ცუდად წამივიდა. ბოლო პერიოდში მუდმივად თადარიგში მიწევდა ჯდომა და ვგრძნობდი, რომ მასიმილიანო ალეგრი აღარ მენდობოდა. ჩემთვის არაკომფორტულია ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, რომელსაც ერთ დღეს რაღაც ახალი აზრი გაუელვებს თავში და ამას შეიძლება შენი ინტერესები შეეწიროს. ანდრეა სტრამაჩონისთან მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ტაქტიკური სქემების გამო კარგი თამაში არ დაგეკარგება.

- "მილანში" მარიო ბალოტელი გადავიდა, რომელსაც ხასიათით გადარებენ...
- მარიოსთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს და სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვგავართ ერთმანეთს. ბალოტელის უყვარს პრესის ფურცლებზე, ჟურნალების გარეკანზე მოხვედრა, მე კი ეს ჭირივით მეზიზღება. სამაგიეროდ, ის ჩემზე წყნარი და პროგნოზირებადია. სანაკრებო შეკრებებზე ყოველთვის დროულად ცხადდებოდა და ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა. მის ასაკში ნამდვილი გიჟი ვიყავი, ვარჯიშებიდან გავრბოდი და ათას სკანდალში ვეხვეოდი. მოკლედ, ჩემსა და მარიოს შორის დიდ მსგავსებას ვერ ვხედავ.

- რა რჩევას მისცემდით მარიოს?
- აი, ეს კი ჩემთვის მართლაც ახალი ამპლუაა, რადგან რჩევა არავის უკითხავს. მარიო შესანიშნავი ადამიანი და საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელია, არც შრომა ეზარება და არც ისე ცუდად იქცევა, როგორც ამას ჟურნალისტები წერენ. ამიტომ იყოს ის, რაც არის, ჩემი რჩევაც ეს იქნება.

- ჩეზარე პრანდელი ნაკრებში აღარ გიწვევთ. არადა, იგივე ბალოტელისთან ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი ტანდემი გქონდათ...
- იმედია, ნაკრებში კიდევ ვითამაშებ, რადგან ეს ყველაზე სასიამოვნო განცდაა. ბალოტელის იოლად შევეწყვე და დასანანი იქნება, თუ აღარ მოგვიწევს ერთად თამაში. ჩეზარე პრანდელის ამ თემაზე ვესაუბრე და ვიცი, რასაც ფიქრობს. მას, რაც შეიძლება, მეტი ახალი ფეხბურთელის ნახვა სურს საქმეში და მისი მესმის კიდეც. ვიცი, რომ თუ მაღალ დონეზე ვითამაშებ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების კარგი შანსი მექნება. ჩემი მხრივ, ცდას არ დავაკლებ.

- თქვენი მეწყვილე თავდამსხმელებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ეროვნულ ნაკრებში მარიო ბალოტელისთან მართლაც კარგი ტანდემი გამომივიდა და ეს უკვე აღვნიშნეთ. ვერაფრით დავივიწყებ "სამპდორიაში" გატარებულ პერიოდს და ჯამპაოლო პაცინის მხარდამხარ თამაშს, რომელსაც გოლის გატანის იშვიათი ალღო აქვს. მაშინ "სამპდორია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიყვანეთ და ძირითად ბადეში მოსახვედრად სულ ცოტა დაგვაკლდა.

საოცარი ადამიანია დიეგო მილიტო, ვის მხარდამხარ ასპარეზობაც უდიდესი სიამოვნებაა. დიეგოსთან დავმეგობრდი და მოედანს მიღმაც დიდ დროს ვატარებთ ერთად. თუმცა, ყველაზე გამორჩეული შემტევი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია, ფრანჩესკო ტოტია. მართალია, ვერაფრით დავუმეგობრდი და ხშირად ვკამათობდით კიდეც, მაგრამ ფენომენალური მოთამაშეა და ამას წყალი არ გაუვა. ისეთი პოზიციიდან შეეძლო პასის მოცემა, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდი. ჩესკო უდავოდ დიდი ფეხბურთელია.

- რისი მიღწევა გსურთ კიდევ ფეხბურთელის ამპლუაში?
- დიდად არც ამაზე ვფიქრობ, რადგან ფეხბურთში ჩემი მთავარი მოტივაცია სიამოვნების მიღებაა. თითოეული თამაშისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ და ამაზე უარის თქმას ჯერ არ ვაპირებ. როდესაც გულთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა და კარიერის დასრულება მირჩიეს, ჩემზე უბედური არავინ იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და თამაში გავაგრძელე. ჩემი მთავარი მოტივაცია ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაა. ასე იყო 18 წლის ასაკშიც და ასეა დღესაც.

- რას გააკეთებთ კარიერის დასრულების შემდეგ?
- ვეტერანთა გუნდს შევქმნი და ამხანაგურ მატჩებში მივიღებ მონაწილეობას. გუნდში მოვიწვევ რობერტო ბაჯოს და ჩემი ბავშვობის ოცნებას ავიხდენ. მასთან თამაში ყოველთვის მინდოდა, მაგრამ დროში ავცდით ერთმანეთს. თუ ხავიერ ძანეტი ოდესმე დაასრულებს კარიერას, ისიც ჩემს გუნდში გადმოვა და ერთად დაუმარცხებლები ვიქნებით.

ისე კი, ფეხბურთში მსურს დარჩენა, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლევანტეს" ანტონიო კასანოს ყიდვა სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული