შტრიხი ისტორიიდან: "ტიკი ტაკა" თუ კარლო მაცონეს ფეხბურთი?

AutoSharing Option
კარლო მაცონე იტალიელ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებულია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბევრი არაფერი მოუგია.

1993-96 წლებში "რომას" ედგა სათავეში, მაგრამ ის მაინც "ბრეშას" მთავარ მწვრთნელად დაგვამახსოვრდა.

მაცონეს ერთი უნიკალური თვისება ჰქონდა: ფეხბურთელებთან, პრაქტიკულად, არასდროს ცდებოდა და ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. მან "ბრეშაში" ათამაშა რობერტო ბაჯო, ხოსეპ გვარდიოლა, ლუკა ტონი, ანდრეა პირლო, ლუიჯი დი ბიაჯო და კიდევ არაერთი ვარსკვლავი...

მაცონეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ხოსეპ გვარდიოლასთან - ადამიანთან, რომლის "ბარსელონაც" თანამედროვე ფეხბურთში მოდის კანონმდებელია...

რამეს მოვიფიქრებთ...
2001
წლის ზაფხულში კარლო მაცონემ აიჩემა, რომ "ბრეშაში" "მილანის" ნახევარმცველი ფედერიკო ჯუნტი უნდა გადაეყვანა. ერთი ხანობა ჯუნტი უარზე იდგა, თუმცა მაცონემ თავისი გაიტანა, ფედერიკოს "ოქროს ზოდებს" შეპირდა და თავისთან წაიყვანა.

ჯუნტის ტრანსფერიდან სამ დღეში მწვრთნელის კაბინეტში "ბრეშას" პრეზიდენტი ლუიჯი კორიონი შევიდა და თუ რა მოხდა, ამაზე თავად მაცონე გვეტყვის:

"კორიონი შემოვიდა და მკითხა, რას ვიტყოდი პეპ გვარდიოლაზე... ვუპასუხე, რომ ესპანელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. პრეზიდენტს გაეხარდა და მითხრა, რომ მალე გვარდიოლა ჩემს განკარგულებაში იქნებოდა.

გავოგნდი, რადგან იქამდე პეპთან მოლაპარაკების შესახებ არაფერი მსმენოდა. ცოტა ხანი გაოგნებული ვიყავი, შემდეგ კი აღმომხდა: ჯუნტის რა ვუყო? - ამაზე კორიონიმ გულიანად იცინა და მიპასუხა: რამეს მოვიფიქრებთ...

ჯუნტი სწორედ გვარდიოლას პოზიციაზე თამაშობდა და მალევე მივხვდი, რომ მათი მოედანზე ერთად ყოფნა არ გამოდიოდა. არადა, ფედერიკოს სასტარტოში თამაშს შევპირდი, რის გამოც მან "მილანზე" თქვა უარი.

სხვა მწვრთნელისთვის შეიძლება ეს არაფერია, მაგრამ მე ვინერვიულე და ჯუნტისთან პირისპირ საუბარი გადავწყვიტე.

ფედერიკომ დამამშვიდა და იგივე მითხრა, რაც კორიონიმ: რამეს მოვიფიქრებთ...


ეს რამე მე უნდა მომეფიქრებინა და ჯუნტი ფლანგზე გადავიყვანე, რამაც არ გაამართლა. ფედერიკო შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ავლენდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვსვამდი სათადარიგოთა სკამზე - ამით გუნდმა იზარალა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო - ალბათ, სწორედ ასეთი პრინციპების გამო ვერ მივაღწიე განსაკუთრებულ წარმატებებს".

გვარდიოლა ფოკუსში
თანამედროვე ფეხბურთში უდავოდ "ბარსელონას" ეპოქა დგას და ცოტას თუ ახსოვს, რომ ამ ყველაფერში მხცოვან მაცონესაც თავისი წვლილი მიუძღვის.

აი, რას ამბობს კარლო პეპ გვარდიოლაზე:

"გვარდიოლამ პირველივე შეხვედრაზე გამაკვირვა, რადგან მეგა-ვარსკვლავის ნაცვლად, საწვრთნელ ბაზაზე ერთი მოკრძალებული ადამიანი შემოვიდა. ამასთან, ის არ იყო ტიპური ესპანელი თავისი ტემპერამენტით და ძირითადად, ჩუმად ვარჯიშობდა.

ყველაზე წყნარი ფეხბურთელების ათეული რომ შევადგინო, პირველ ადგილზე აუცილებლად ანდრეა პირლოს გავიყვანდი, შემდეგ კი პეპ გვარდიოლას.

ესპანელს ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ გასახდელში და ვარჯიშებზე მხოლოდ საქმეზე იყო კონცენტრირებული. ამ მხრივ, რობი ბაჯო უფრო აქტიური გახლდათ, ხშირად ხუმრობდა და რჩევებსაც უხვად არიგებდა".

სულ მალე პეპს დოპინგთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა რომში დაიბარა. დანარჩენზე თავად კარლო მოგვითხრობს:

"პეპი აცრემლებული თვალებით მიყვებოდა, რომ სუფთა იყო და არავითარი დოპინგი არ მიუღია. მასში ისე ვიყავი დარწმუნებული, როგორც საკუთარ თავში და რომში გამგზავრება გადავწყვიტე.

გვარდიოლას გვერდში დგომა სჭირდებოდა, თანაც უცხო ქვეყანაში. მე კი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან ჯანი პეტრუჩინსთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა.

პრეზიდენტ კორიონის გავეთავისუფლე და გვარდიოლას ვუთხარი, რომ რომში მივყვებოდი - მისი განცვიფრებული სახე დღემდე მახსოვს: მისტერ, თქვენ მართლა წამოხვალთ? - და გადამეხვია. რომში ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი. საბოლოოდ კი გვარდიოლა გაამართლეს.

ამაში დიდი წვლილი "გაძეტა დელო სპორტის" მთავარმა რედაქტორმა კანდიდო კანავომაც შეიტანა - საოცარი სიტყვა თქვა, რომელიც დღემდე მახსოვს და აქვე გავიხსენებ: პეპმა მრავალმილიონიან კონტრაქტებზე თქვა უარი და იტალიაში წამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ რობერტო ბაჯოს გვერდით ეთამაშა. თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანს დოპინგის მიღება შეეძლო"?!


მოკლე პასებით ხომ არ გვეთამაშა?
როდესაც პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, პირველი ის განაცხადა, რომ მას "მაცონეს ფეხბურთი" აღაფრთოვანებს.

იმ პერიოდში სენიორ კარლოს ტელეფონი არ ჩერდებოდა, განსაკუთრებით კი ესპანელი ჟურნალისტები აქტიურობდნენ:

"მახსოვს, "მარკას" ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა: "როგორია მაცონეს ფეხბურთი"? - წარმოდგენა არ მქონდა და რაღაც სისულელე ვუპასუხე. მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეს ვცდილობდი: ფეხბურთელებისთვის ხელი არ შემეშალა.

შესაძლოა, ბევრს ვერაფერს მივაღწიე, მაგრამ მოთამაშეების პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი.

იმ დღიდან "ბარსას" თავგადაკლული ფანი გავხდი, ოჯახის წევრებს კი ხშირ-ხშირად ვუმეორებდი: "უყურეთ "ბარსელონას", ანუ "მაცონეს ფეხბურთს". რეალურად, ეს სწორედ გვარდიოლას ფეხბურთი იყო და არა მაცონესი, რადგან ჩემი "ბრეშა" სულ სხვა სტილში თამაშობდა.

ერთხელ გვარდიოლა ვარჯიშზე მოვიდა და მკითხა: "ხომ არ გვეთამაშა მოკლე პასებით"? - ჩემი პასუხი იყო: "რაა"? - პეპი შებრუნდა და ვარჯიში განაგრძო. ეს კითხვა წლების შემდეგ ამომიტივტივდა. ნეტა დამეჯერებინა..."


პეპი და რობი
კარლო მაცონე ერთ ეპიზოდს იხსენებს:

"გვარდიოლა "ბრეშაში" დიდწილად იმიტომ ჩამოვიდა, რომ კიდევ ერთ დიდ ფეხბურთელთან, რობერტო ბაჯოსთან ერთად ეთამაშა.

არ ვიცი, რით დავიმსახურე, რომ ცხოვრებამ ასეთ ადამიანებს გადამყარა და ასეთი ფეხბურთელების გაწვრთნის საშუალება მომცა.

