იტალიის ნაკრები დეტალებში

AutoSharing Option
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში საკლუბო ამბები ჩრდილშია მოქცეული და წინა პლანზე, სანაკრებო ბატალიებმა წამოიწია. "სკუადრა აძურამ" ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა, 2:2 და უკვე შესარჩევი პაექრობისთვის ემზადება.

სამშაბათს, ჩეზარე პრანდელის გუნდი მალტას შეეჭიდება და შეეცდება მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში. იტალიელი ჟურნალისტები ჯერ კიდევ ბრაზილიურ მატჩს უტრიალებენ და ჩვენც, გავიხსენოთ ჟენევური პაექრობა. ბუნებრივია, თამაშის პერიპეტიებზე, მომენტებსა თუ გოლებზე აღარ შევჩერდებით, თუმცა ამდენ ახსნა-განმარტებებს, ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და "აძურა" რგოლების მიხედვით გავშიფროთ...

დაცვა
ჩეზარე პრანდელიმ 4-3-1-2 სქემა აირჩია, დაცვის ხაზი კი
ძირითადად იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომლებიც გუნდებში 3-მცველიან სქემას არიან მორგებულნი. ვერ გეტყვით ამის ბრალი იყო, თუ რაიმე სხვისი, მაგრამ ფაქტია, რომ განსაკუთრებით პირველ ტაიმში "აძურას" დაცვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. შეცდომები დაუშვეს ცენტრში გამწესებულმა ანდრეა ბარცალიმ და ლეონარდო ბონუჩიმ, მაგრამ კიდევ უარესი შთაბეჭდილება დატოვეს ფრთის მოთამაშეებმა: კრისტიან მაჯომ და მატია დე შილიომ. ეს უკანასკნელი მხოლოდ 20 წლისაა, მისი გაკრიტიკებისგან იტალიელმა ჟურნალისტებმა თავი შეიკავეს და ალბათ, სწორადაც მოიქცნენ, აი მაჯო კი სერიოზულ წნეხში მოექცა. უკვე მერამდენედ ხდება, რომ ნეაპოლელმა ეროვნულ ნაკრებში სუსტად იასპარეზა და მისი ფლანგი "აძურას" მეტოქემ ერთიანად აიკლო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაჯო 3-5-2 სქემაშია ეფექტური, როდესაც წინ არის აწეული და ცენტრალური მცველების სახით, უშუალო დამზღვევი ჰყავს. "გაძეტა დელო სპორტი" ჩეზარე პრანდელის ღიად მოუწოდებს, რომ თუ გუნდს 4 მცველით ათამაშებს, აქცენტი ცალსახად ინაციო აბატეზე გააკეთოს. მილანელი კლასიკურ მარჯვენა მცველად უფრო ეფექტურია და შესაძლოა, უკვე 3-5-2 ტაქტიკაშიც ბევრით აჯობოს უფრო გამოცდილ კონკურენტს.

დაცვასთან დაკავშირებით, იტალიელ ჟურნალისტთა რეკომენდაცია დაახლოებით ასეთია – მარჯვინე მაჯოს აბატე სჯობია, მარცხნივ დე შილიოსთვის ჯერ ადრეა და საერთოდაც, 3-მცველიანი ტაქტიკა ამ ფორმაციის "აძურასთვის" უფრო გამოსადეგია. ბოლოს ისიც დავძინოთ, რომ კარგად წარმოაჩინა თავი დე შილიოს შემცვლელმა ლუკა ანტონელიმ და წესით, პრანდელი მას მომავალშიც უნდა ენდოს.

ნახევარდაცვა
ერთი დიდი მინუსი ჩეზარე პრანდელის – კლაუდიო მარკიზიოს დაშავებამ "აძურას" თავკაცი იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ ძირითად შემადგენლობაში ემანუელე ჯაკერინი დააყენა. მოთამაშეს, რომელიც "იუვენტუსის" სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და ხშირად, შეცვლაზეც არ ათამაშებენ, იტალიის ეროვნული ნაკრებში ფანტაზისტას როლი არ უნდა ეკისრებოდეს და თანაც, ბრაზილიელბთან შეხვედრაში. დიახ, ჯაკერინიმ ფორვარდთა უკან და ანდრეა პირლოს წინ დაიკავა ადგილი, რამაც რბილად რომ ვთქვათ, არ გაამართლა. ცალკე პირლოს უჭირდა შეტევების წამოწყება და ცალკე ჯაკერინი იყო სრულ გაუგებრობაში. გასაგებია, რომ მარკიზიო უდროო დროს გაცივდა, მაგრამ პრანდელის აუცილებლად უნდა ჰყოლოდა განაცხადში ჯაკერინიზე უკეთესი ალტერნატივა. მართალია, მარკო ვერატი ტრავმის გამო ვერ გამოიძახა, მაგრამ "აძურას" თავკაცს არჩევანი აქაც დიდი ჰქონდა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რგოლში. თუნდაც ალბერტო აკვილანი გავიხსენოთ, რომელიც "ფიორენტინაში" შესანიშნავად ირჯება, ან კრისტიან ლედესმა, "ლაციოს" ხერხემალი. პრანდელის განკარგულებაში ძალიან ახალგაზრდა ანდრეა პოლი გახლდათ და ზედმეტად შემტევი ალესანდრო დიამანტი – ანუ, ჩეზარეს ჯაკერინის იქით გზა არ ჰქონდა... როგორია?

