სერია A. XXVIII ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები: სკუდეტო "იუვესია"

AutoSharing Option
ტური ორი მეტად საინტერესო მატჩით დასრულდა და რადგან ორივე კვირას, გვიან ღამით გაიმართა, მიმოხილვაში მათზე არაფერი გვითქვამს.

"ფიორენტინას" რომში გამარჯვება დიდ სენსაციად ნამდვილად ვერ ჩაითვლება და არც ამ "ინტერის" საშინაო მარცხია საოცრებათა კატეგორიიდან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სტუმართა გამარჯვებები მაინც ნაკლებად სავარაუდო იყო.

ევროპალიგაზე "ტოტენჰემთან" განადგურების შემდეგ "ინტერს" სარეაბილიტაციოდ ჰქონდა საქმე, მაგრამ მილანელებს არაფერი გამოუვიდათ. თანაც, ეს არ ყოფილა ის შემთხვევა, როდესაც სტუმარი გუნდი მთელი შემადგენლობით დაცვაში დგას და კონტრშეტევაზე ხეირობს. "ბოლონიამ", პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და უფრო დიდი
ანგარიშითაც მართებდა მოგება.

ჯერ კიდევ პირველ ტაიმში სტუმრებს 3-4-ჯერ მაინც შეეძლოთ გატანა, მაგრამ მიზანს მხოლოდ მეორე ნახევარში უწიეს და ისიც ერთხელ. გოლი ალბერტო ჯილარდინომ შეაგდო, რომელმაც რამდენიმესვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა.

"ინტერმა" უსახურად ითამაშა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ გუნდს მძიმე დროება უდგას. რაც მთავარია, კრიზისის დაძლევის გზებიც არ ჩანს და თითქოს ანდრეა სტრამაჩონისაც გაექცა სადავეები ხელიდან.

"ფიორენტინამ" კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე და რაც მთავარია, გასვლაზე... დიახ, ფლორენციელებს სტუმრად უჭირდათ თამაში და რომაულ მოგებას ვინჩენცო მონტელამ განსაკუთრებული ფასი დაადო. ტოსკანელთა მწვრთნელმა შეგირდები ქებით ცაში აიყვანა და დასძინა, რომ ასეთ "ვიოლას" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ნამდვილად შეუძლია.

გოლები ბალკანელებმა გაიტანეს: სტევან იოვეტიჩმა საშუალოზე შორი დისტანციიდან უზუსტესად დაარტყა, ადემ ლიაიჩმა კი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და "ლაციოს" საქმე მოუმთავრა. ბრავო "ვიოლა", მონტელას ხელში ფლორენციული გუნდი აშკარად პროგრესირებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ მალე ვინჩენცოს განკარგულებაში ჯუზეპე როსიც იქნება.

სკუდეტო
ნაადრევი დასკვნების გამოტანა არაა კარგი ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ XXVIII ტურის შემდეგ საფეხბურთო იტალია ერთხმად შეთანხმდა: სკუდეტოს "იუვენტუსი" მოიგებს!

ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, რადგან ტურინული გრანდი უახლოეს მდევარს მთელი ცხრა ქულით უსწრებს და თანაც, ვალტერ მაცარის "ნაპოლის" ჩავარდნა აქვს და რბილად რომ ვთქვათ, ვერაა საჩემპიონოდ შემართული. სამხრეთელები სტაბილურად კარგავენ ქულებს, განსაკუთრებით კი გასვლით შეხვედრებში და მათ გარდასახვასაც ბევრი არაფერი მოასწავებს.

ეგ კი არა, აპენინებზე უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ "ნაპოლის" არა მარტო "მილანი" ჩამოაჩოჩებს მესამე ადგილზე, შეიძლება სამხრეთელები სულაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დატოვონ. პრინციპში, თუ მაცარიმ და კომპანიამ ასე გააგრძელეს, ეს გარდაუვალი იქნება.

ჩემპიონთა ლიგაზე ქვემოთ ვიტყვით, იქამდე კი "იუვენტუსის" თავკაცს, ანტონიო კონტეს მოვუსმინოთ:

"ურთულესი ბრძოლა გადავიტანეთ, რადგან მეტოქე კარგად იცავდა თავს და კონტრშეტევებზე პრობლემებს გვიქმნიდა. მოგება გვჭირდებოდა და საბედნიეროდ, სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ.

სეზონი ფავორიტის სტატუსით დავიწყეთ, რაც ორმაგი ტვირთია - ვამაყობ შეგირდებით, რომლებსაც მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს შექმნიათ. არადა, ისინი ჩემპიონები არიან და ამის საფრთხე ყოველთვის არსებობს".

