ბოლო დღეებში მის შესახებ არაერთი საინტერესო ცნობა გავრცელდა, ან გნებავთ მასალა დაიბეჭდა და ქვემოთ ყველაფერს ერთად მოვუყრით თავს...
გალიანი: დაე, იაროს ღამის კლუბებში...
მარიო ბალოტელის ბევრი მილანური დერბის გმირობასაც უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა... სუპერმარიომ ბევრი იბრძოლა, თავი ნამდვილად არ დაუზოგავს, მაგრამ მთლიანობაში მაინც ჩრდილში იყო.
22 წლის ფორვარდის პირადმა აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მარიოს ჩრდილში ყოფნის მიზეზი მისი გაციება და მაღალი ტემპერატურა გახლდათ,
"ბალოტელის ტემპერატურის შესახებ არც მე ვიცოდი რამე, არც მწვრთნელებმა და არც სამედიცინო შტაბის წევრებმა. როგორც ჩანს, მთავარ ექიმად მინო რაიოლა უნდა დავნიშნოთ, რომელიც სხვებზე კარგად ფლობს ინფორმაციას ფეხბურთელთა ჯანმრთელობის შესახებ.
არ ვთვლი, რომ ბალოტელი ჩრდილში იყო და დერბი ჩააგდო... ბევრი იშრომა, რიგ ეპიზოდებში გაამწვავა კიდეც თამაში, გოლს კი ყოველთვის ვერ გაიტან".
ჟურნალისტებმა ბალოტელი რამდენჯერმე ღამის კლუბშიც შენიშნეს და გალიანის ამ თემაზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება:
"მილანში გადმოსვლით მარიო სახლში დაბრუნდა და აქ უამრავი მეგობარი ჰყავს - შესაბამისად, მათთან ერთად ხშირად ერთობა და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვერ ავუკრძალავ ფეხბურთელს, რომ თამაშისა თუ ვარჯიშის შემდეგ წავიდეს და კლუბში განიტვირთოს, სადაც იცეკვებს და დაისვენებს.
მთავარია, რომ მარიო ალკოჰოლის მიღებაში არაა შემჩნეული და დანარჩენი უკვე ჩემი საქმე არაა.
"მილანში" არასდროს ვერეოდით ფეხბურთელის პირად ცხოვრებაში და არც მახსენდება, რომ ამ მხრივ პრობლემა შეგვქმნოდეს.
ბალოტელის ვენდობი, ვიცი, რომ არაფერს გააფუჭებს".
ბერლუსკონი: ხანდახან ჯობია, დამპალი ვაშლი იყო
ცნობილი ამბავია, რომ იტალიურ ფეხბურთში ტაქტიკა-სტრატეგიას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ექცევა და როგორც ჩანს, არა მხოლოდ მოედანზე, მის მიღმაც ასეა.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელი დამპალი ვაშლია, რომელსაც სხვა ვაშლების გაფუჭებაც შეუძლია.
პრეზიდენტმა ბალოტელის უხიაგ ხასიათს გაუსვა ხაზი, რომელსაც გასახდელში ატმოსფეროს გაფუჭება შეეძლო.
მოკლედ, მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ მარიოს "მილანში" გადაბარგება გამორიცხული იყო, თუმცა სულ მალე ფორვარდმა სწორედ "როსონერიში" ამოჰყო თავი. მაინც რატომ გააკეთა ასეთი წინდაუხედავი განცხადება ბერლუსკონიმ?
ამაზე თავად ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა:
"ეს ტაქტიკაა, მეგობრებო და მინდა გითხრათ, რომ მარიო ბალოტელიმ ჩემი განცხადების შესახებ წინასწარ იცოდა.
"მანჩესტერ სიტის" მესვეურები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სუპერმარიოს გადასაბირებლად არაფერს დავიშურებდით და ამიტომ ფასი ხელოვნურად ჰქონდათ გაზრდილი. ადრიანო გალიანი ჩემი საუკეთესო მრჩეველია და სწორედ მან მთხოვა, რომ ასეთი განცხადება გამეკეთებინა.
ამ ფანდმა მყისვე გაჭრა, ორიოდე დღეში ინგლისელებმა ბალოტელის ფასი დააგდეს და ტრანსფერიც გაიჩარხა.
"მილანში" გადმოსვლა თავად მარიოსაც ძალიან სურდა და საამისოდ მზად იყო, თუნდაც დამპალი ვაშლი ყოფილიყო".
პრანდელი: ასეთი ბედნიერი ბალოტელი არასდროს მინახავს
როდესაც მარიო ბალოტელი "მილანში" გადავიდა, ჩეზარე პრანდელიმ მყისვე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მარიოსა და სტეფან ელ შაარავის გუნდში ერთად თამაში მისთვის დიდი ბედნიერება იყო.
"სკუადრა აძურას" თავკაცი ბალოტელის თემას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და "კორიერე დელო სპორტს" შთაბეჭდილებები გაუზიარა:
"რამდენიმე დღის წინ მარიოს პირადად შევხვდი და ბევრი ვილაპარაკეთ. სიმართლე გითხრათ, ასეთი ბედნიერი ბალოტელი არასდროს მინახავს. თავის სახლშია, ოჯახის წევრები გარს ახვევია და თითქოს ყველა პრობლემა უკან აქვს მოტოვებული.
ეს ეროვნული ნაკრებისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ბალოტელი "აძურასთვის" უაღრესად საჭირო ფიგურაა.
სტეფან ელ შაარავისთან შეთამაშების სტადიაშია და ამ პროცესს გულისყურით ვაკვირდები. ბალოტელის "როსონერიში" გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ეს ასეც მოხდა".
ბალოტელის სკულპტურა
იტალიური სპორტული პრესის ცნობით, მარიო ბალოტელიმ საკუთარი სკულპტურის გაკეთება განიზრახა და ეს საქმე უკვე დაძრა კიდეც.
ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ცნობილ მილანელ მოქანდაკეს მიაკვლიეს, რომელსაც შეკვეთა მიუღია და ბალოტელის სკულპტურაზე მუშაობა დაწყებული აქვს.
მოვუსმინოთ მოქანდაკეს:
"პირადად მარიოს ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ოჯახის წევრები მოვიდნენ და სკულპტურა დამიკვეთეს. მარიო ბალოტელი უნდა გამოვსახო და მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს.
მითხრეს, რომ ქანდაკება თავად ბალოტელის სახლის წინ უნდა დაიდგას, რომელიც ბრეშაში მდებარეობს.
ქანდაკებაში მარიო გოლს აღნიშნავს და თუ რომელ გოლზეა ლაპარაკი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელის საკუთარი ქანდაკება ექნება