ერთი საოცარი ეპიზოდი მახსენდება: ბაჯო მძიმე ტრავმის შემდეგ ბრუნდებოდა და მოედანზე შესასვლელად გამზადებული სარბენ ბილიკზე იდგა. ამ დროს მასთან მინდორზე მყოფმა გვარდიოლამ მიირბინა, კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და რობის გადააბარა.

ასეთი რამ მხოლოდ დიდ ადამიანს შეუძლია და ასეთია გვარდიოლა".


მისტერ, ეს მე ვარ, პეპი...
2009 წლის მაისი იყო, როდესაც "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში საასპარეზოდ ემზადებოდნენ. რომში დაგეგმილ წლის მთავარ მატჩამდე 3 დღე იყო დარჩენილი, როდესაც მაცონეს სახლის ტელეფონზე ზარი გაისმა - მაცონე დიალოგს დეტალებში იხსენებს:

- გისმენთ.
- მისტერ, ეს მე ვარ, პეპი.
- ვინ პეპი, ხუმრობთ?
- პეპ გვარდიოლა.
- მაშინ მე ჯუზეპე გარიბალდი ვარ, რა სისულელეა!
- მისტერ, ეს ხუმრობა არაა, მე მართლა პეპ გვარდიოლა ვარ.
- პეპ, თუ ეს სიმართლეა, მაშინ შენ გაგიჟებულხარ, რადგან ფინალზე უნდა ფიქრობდე და არა გამოთაყვანებულ მოხუცთან ლაპარაკზე.
- მისტერ, როგორ ლაპარაკობთ? თქვენ დიდი ადამიანი ხართ და მინდა, რომ სტადიონზე იყოთ. თუ მოხვალთ, ფინალს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ.
- კი, მაგრამ ყველა ბილეთი გაყიდულია და მოდი, მე ტელევიზორიდან გიქომაგებ.
- ამაზე უკვე ვიზრუნე. ზეგ ედუ მოგაკითხავთ, რომში წამოგიყვანთ, თამაშის ბილეთები კი სასტუმროს ნომერში დაგიტოვეთ.
- შენ ყველაზე საშინელი მწვრთნელი ხარ, პეპ! რეებზე კარგავ დროს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში?
- მისტერ, მინდა, რომ აქ იყოთ, ეს მე მჭირდება.

ედუ "ბრეშას" სამწვრთნელო პერსონალის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, რომელსაც პეპთან ახლომეგობრული ურთიერთობა აქვს. მაცონე მასაც ეჩხუბა, როდესაც ასკოლიში ჩააკითხა - უყვიროდა, რომ გვარდიოლასთვის ამის უფლება არ უნდა მიეცა.

მისტერ კარლო სულ ჯუჯღუნით ჩაიყვანეს რომში, სადაც "ბარსელონამ" "სტადიო ოლიმპიკოზე" ფინალი მოიგო და ბოლოს, ისევ მაცონეს დავუბრუნოთ სიტყვა:

"ჩვენ მოვიგეთ. დიახ, ჩვენ მოვიგეთ და აღსანიშნავად ჩემი მეგობრის რესტორანში წავედით. ტონინო "რომას" გადარეული ტიფოზი იყო, იმ დღეს კი ჩვენსავით უხაროდა. სამწუხაროდ, ტონინო ცოცხალი აღარაა და რომში ჩასვლაც ისე აღარ მიხარია, როგორც აქამდე.

ის ფინალი არასდროს დამავიწყდება, პეპს კი გამარჯვებიდან ორ დღეში დავურე
კე და პირველად, მისტერის ნაცვლად ასე მომმართა: გისმენთ, პაპა კარლო...

ჩემს ოთახში ყველა იმ გუნდის შარფი მიკიდია, რომელსაც ვწვრთნიდი და მათთან ერთადაა "ბარსელონას" ატრიბუტიკაც.

დიახ, მე არასდროს ვყოფილვარ "ბარსას" მწვრთნელი, მაგრამ ამ გამონაკლისის უფლება მქონდა - ჩვენ ხომ ის ფინალი ერთად მოვიგეთ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტო ბაჯო - ლეგენდა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე
მკითხველის კომენტარები / 14 /
გფჯჰგფჯ
Gvantsa
18:09 14-03-2013
0
აი ეს არის ფეხბურთი!)))
საქართველოსთვის!!!
18:23 14-03-2013
0

სიახლეები პოპულარული