აურელიო დე ლაურენტისი: როგორ ვუშველოთ იტალიურ ფეხბურთს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იდეების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სულაც ფრთები გაშალა და სურს, რომ კალჩოში რევოლუციური ცვლილებების სულისჩამდგმელი გახდეს. სენიორ აურელიომ თავისი მოსაზრებები ჟურნალისტებს გაუზიარა.

1. უნდა შევწყვიტოთ უცხოელებზე ნადირობა

აურელიო დე ლაურენტისის აზრით, იტალიური საკლუბო ფეხბურთის პრობლემებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც გუნდების მფლობელები უცხოელ ფეხბურთელებში მილიონებს იხდიდნენ:

"ამ ყველაფერმა დროის მოკლე მონაკვეთში წარმატება მოგვიტანა, მაგრამ მთლიანობაში, უფრო სერიოზულ პრობლემებს დაუდო სათავე. სწორედ იმ გაუაზრებელი ხარჯვის შედეგი გახლდათ არაერთი კლუბის გაბანკროტება და დღეს
არსებული პრობლემებიც. გამოსავალი? – უნდა შევეშვათ უცხოელებზე ნადირობას და აქცენტი ადგილობრივი მოთამაშეების აღზრდაზე გადავიტანოთ. თანხების დიდი ნაწილი სკოლების და აკადემიების განვითარებაში უნდა ჩაიდოს, რაც მალევე გამოიღებს შედეგს".


2. ახალგაზრდული კლუბები პროფესიულ ლიგაში დავუშვათ
დე ლაურენტისმა ერთი კონკრეტული იდეაც წამოაყენა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ თვით არიგო საკიმ გააჟღერა:

"ახალგაზრდულ გუნდებს მეტი გასაქანი უნდა ჰქონდეთ და ამისთვის მათი უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობაა საჭირო. სერია A-ს წარმომადგენელთა ახალგაზრდული გუნდები პრო-ლიგის (სერია C) გათამაშებაში უნდა ჩავრთოთ, სადაც მათ ბევრად უფრო ძლიერ გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება. ახალგაზრდები ერთმანეთთან ჭიდილში ვერ იზრდებიან და შესაბამისად, მთავარ გუნდში მოუმზადებელნი ხვდებიან. თუ ამ ნოვაციას დავნერგავთ, ქვეყნის წამყვანი კლუბები ნიჭიერ ფეხბურთელთა უწყვეტ წყაროს მივიღებთ. ამ ინიციატივას "ლეგა კალჩოს" უახლოეს სხდომაზე წამოვაყენებ".

3. სერია A 16 გუნდამდე შევამციროთ
"ლეგა კალჩოს" ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე სერია A-ში გუნდების შემცირების იდეამ გაიჟღერა, რაც, როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისს ძალიან მოეწონა:

"სერია A-ში 20 გუნდი ასპარეზობს, რის აუცილებლობასაც ნამდვილად ვერ ვხედავ. მუდმივად გადატვირთულ კალენდარზე ვწუწუნებთ და შეგვიძლია, რომ ეს პრობლემა მარტივად მოვაგვაროთ. ჩემი აზრით, გუნდების რაოდენობა არათუ 18-მდე, 16-მდე უნდა შემცირდეს. ვფიქრობ, ბუნდესლიგის ბოლოდროინდელი პროგრესი იმანაც განაპირობა, რომ გერმანელებმა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა არ გაზარდეს. ეროვნულ ჩემპიონატში შემსუბუქებული კალენდარი იტალიურ კლუბებს ევროარენაზე შეეშველებათ. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ბოლო პერიოდში სერია A-მ ვარდნა განიცადა. სიახლეებს ხშირად სიფრთხილით ეკიდებიან, ამ შემთხვევაში კი სითამამე გვმართებს. თუ 20-დან 16 გუნდამდე შემცირებას 9 წელი მოვუნდებით, ამ ყველაფერს ფასი დაეკარგება - თუ ჩემს მოსაზრებას უმეტესობა დაეთანხმება, გადაწყვეტილება მყისიერად უნდა მივიღოთ, თუნდაც ზაფხულამდე".

4. ავაშენოთ ახალი სტადიონები
სტადიონების თემა იტალიური ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, რაც დე ლაურენტისის სიტყვებმაც დაადასტურა:

"ახალი სტადიონების გარეშე არაფერი გამოვა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ნეაპოლში, ისევე, როგორც სხვა ბევრ ქალაქში, ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია, რაც პირდაპირ აისახება კალჩოს განვითარებაზე. ყველაზე მეტად ჩვენს ულტრასებს ვაფასებ, რომლებიც "სან პაოლოს" კარების უკან სხედან და თამაშს ყველაზე ცუდად ხედავენ, რაც აშკარად გამოსასწორებელია. ან ახალი სტადიონები უნდა აშენდეს, ან არსებული გადავაკეთოთ, რათა სუფთა საფეხბურთო არენები მივიღოთ. სტადიონზე ოჯახური ატმოსფერო უნდა სუფევდეს, ისეთი, როგორიც ინგლისშია. ამ საკითხს აუცილებლად დავძრავ და იმედია, სხვებიც ამყვებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნაპოლიში" ვალტერ მაცარის 5 სავარაუდო შემცვლელი
მკითხველის კომენტარები / 1 /
100 % ბაზრობს აურელიო!
ნწ ნწ ნწ
16:27 27-03-2013
0

სიახლეები პოპულარული