სერია A. XXV ტურის შეჯამება: "ლაციომ" "მილანს" დაუხატა

AutoSharing Option
XXV ტურის უკანასკნელი შეხვედრა ტოსკანაში გაიმართა - "სიენამ" "ლაციოს" უმასპინძლა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. "ბიანკონერიმ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის...

გაჩერებული ლაციო
"ლაციო" მთელი 90 წუთის განმავლობაში იდგა, დგომით კი თამაშის მოგება წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, ევროპის ლიგამ და მიუნხენგლადბახურმა 3:3-მა გუნდს დიდი დაღი დაასვა. ამასთან, ვლადიმირ პეტკოვიჩმა უადგილო ექსპერიმენტებს მიმართა, რამაც აშკარად არ გაუმართლა.

დიახ, მწვრთნელი, რომელიც სეზონის სტარტიდან მოყოლებული, 4-5-1 ტაქტიკას ეყრდნობა, უცებ გარდაისახა და 3-4-3 სქემა აირჩია - ცენტრფორვარდის პოზიციაზე
ლიბორ კოზაკი
გაამწესა, ფლანგებიდან კი სერჯო ფლოკარი და ანტონიო კანდრევა დაახმარა. ასეთმა ავანტურამ შედეგი არ გამოიღო, რომაელთა დაცვა გაირღვა და ჯერ კიდევ პირველ 25 წუთში მასპინძლებმა 2-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამიდან ორი გოლი ნიგერიული წარმოშობის შვეიცარიელმა ლეგიონერმა ინოკენტი ემეგარამ გაიტანა, რომელსაც ოთხი თამაში აქვს "სიენას" შემადგენლობაში ჩატარებული და ამდენივე გოლი გატანილი. როგორც ჩანს, ემეგარას სახით, "სიენას" კარგი გოლეადორი დაემატა, რაც შეიძლება გადამწყვეტიც კი გამოდგეს გადარჩენისთვის ბრძოლაში.

"ლაციომ" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დაკარგა ქულები და მესამე ადგილი "მილანს" დაუტოვა, გუნდს, რომელზეც ქვემოთ ვიტყვით ორიოდე სიტყვას...

დიდი ნახტომი
XXV ტური თუ ვინმესი გამოდგა, პირველ რიგში, ეს "მილანია". თავად განსაჯეთ, "იუვენტუსმა" წააგო, "ნაპოლიმ" "სამპდორიას" ქულები გაუყო, "ინტერი" ფლორენციაში შერცხვა, "ლაციო" კი ტოსკანაში განადგურდა... შედეგად, "მილანმა" მკვეთრად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და მეხუთე ადგილიდან მესამეზე აღზევდა. ზემოთ "იუვე" შემთხვევით არ გვიხსენებია, აქა-იქ ლომბარდიის დედაქალაქში სკუდეტოზეც ლაპარაკობენ...

მართალია, "როსონერის" თამაში აღფრთოვანებას არ იწვევს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ქულებს სტაბილურად აგროვებს და ცხრილშიც ზემოთ მიიწევს. სადამდე გაგრძელდება ეს პროგრესი? - ამ თემაზე ჟურნალისტებს მასიმილიანო ალეგრი გაესაუბრა:

"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და იმის იქით უკვე აღარ ვიყურებით. ფანტასტიკური იქნება, თუ მეორე ადგილს დავიკავებთ და საკვალიფიკაციო ეტაპს ავცდებით, მაგრამ დღეს ამაზე ფიქრი ცოტა ადრეა. მართალია, მესამეზე ვართ, მაგრამ კონკურენტებიც აქვე არიან. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ საუკეთესო "მილანი" ჯერ არ გინახავთ. მარტიდან კიდევ უფრო მოვუმატებთ და გადამწყვეტ შეხვედრებს 100%-ით მომზადებულნი შევხვდებით".

"მილანმა" სეზონი კატასტროფულად დაიწყო, გუნდი გასავარდნ ზონასაც კი მიუახლოვდა, თუმცა შემდეგ გამოასწორა ვითარება და დღეს სამეულშია... ეს უდავოდ დიდი ნახტომია. ტური კი მართლაც "მილანის" გამოდგა.

ტურის გმირი
ტურის გმირი ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც "იუვენტუსს" ულამაზესი გოლი გაუტანა და "რომას" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. "ჯალოროსის" კაპიტანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად, თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერი, სული და გულია...

იტალიური სპორტული პრესა კიდევ ერთხელ აჭრელდა ჩესკოს ფოტოებით და ცნობილმა პერსონებმაც კიდევ ერთხელ გამოხატეს აღფრთოვანება ტოტის მიმართ. ლეგენდარული ჯანი რივერა უფრო შორსაც წავიდა, ტოტი თვით რობერტო ბაჯოს შეადარა და განაცხადა, რომ ბევრ კომპონენტში ფრანჩესკო რობიზე უკეთესია... რივერამ იქვე დაამატა, რომ ტოტი ბოლო 20-წლეულის საუკეთესო 10-იანია და ალესანდრო დელ პიეროს ცალსახად ჯობია. მოკლედ, ტოტი არ ბერდება, ის ისევ ყურადღების ცენტრშია.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXV ტური: "ინტერის" ფლორენციული კოშმარი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული