ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ცნობები
ფაბიო კვალიარელასთან დაკავშირებით, რომელიც უკმაყოფილოა "იუვენტუსში" მისი ამჟამინდელი ყოფით და წასვლაზე უჭირავს თვალი. საქმე იმაშია, რომ ანტონიო კონტე უფრო მეტად
სებასტიან ჯოვინკოს,
მირკო ვუჩინიჩსა და
ალესანდრო მატრის ენდობა და მხოლოდ მათ შემდეგ მოდის კვალიარელა. მოკლედ, 30 წლის ფორვარდმა რამდენჯერმე საჯაროდ დაიწუწუნა და პრესაში უმალ გაჩნდა ინფორმაცია მისი ტრანსფერზე დაყენების შესახებ. ითქვა ისიც, რომ ფაბიოს გადაბირება "ინტერს" სურს, რომელსაც თავდასხმაში აშკარად პრობლემები აქვს.
კვალიარელას მომავალი "იუვენტუსში" მართლაც ბუნდოვანია, რადგან მომდევნო სეზონიდან "ვეკია სენიორას" ღირსებას ესპანელი ფორვარდი
ფერნანდო ლორენტე დაიცავს. მოკლედ, განცხადებები და გუნდში არსებული ვითარება ფაბიოს წასვლას მოასწავებს, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა საქმე - მოვუსმინოთ ფეხბურთელის პირად
აგენტ ბეპე ბოცოს:
"ფაბიოს მეტი სათამაშო დრო უნდა და ამის შესახებ ღიად განაცხადა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ "იუვენტუსიდან" აბარგების სურვილი აქვს. პირიქით, "ბიანკონერიში" სურს თამაში და არსად წასვლას არ გეგმავს. მკაფიოდ მითხრა, რომ უნდა ისეთი დიდი გუნდის ნაწილი იყოს, როგორიც "იუვენტუსია" და კარგად ესმის, რომ პერიოდულად თადარიგშიც მოუწევს ყოფნა. თუმცა, ვარჯიშებზე ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:ფაბიო კვალიარელა: როტაციის შესახებ სეზონის დაწყებამდე ვიცოდით