პოლი და დიამანტი მეორე ნახევარში გამოჩნდნენ მინდორზე – პირველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პრანდელი მას ალბათ მომავალშიც დაეყრდნობა, მეორემ კი მხოლოდ ათი წუთი დაჰყო მინდორზე და ბევრი ვერაფერი მოასწრო.

მთლიანობაში, კარგად გაისარჯა რიკარდო მონტოლივო, დანიელე დე როსი კი ბრწყინვალე იყო! უკვე მერამდენედ ხდება, რომ კლუბში პრობლემების მქონე დე როსი "აძურაში" შეუდარებელია, კლუბში შეუცვლელი პირლო კი ნაკრებში საუკეთესო შესაძლებლობებს ვერ ავლენს. იქნებ, ანდრეა "იუვენტუსში" უფრო შემტევია და სწორედ იმიტომ ბრწყინავს, რომ არტურო ვიდალის სახით იდეალური დამზღვევი ჰყავს? - და ეს მაშინ, როდესაც ნაკრებში პირლო კლასიკური საყრდენია და თითქოს უფრო ჩაშლაზეა ორიენტირებული, ვიდრე შეტევაზე...

პრანდელისთვის ჭკუის სწავლება რბილად რომ ვთქვათ უხერხული ამბავია, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები რჩევებს ყოველთვის გამოძებნიან: მეტი თავისუფლება პირლოს, მეტი არჩევანი შუა ხაზში და შესაბამისად, შანსი: აკვილანის, ლედესმას, ფლორენცის, თუნდაც ასაკიან მაურის. რაც მთავარია, ფრანჩესკო ტოტის, ალესანდრო დელ პიეროს და რობერტო ბაჯოს ქვეყანაში, ფანტაზისტა ჯაკერინი არაფრით არ შეიძლება!

თავდასხმა
პაბლო ოსვალდომ კიდევ ერთი უფერული მატჩი ჩაატარა, რაც უფრო პრანდელის დაბრალდა, ვიდრე თავად ფორვარდს. აპენინელი ჟურნალისტები ჯერ კიდევ თამაშამდე აღნიშნავდნენ, რომ პაბლო არაა ფორმაში და რომ ჯობდა, ის თადარიგში დარჩენილიყო. მათი მოლოდინი გამართლდა, ოსვალდომ ერთი ტაიმი ითამაშა და პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. სამაგიეროდ, მარიო ბალოტელიმ გაიბრწყინა,. ძალიან ნაყოფიერად გაისარჯა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. არც შეცვლაზე შესულმა შემტევებმა შეირცხვინეს თავი - სტეფან ელ შაარავი და ალესიო ჩერჩი ფლანგებიდან ბრაზილიელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. "პატარა ფარაონი" რამდენჯერმე დაემუქრა ჟულიო სეზარის კარს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საგოლე კუთხური ჩააწოდა. რაც შეეხება დებიუტანტ ჩერჩის, არაპროგნოზირებადი მანევრებით ბრაზილილთა დაცვაში დისონანსი შეიტანა და მთლიანობაში, კარგად გაისარჯა. 3-5-2 სქემაში პრანდელის ჩერჩი აშკარად გამოადგება – შესაძლოა, პირველივე წუთებიდან უფრო ანტონიო კანდრევაზე ჯობდეს აქცენტის გაკეთება, რომელიც მიკრო ტრავმის გამო განაცხადს მიღმა დარჩა, მაგრამ საჭირო მომენტში რომ ჩერჩის ცეცხლის დანთება შეუძლია, ეს ნათლად გამოჩნდა.

იტალიის ნაკრებს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს და პრანდელიმ რესურსი სწორად უნდა გამოიყენოს – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრაზილიელებთან ტრავმირებულმა ჯამპაოლო პაცინიმ ვერ ითამაშა, ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა კი განაცხადშიც ვერ მოხვდნენ. ანტონიო კასანოს ამბავი გეცოდინებათ, აი სებასტიან ჯოვინკო კი ჟენევაში იყო, მაგრამ ბოლომდე თადარიგში დარჩა. პრანდელი დიდ იმედებს ამყარებს ჯუზეპე როსიზე, რომლის დაბრუნებაც აპრილის ბოლოს იგეგმება.

დასკვნა
პრანდელის შეცდომები ბარე ორ თამაშსაც ეყოფოდა: მცდარი ტაქტიკა, არასწორად შერჩეული ფლანგის მცველები, ზედმეტად ჩამშლელი პირლო და ფანტაზისტა ჯაკერინი, ფორმიდან ამოვარდნილი ოსვალდო და კიდევ რომელი ერთი, მაგრამ ბრაზილიისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შესვენებაზე თვითონ პრანდელიმ აღმოფხვრა ხარვეზები, თვითონვე გამოსწორა შეცდომები და იტალიამ ანგარიში სამი წუთის ინტერვალში გაქვითა...

და თუ "სკუადრა აძურას" ასე მოქნილად შეუძლია ურთულესი ვითარებიდან გამოსვლა, თუ ამ გუნდის დასამარცხებლად თვით ბრაზილიას არ ჰყოფნის ჩამოთვლილი შეცდომები, მაშინ პრანდელის სამწყსოსს უდიდესი პოტენციალი ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: ბრაზილიასთან ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული