24 თებერვალს გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში "მილანი" წინ ელ შაარავიმ გაიყვანა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სკელოტომ გაათანაბრა.
"მთლიანობაში ფრე კანონზომიერი შედეგია. "მილანმა" ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა და მუდმივად დაძაბულობაში გვამყოფებდა, მაგრამ მეორე 45 წუთისთვის "ინტერი" მოედანზე უკვე სხვა განწყობითა და სულისკვეთებით გამოვიდა.
ვფიქრობ, შეხვედრის ბოლოსკენ უკვე ჩვენ ვჯობდით მეტოქეს.
მინდა სამირ ჰანდანოვიჩს რამდენიმე "სეივისთვის" მადლობა გადავუხადო", - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football
"ინტერის" დამრიგებელმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც სერია A-ს წინა ტურში "ფიორენტინასთან" განცდილი მარცხის (1:4) გამო დაატყდა თავს.
"ნერაძურის" დამრიგებელი ფეხბურთელებს ესარჩლება და იტალიური პრესის მთელ წნეხს საკუთარ თავზე იღებს.
"სწორია, რომ მაკრიტიკებენ, მე ხომ ჯერ სულ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და სერია A-ში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. თუმცა ვფიქრობ, უსამართლობაა, პრესაში რომ ფეხბურთელებსაც მისდგნენ.
მაგალითად, "ლაციომ" წინა კვირაში ჩვენზე უარესად ითამაშა და "სიენასთან" დამარცხდა, თუმცა ლამის უბედურების ზონად მაინც ჩვენ გამოგვაცხადეს", - თქვა "ინტერის" თავკაცმა.
"მილანთან" ფრის შემდეგ "ინტერმა" 44 ქულას მოუყარა თავი და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ლაციოსთან" მეოთხე-მეხუთე პოზიციებს იყოფს. ქულით მეტი აქვს "მილანს" და ცხრილში მესამეა.
ასევე იხილეთ:
სტეფან ელ შაარავი: პირველივე ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი
სერია A. XXVI ტური: მილანურ ომში მეგობრობამ გაიმარჯვა [VIDEO]