ლეგენდად ქცეული ფრანჩესკო ტოტი

AutoSharing Option
1994 წლის 4 სექტემბერს ფრანჩესკო ტოტიმ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში, 2013 წლის 3 მარტს კი 225-ე, რომელმაც მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა...

ამ ორ გოლს შორის მთელი ცხოვრებაა, რომლითაც "რომას" უკვე ლეგენდად ქცეული კაპიტანი ამაყობს და ამის საფუძველი ნამდვილად აქვს. "რომა"-"ჯენოას" შეხვედრის მე-16 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც დანიელე დე როსიმ თერთმეტმეტრიანი აიკიდა, ბურთთან კი ტოტი მივიდა და გენუელთა კიპერს აუღებელი დაურტყა.

"სტადიო ოლიმპიკოს" ტაბლოზე უმალ გაჩნდა წარწერა: "ნორდალი-ტოტი 225, მადლობა კაპიტანო"...

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რაზეა საუბარი, გეტყვით, რომ ფრანჩესკო
ტოტი სერია A-ში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ შვედ ფორვარდს, გუნარ ნორდალს გაუთანაბრდა და მასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შედეგი მართლაც ფენომენალურია, "იმპერატორის" წინ კი მხოლოდ სილვიო პიოლაა 274 გოლით.

სეი ფორტე, პაპა!
"რომა"-"ჯენოას" დასრულებისთანავე მინდორზე ფრანჩესკო ტოტის შვილები, შანელი და კრისტიანი შეცვივდნენ, რომლებსაც სპეციალურად დამზადებული მაისურები ეცვათ წარწერით: Sei forte, papa (საუკეთესო ხარ, მამა)... ფრანჩესკოსთვის ეს მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რაზეც თავად საუბრობს:

"მეგონა, რომ შვილები სახლში იყვნენ და იქიდან მქომაგობდნენ, რადგან სტადიონზე იშვიათად დადიან. როდესაც მინდორზე დავინახე, მივხვდი, რომ განუმეორებელი საღამო გამოვიდა. ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლი ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ გავიტანე და თურმე, ჩემი შვილებიც აქ ყოფილან. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან აბსოლუტურად ყველასგან უდიდესი სითბო ვიგრძენი. 225 გოლი იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ მიყვარს "რომა" და ამ გუნდის თითოეული გულშემატკივარი".

ახდენილი ოცნება
ტოტის გოლით "რომა" დაწინაურდა "ჯენოასთან", თუმცა გენუელებმა გაათანაბრეს ანგარიში და იყო საფრთხე, რომ კაპიტნის 225-ე გოლი წარუმატებელ შედეგს გაეუფერულებინა. 58-ე წუთზე ტოტიმ კუთხური ჩააწოდა, 18 წლის ალესიო რომანიოლიმ კი თავური დაჰკრა ბურთს და ბადეში გაახვია.

თინეიჯერი ფრანჩესკოსკენ გაემართა და გოლი მასთან ერთად იზეიმა.

რომაელთა მესამე გოლი სიმონე პეროტას ანგარიშზეა და ამ შემთხვევაშიც, ასისტენტის როლი "იმპერატორმა" ითავა. საგულისხმოა ერთი ნიუანსი - ალესიო რომანიოლი 1995 წლის 12 იანვარს დაიბადა, ოთხი დღის შემდეგ კი ტოტიმ თავისი მეორე გოლი გაიტანა სერია A-ში, როდესაც "ბარი" დაამწუხრა.

დღეს ტოტი და რომანიოლი თანაგუნდელები არიან და რა გასაკვირია, რომ ალესიოსთვის ეს ახდენილი ოცნებაა.

პირველი ერთ გუნდში გატანილი გოლებით
"რომა"-"ჯენოას" პაექრობისას "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე ერთი დიდი ბანერი იყო გაფენილი წარწერით: "შემდეგი გაჩერება სილვიო პიოლა"... სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირს 274 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან გასათანაბრებლად "იმპერატორს" 49 გოლი აკლია.

36 წლის ფეხბურთელისთვის ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ ტოტის რომ ურთულესი მიზნების მიღწევა შეუძლია, ეს უკვე ნამდვილად ვიცით.

ცნობისთვის, სილვიო პიოლამ თავისი გოლები სამი გუნდის შემადგენლობაში გაიტანა, გუნარ ნორდალმა კი 225 გოლი "რომასა" და "მილანში" ასპარეზობით დააგროვა. ანუ, ერთ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით, ტოტი პირველია.

განუმეორებელი ფრანკო სენსი
რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეიძლებოდა, ტოტის საერთოდ არ ეთამაშა "რომაში" და შესაბამისად, არც ეს ყველაფერი ყოფილიყო. კარიერის სტარტზე ის თითქმის გადასული იყო "სამპდორიაში", როდესაც მწვრთნელის წინააღმდეგ და ფეხბურთელის დასაცავად თვით კლუბის პრეზიდენტი ფრანკო სენსი წავიდა... მოვუსმინოთ ტოტის:

"1996 წელს "რომა" კარლოს ბიანკიმ ჩაიბარა, რომელიც რატომღაც ცუდად იყო განწყობილი რომაელების მიმართ, განსაკუთრებით კი, მე ვერ მიტანდა. მალევე გადაწყვიტა, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა და კლუბის მესვეურებმა "სამპდორიასთან" შეთანხმებას მიაღწიეს.

ფიქრებით უკვე გენუაში ვიყავი, სადაც რობერტო მანჩინი უნდა შემეცვალა. "რომაში", ფაქტობრივად, ბოლო დღეებს ვატარებდი, როდესაც მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" ამხანაგური მატჩი ვითამაშე და გოლი შევაგდე. ამას "აიაქსთან" სპარინგი და კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. ბიანკის ჩემი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ საქმეში პრეზიდენტი ფრანკო სენსი ჩაერია - მან დირექტორთა საბჭოზე განაცხადა, რომ იარი ლიტმანენის ტრანსფერის საკითხი უნდა მოხსნილიყო დღის წესრიგიდან, რადგან გუნდში ახალი ვარსკვლავი, ფრანჩესკო ტოტი გამოჩნდა. ამიტომ ფრანკო სენსის ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია და ასე იქნება ყოველთვის. ის განუმეორებელი იყო".

სტადიო ფრანჩესკო ტოტი
"რომა"-"ჯენოას" მატჩის შემდეგ ფრანჩესკო ტოტის უამრავმა ადამიანმა მიულოცა, ყველაზე საინტერესო ფრაზა კი მისმა ექს-მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა თქვა: "ჩემი აზრით, ფრანჩესკო ტოტი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშია ფრანჩესკო ტოტისთან და ფრანჩესკო ტოტისთან ერთად".

2013 წლის 3 მარტს, "იმპერატორისთვის" ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს, კიდევ ერთი ამბავი გახმაურდა - დიდი ალბათობით, "რომას" ახალი სტადიონი ფრანჩესკო ტოტის სახელობის იქნება. დიახ, არენა, რომელიც 2016 წლის აგვისტოში უნდა გაიხსნას, უკვე ლეგენდად ქცეული ფეხბურთელის სახელს ატარებს. იქნებ სწორედ ამ სტადიონზე იყოს ტოტის შემდეგი გაჩერება: სილვიო პიოლა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოტი ნომერი 10 და ნომერ პირველი
mamuka
14:59 08-03-2013
0

სიახლეები პოპულარული