ეს არ იყო რიგითი მატჩი და განსჯისთვისაც დიდი ინფორმაცია დაგვიტოვა.
ფიორენტინაა თუ ბარსა?
"ფიორენტინამ" საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა არა მარტო მიმდინარე სეზონში, შესაძლოა ბოლო წლებშიც კი... "ვიოლა", პრაქტიკულად, უნაკლოდ ირჯებოდა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. "ინტერის" კართან აურაცხელი რაოდენობის მომენტი შეიქმნა და რიგ ეპიზოდებში სამირ ჰანდანოვიჩს რომ არ ეყოჩაღა, ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
რაც მთავარია, ფლორენციელებმა აღმაფრენით ითამაშეს, ულამაზესი ფეხბურთი აჩვენეს და მთელი საფეხბურთო იტალიის აღფრთოვანება დაიმსახურეს.
მრავალსვლიანი კომბინაციები,
Video
ფიორენტინა - ინტერი 4:1
ფიორენტინა - ინტერი 4:1
ფლორენციელთა ნახევარდაცვას რომ ბევრი შეუძლია, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ალბერტო აკვილანი, დავიდ პისარო და ბორხა ვალერო ისე ათამაშებდნენ ბურთს მოედნის შუაგულში, როგორც ჩავი და ინიესტა "ბარსელონაში"; ფლანგებიდან კი თამაშს მანუელ პასკუალი და ხუან კუადრადო ამწვავებდნენ. შუახაზელებს ფორვარდებმაც აუბეს მხარი და შედეგი ტაბლოზე დაფიქსირდა.
სტევან იოვეტიჩმა და ადემ ლიაიჩმა დუბლები შეასრულეს და მილანელებს ბალკანური კოშმარი მოუწყვეს. განსაკუთრებით იოვეტიჩის გოლებია აღსანიშნავი: ერთხელ ეფექტურად აუარა გვერდი მცველს და შორეული დარტყმით დალაშქრა ჰანდანოვიჩის კარი, მეორეჯერ კი ალბერტო აკვილანისგან საოცარი სილამაზის პასი მიიღო და დაგვირგვინება აღარ გასჭირვებია.
ბრავო "ფიორენტინას"! ვინჩენცო მონტელას გუნდმა უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა და დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლთა კოჰორტას.
უსუსური ინტერი
"ინტერი" ბურთს მხოლოდ 37%-ით ფლობდა, კარის ჩარჩოში კი სულ ერთხელ დაარტყა. ანდრეა სტრამაჩონის გუნდი სხვა ბევრ კომპონენტში დაიჩაგრა და მთლიანობაში, საშინელი ფეხბურთი აჩვენა.
"ინტერის" მესაჭე განაგრძობს ექსპერიმენტებს და ვერაფრით ყალიბდება ძირითად შემადგენლობაზე. ამჯერად სასტარტო თერთმეტეულში ახალწვეულები: კუჟმანოვიჩი და კოვაჩიჩი დააყენა, თუმცა ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. თანაც, ბალკანელები საყრდენად გაამწესა, მხოლოდ ჩაშლა დაავალა, როდესაც მათ შეტევის საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვთ.
თუმცა, ეს დიდიც პირობითია - ზაგრების "დინამოში" და "შტუტგარტში" წარმატებით თამაში "ინტერში" არაფრის გარანტი არაა.
პისარომ, აკვილანიმ და ბორხა ვალერომ "ნერაძურის" ახალწვეულებს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარეს.
დიეგო მილიტოს ტრავმამ სტრამაჩონის კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა - "ინტერის" მწვრთნელი ანტონიო კასანოსა და როდრიგო პალასიოს იმედზეა - პირველს კლასი არ დაეწუნება, მაგრამ ფიზიკურ მომზადებაში მოიკოჭლებს, მეორეს კი სტაბილურობა აკლია.
მოკლედ, "ინტერში" ბევრი პრობლემაა და ამ გუნდის მომავალიც თითქოს ბურუსითაა მოცული. სტრამაჩონის სამეულში სურს მოხვედრა, მაგრამ ვეჭვობთ, ამ რესურსით ეს თითქმის შეუძლებელია.
ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "ეს იყო საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში და შეგირდების მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, რადგან სამუშაო კიდევ ბევრ კომპონენტზე გვაქვს.
მაგალითად, გასვლით თამაშებზე ისე ვერ ვირჯებით, როგორც საკუთარ კედლებში და ეს სერიოზული მინუსია. თუ გუნდს ამბიციები აქვს, სტუმრადაც უმაღლეს დონეზე უნდა თამაშობდეს. ამ ყველაფერზე ბევრი სამუშაო გვაქვს".
ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს "ინტერი" იმ გუნდის აჩრდილიც არ იყო, რომელმაც ჯერ "კიევო" დაამარცხა წინა ტურში, შემდეგ კი ევროპის ლიგაზე "კლუჟიც" ზედ მიაყოლა. მიუხედავად "ფიორენტინასადმი" ჩემი დიდი სიმპათიისა, მაინც უნდა ვთქვა, რომ ფლორენციელთა ასეთი ფეერიული თამაში სწორედ ჩვენი ცუდი გარჯის დამსახურებაა.
ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალია, რადგან ფლორენციელებს თითქმის იგივე შემადგენლობა დავუპირისპირე, რაც "კლუჟს" სულ რამდენიმე დღის წინ... როგორც ჩანს, ფეხბურთელები გადაიღალნენ და ასეთი შედეგიც ამად მოვიღეთ".
ასევე იხილეთ:
ანდრეა სტრამაჩონი: "ინტერი" ძალიან დაღლილი იყო
სერია A. XXV ტური: ფრანჩესკო ტოტიმ დაარტყა, მაგრამ რა დაარტყა [VIDEO]