მილანური დერბის გამოხმაურება: იყო თუ არა სამართლიანი მილანური ზავი

AutoSharing Option
2004 წლის შემდეგ მილანური დერბი პირველად დასრულდა ფრედ, რამაც ლომბარდიული გრანდების კონკურენტთა წისქვილზე დაასხა წყალი. თუმცა ამ შემთხვევაში სატურნირო ცხრილი და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მაინც მეორეხარისხოვანია; მთავარი კი პრესტიჟია, რადგან ეს ჯახი ჯერ ისტორიულ მეტოქეთა ჭიდილია და მხოლოდ შემდეგ ქულებისთვის ბრძოლა...

ტაქტიკა და შემადგენლობა
ანდრეა სტრამაჩონიმ რამდენიმე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა შორის რიკი ალვარესის ძირითად შემადგენლობაში დაყენება უნდა გამოვარჩიოთ. მიმდინარე სეზონში არგენტინელი სულ სამჯერ იყო სასტარტოში, დერბი კი პირველივე წუთებიდან დაიწყო და გამთამაშებლის პოზიცია დაიკავა. შესაბამისად, ფრედი გუარინმა უკან
დაიხია, სადაც ესტებან კამბიასოს და ვალტერ გარგანოს დაუმშვენა გვერდი. სტრამაჩონიმ ერთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ფლანგის მცველებს რატომღაც ადგილები შეუცვალა და იუტო ნაგატომო მარჯვნივ გაამწესა, ხოლო ხავიერ ძანეტი მარცხნივ.

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, მან ნაცადი 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და როგორც მოსალოდნელი იყო, მარიო ბალოტელის ფლანგებიდან კევინ პრინს ბოატენგი და სტეფან ელ შაარავი დაახმარა. თადარიგში დატოვა "ბარსელონასთან" ნაომარი მასიმო ამბროზინი, სალი მუნტარის და რიკარდო მონტოლივოს კი გვერდით ანტონიო ნოჩერინო ამოუდგა. ასევე, არ უთამაშია კევინ კონსტანტს, დაცვის მარცხენა ფრთაზე კი მატია დე შილიო გაისარჯა.

თამაში
აქედანვე ვთქვათ, რომ პირველი ტაიმი "მილანის" სრული უპირატესობით წაიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. 21-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სტეფან ელ შაარავიმ კევინ პრინს ბოატენგისგან ზუსტი პასი მიიღო, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და სამირ ჰანდანოვიჩის კარის ცხრიანი დალაშქრა, 0:1.

"როსონერის" მალევე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ორ ეპიზოდში ჰანდანოვიჩმა შესანიშნავად ითამაშა... ორივეჯერ მარიო ბალოტელის აუღო - ჯერ თავური, შემდეგ კი ახლო დისტანციიდან დარტყმულს გადაეღობა. მოკლედ, რომ არა სამირი, დიდი ალბათობით, "მილანი" პირველივე ტაიმში მოამთავრებდა საქმეს.

ანტრაქტამდე "ინტერს" პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია და კრისტიან აბიატიც უსაქმოდ იყო.

მეორე ნახევარში "ნერაძური" გამოცოცხლდა, რასაც ანდრეა სტრამაჩონის ცვლილებებმაც შეუწყო ხელი. "შავ-ლურჯები" უფრო აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და მომენტებსაც უხშირეს. ერთ ეპიზოდში კრისტიან აბიატიმ ნამდვილი სასწაული მოახდინა, როდესაც ხუთიოდე მეტრიდან თავურ დარტყმაზე მოახდინა რეაგირება.

71-ე წუთზე "მილანის" მეკარეც უძლური აღმოჩნდა, როცა ნაგატომოს ჩაწოდებას შეცვლაზე შესული ესეკილ სკელოტო გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში გაქვითა, 1:1. დარჩენილ დროში გუნდებს აღარ გაურისკავთ.

ანალიზი

პირველ ტაიმში "მილანმა" აშკარად აჯობა მეტოქეს, რაშიც ანდრეა სტრამაჩონის ექსპერიმენტებმაც შეიტანა წვლილი. რიკი ალვარესს აშკარად უჭირდა შეტევების ორგანიზება და "შავ-ლურჯებიც" მარტივად კარგავდნენ ბურთს ცენტრში. ამასთან, იუტო ნაგატომომ ვერაფრით აუღო ალღო მარჯვენა ფრთაზე თამაშს, რამაც "მილანის" მარცხენაფლანგელი მატია დე შილიო გააჯეჯილა...

ახალგაზრდა მცველი დაცვაშიც კარგად ირჯებოდა და დაბნეული ნაგატომოს შემყურე შეტევაშიც აქტიურად წავიდა. აღარაფერს ვამბობთ გოლის ავტორ ელ შაარავიზე. ვერც ბოატენგი-აბატესკენ გადასროლილმა ძანეტიმ ივარგა დიდად და შედეგად, "ინტერმა" ორივე ფრთა დაკარგა.

ანდრეა სტრამაჩონის შეცდომები კისერზე სამირ ჰანდანოვიჩს დააწვა, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან და მწვრთნელს შესვენებაზე დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მისცა.

სტრამაჩონიმ რიკი ალვარესი გამოცვალა, გამთამაშებლად ფრედი გუარინი ასწია, ძანეტისა და ნაგატომოს კი ფლანგები შეუცვალა, რამაც "ინტერი" ფერზე მოიყვანა და თამაშიც გათანაბრდა. განსაკუთრებით ნაგატომო გააქტიურდა, რომელიც შეტევებში აქტიურად ერთვებოდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, საგოლე პასიც მიითვალა აქტივში.

თავის მხრივ, ძანეტიმაც ამოისუნთქა ჩვეულ პოზიციაზე და მატია დე შილიო დააშოშმინა. მოკლედ, "ინტერმა" გარდატეხა შეიტანა თამაშში და გამათანაბრებელიც გაიტანა.

გამარჯვება თითქოს უფრო მასიმილიანო ალეგრის გუნდს ეკუთვნოდა, მაგრამ არც "ინტერს" უნდა დავუკარგოთ ანტრაქტის შემდეგ გამოცოცხლება და შესაბამისად, არც სტრამაჩონის მისივე შეცდომების გამოსწორება - გამომდინარე აქედან, შედეგი კანონზომიერია.

მატჩის შემდეგ
ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "პირველ ტაიმში "მილანმა" შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ ნახევარზე მიგვაჯაჭვა; აი, მეორეში კი უპირატესობას უკვე ჩვენ ვფლობდით. განსაკუთრებული მადლობა სამირ ჰანდანოვიჩს ეკუთვნის, რომელმაც არაერთხელ გადაგვარჩინა. ვფიქრობ, შედეგი კანონზომიერია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა კი გრძელდება".

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "მოგება შეგვეძლო, მაგრამ არც ფრეა ურიგო შედეგი. მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლი უნდა დაგვეწესებინა, მაგრამ მეტოქემ მკვეთრად მოუმატა და ამის საშუალება არ მოგვცა. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ შეგირდთა თამაშით და არა იმედგაცრუებული, როგორც ეს ბევრს ჰგონია"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა სტრამაჩონი: "მილანთან" მატჩის შედეგი კანონზომიერი იყო
სტეფან ელ შაარავი: პირველივე ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაოცარი ანალიზია

სტატია რომელიც ინტერს ეხება და ავტორი წიკლაურია, არ უნდა წაიკითხო კაცმა.
arqiteqtor
16:19 28-02-2013
0

სიახლეები პოპულარული