"კატანიას" ერთადერთი და გამარჯვების გოლი ემანუელე ჯაკერინიმ გაუტანა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სეზონის გმირი გახდა:

"საოცარი მატჩი იყო, რომელიც დიდხანს მემახსოვრება. მეტოქე ბოლო წუთზე გავტეხეთ და საბედნიეროდ, შედეგიანად მე დავარტყი. იმედია, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდება და სკუდეტოს ჩვენ მოვიგებთ. ბევრი თვლის, რომ "კატანიას" დამარცხებით "იუვემ" სკუდეტო მოიპოვა, რაც სიამაყით მავსებს"
.

ჩემპიონთა ლიგა
სულ ახლო წარსულში, "იუვენტუსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას "ნაპოლის" უწინასწარმეტყველებდნენ, დღეს კი ანალოგიური პროგნოზები "მილანთან" მიმართებაში კეთდება. ლომბარდიული გრანდი "კუდზე დააჯდა" მაცარის გუნდს და თუ ბოლო ტენდენციებით ვიმსჯელებთ, მალე გადაასწრებს კიდეც.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ნეაპოლელებს ბევრი კიდევ უფრო დაქვეითებას უწინასწარმეტყველებს და სამეულში "ფიორენტინას" ან "ლაციოს" შეძვრომას ვარაუდობს. უფრო ნაკლებად ფასობს "ინტერის" შანსები, რომლის ჩავარდნა ბევრად უფრო ღრმა ჩანს, ვიდრე თუნდაც "ნაპოლის".

"ბოლონიასთან" მატჩის შემდეგ ანდრეა სტრამაჩონის დანა პირს არ უხსნიდა, სხვა მწვრთნელებმა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის შესახებ მოკლე კომენტარები გააკეთეს...

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურია და თუ საკვალიფიკაციო ეტაპს ავცდებით, ძალიან კარგი იქნება. ამისთვის მეორე ადგილზე გადასვლაა საჭირო, რაც ნამდვილად ხელგვეწიფება. ბევრმა უკვე მოგვილოცა ლიგის საგზური, რაც არასწორია - მოდუნება დამღუპველი იქნება და ეს ჩემს შეირდებს კარგად ესმით".

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "ასეთ "ვიოლას" ნამდვილად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. "ლაციოს" მისსავე მოედანზე დამარცხება ადვილი არაა, ჩვენ კი ეს შევძელით. სტაბილურობა გვჭირდება და თუ ამ მხრივ ყველაფერი დალაგდა, სამეულში აუცილებლად შევაბიჯებთ".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "ტროფეი თუ ჩემპიონთა ლიგის საგზური? - ტროფეები მაინც გეთქვათ, ჩვენ ხომ იტალიის თასის ფინალში ვართ გასული და ევროპის ლიგაზეც ვაგრძელებთ ასპარეზობას... ასეთი არჩევანი ჩემთვის მიუღებელია, რადგან გუნდმა ყველა ფონტზე თანაბარი წარმატებით უნდა ითამაშოს. თუმცა, ვაღიარებ, რომ ხშირად ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ტროფეები და ჩემპიონთა ლიგის საგზური - ეს სეზონის ფანტასტიკური დასასრული იქნებოდა".


* * *
"ჯენოას" ფეხბურთელები "მილანთან" პაექრობისას უხეშობით გამოირჩნენ და შედეგად, ლომბარდიულ გრანდს ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე დაუშავეს. ჯამპაოლო პაცინის "ბარსელონასთან" თამაში გამორიცხულია, ფილიპ მექსეს ასპარეზობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გენუელებმა მარიო ბალოტელისაც კარგად ურტყეს ფეხებში, ერთ ეპიზოდში კი ჩეზარე ბოვომ კევინ კონსტანტს ისე უთავაზა, რომ ეს წყნარი კაცი წყობიდან გამოიყვანა - კევინი მეტოქეს გაექაჩა და წითელი ბარათიც მიიღო. იტალიაში ხუმრობენ, რომ "ჯენოას" ფეხბურთელები უხეშობაზე "ბარსელონას" მესვეურებმა დაგეშეს და ხუმრობით იმასაც ამბობენ, რომ პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა დანელე პორტანოვამ და ჩეზარე ბოვომ მიიღეს...

* * *
ჰეთ-თრიკი სერია A-ში იშვიათი ამბავია, გასულ უქმეებზე კი სამი გოლი ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. სარდინიელმა ვიქტორ იბარბომ "სამპდორია" დაცხრილა, პარმეზანელმა კარვალიო ამაურიმ კი - "ტორინო". აღსანიშნავია, რომ ორივესთვის ეს პირველი ჰეთ-თრიკი იყო იტალიის ჩემპიონატში.

"პარმა"-"ტორინოს" შემდეგ კარვალიო ამაური ემილიურ გუნდს სიყვარულში გამოუტყდა და შემდეგი განაცხადა: "მე შემეძლო "ჰოფენჰაიმში" გადასვლა, მაგრამ "პარმა" სიგიჟემდე მიყვარს და დღეს იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო".

* * *
გასულ უქმეებზე გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდები: "პალერმო" და "სიენა" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სიცილიელთა ძველ-ახალმა თავკაცმა ჯამპიერო გასპერინიმ მატჩის წინ განაცხადა, რომ დამარცხებული გუნდი დაკარგავდა ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსს.

ტოსკანელებმა სტუმრად სძლიეს სიცილიელებს და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა გასპერინის მისივე ფრაზა შეახსენეს. აქვე ჯამპიეროს პასუხი: "მე რატომ მეკითხებით? - ხვალ გუნდის მწვრთნელი ალბათ ალბერტო მალეზანი იქნება და იმან იმტვრიოს თავი".

ეს პასუხი, წესით, კლუბის პრეზიდენტს, მაურიციო ძამპარინის არ უნდა მოსწონებოდა, თუმცა ფაქტია, რომ გასპერინი ჯერ კიდევ თავის ადგილზეა. თუმცა, პრესის ვარაუდით, ჯამპიეროს მალე მოუწევს პოსტის დატოვება და მას არა მალეზანი, არამედ ჯუზეპე სანინიო შეცვლის, რომელიც სეზონის სტარტზე ედგა "პალერმოს" სათავეში.

* * *
ჯამპაოლო პაცინიმ მხოლოდ 25 წუთი ითამაშა "ჯენოასთან" და ამ მოკლე დროში გუნდს უდიდესი სარგებელი მოუტანა. მის მიერ გატანილი ბურთი აპენინებზე დღემდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რადგან გატანისას პაცო უკვე შესაცვლელად იყო გამზადებული... დაშავებული ჯამპაოლო კოჭლობით დადიოდა მოედანზე, როდესაც ჯერ ფლანგზე გააკეთა ჩინებული პასი, შემდეგ კი ბურთს საჭირო ადგილზე დაუხვდა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

პაცინი რომ არ სიმულანტობდა, მისი შეცვლითაც დადასტურდა და იმითაც, რომ "ბარსელონასთან" თამაშის გამოტოვება მოუწევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ 25 წუთში შეცვლილი ფორვარდი თითქმის ყველა იტალიური სპორტული გამოცემის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ციფრები და ფაქტები
* ხავიერ ძანეტიმ მე-600 მატჩი ჩაატარა "ინტერის" მაისურით სერია A-ში. მისი დებიუტი 1995 წლის 27 აგვისტოს შედგა.
* "ბოლონიასთან" "ინტერმა" 16-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია შეწყვიტა.
* ალბერტო ჯილარდინოს 5 გუნდის მაისურით 7-ჯერ დაულაშქრავს "ინტერის" კარი. გასულ უქმეებზე მან 157 გოლი გაიტანა სერია A-ში და ამ მაჩვენებლით ფილიპო ინძაგის, რობერტო მანჩინის და ჯანლუიჯი რივას გადაასწრო.
* "ფიორენტინამ" "ლაციოს" გასვლითი მატჩი პირველად მოუგო 2007 წლის შემდეგ.
* "ფიორენტინამ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო 2013 წელს.
* "ნაპოლიმ" მიჯრით მესამე გასვლითი მატჩი წააგო "კიევოსთან" ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
* "კიევომ" ბოლო 11 ტურში პირველად გაიტანა მატჩში 1 გოლზე მეტი.
* "ნაპოლის" თავდამსხმელ ედინსონ კავანის 8 ტურია, გოლი არ გაუტანია.
* "იუვენტუსს" სერია A-ში 1 400 მატჩი აქვს მოგებული.
* "მილანს" მიჯრით 4 მატჩი აქვს "ჯენოასთვის" მოგებული ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
* პირველად მიმდინარე ჩემპიონატში, "მილანმა" ზედიზედ ორჯერ შეინახა კარი მშრალად.
* "უდინეზემ" და "რომამ" პირველად დაასრულეს ურთიერთშეხვედრა ფრედ 2005 წლის შემდეგ.
* "ტორინოს" ძლევით "პარმამ" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
* "პალერმოს" 14 ტურია, არ მოუგია.

P.S. ეს უკვე მართლა შაყირია - 11 მარტს, გვიან ღამით, ჯამპიერო გასპერინი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელობიდან მოხსნეს. ის მხოლოდ 2 ტურის განმავლობაში იყო გუნდის მესაჭე დაბრუნების შემდეგ.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
სერია A. XXVIII ტური: ტურინელთა დიდი ნახტომი სკუდეტოსკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული