2 აპრილს, როდესაც ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგის პაექრობას გამართავს, "ინტერთან" თამაშზე მიბრუნება და შაბათის ამბების დეტალურად გახსენება აშკარად უადგილოა - ამიტომ მხოლოდ მთავარზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას...
კამბიასო კრიტიკის ქარცეცხლში
"იუვენტუსმა" "ინტერს" თამაშით აჯობა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა... და ეს მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ანტონიო კონტეს განცხადებით, მის გუნდს შესაძლებლობები სრულად არ უჩვენებია.
მომენტები მილანელთა კართან მეტი შეიქმნა და მოკლედ,
Video
30.03.13. ინტერი - იუვენტუსი 1:2
30.03.13. ინტერი - იუვენტუსი 1:2
ნამატჩევს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს ესტებან კამბიასოს, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სებასტიან ჯოვინკოს ფეხში გამეტებით ჩაარტყა. მართალია, არგენტინელმა ბოდიში მოიხადა და დასძინა, განზრახ არ მიუხეშიაო, მაგრამ მისი ქმედება სწორედაც რომ წინასწარ გამიზნულს ჰგავდა.
მოკლედ, საფეხბურთო საზოგადოებამ ბოდიში არ მიიღო და კამბიასო დღემდე წნეხის ქვეშაა. არგენტინელი ნახევარმცველი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ის ყველამ გალანძღა, ვისაც არ ეზარებოდა.
გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც დაიცვეს ესტებანი და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. ბუნებრივია, დამცველთა შორის გახლავთ "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი, რომელმაც თანამემამულეს თვით "ფეარ პლეის" განსახიერება უწოდა:
"კამბიასოს განზრახ არ უუხეშია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ესტებანი "ფეარ პლეის" პრინციპებს ყოველთვის იცავდა და არ მესმის, საიდან წამოვიდა ამხელა აგრესია. ჯოვინკოს მართლაც ცუდად მოხვდა, მაგრამ ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. რაც მთავარია, თამაშის შემდეგ კამბიასო "იუვენტუსის" გასახდელში შევიდა და ჯოვინკოს ბოდიში მოუხადა".
"ლაციო" დაბრუნდა
"იუვენტუსმა" 9-ქულიანი ფორა შეინარჩუნა მდევართან და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდევ უფრო მიუახლოვდა სკუდეტოს. გარდა ამისა, გასულ ტურში არაერთი საინტერესო შედეგი დაფიქსირდა და ახალი ტენდენციები გამოიკვეთა...
"ლაციომ" საკუთარ მოედანზე "კატანიას" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 2:1. საგულისხმოა, რომ ეს იყო რომაელთა გამარჯვება 3-მატჩიანი წაგებების სერიის შემდეგ.
მოკლედ, "ბიანკოჩელესტემ" ნავსი გატეხა, რამაც ვლადიმირ პეტკოვიჩი გააბედნიერა. ბალკანელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი აუცილებლად იბრძოლებს სამეულისთვის.
ვთქვათ ისიც, რომ "კატანიასთან" შეხვედრაში "ლაციოს" მიროსლავ კლოზე დაუბრუნდა, რომელმაც მძიმე ტრავმა მოიშუშა.
"პალერმო" ცოცხალია
"არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს", - დაახლოებით ასეთი რამ აღმოხდა "პალერმო"-"რომას" მატჩის შემდეგ მაურიციო ძამპარინის.
სიცილიური კლუბის ოდიოზური პრეზიდენტი მეცხრე ცაზე იყო, თუმცა არაერთხელ განაცხადა, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნებამდე გრძელი გზაა გასავლელი. მოკლედ, "პალერმომ" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიმარჯვა და გულშემატკივრებს გადარჩენის თითქმის გადაწურული იმედი გაუღვივა.
"პალერმოსთვის" "რომასთან" გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ვინ იცის, იქნებ მართლაც გამოძვრეს ამ რთული ვითარებიდან.
ბრძოლა გადარჩენისთვის
განვაგრძოთ დარჩენა-არდარჩენის თემა და გენუური მატჩი გავიხსენოთ, სადაც ერთმანეთის პირისპირ გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ.
"ჯენოამ" "სიენას" უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ამ ფრემ აუტსაიდერთა ოთხეული კიდევ უფრო დააშორა სხვა გუნდებს და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერია B-ს საგზურები სწორედ ამ კვარტეტში გათამაშდება.
ყველაზე საინტერესოა, თუ ვინ იქნება ის ერთი გუნდი, რომელიც ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს...
15. კიევო 30 10 5 15 31-45 35
16. ატალანტა 30 10 6 14 30-42 34
-------------------------------
17. ჯენოა 30 6 9 15 31-46 27
- - - - - - - - - - - - - -
18. სიენა 30 8 8 14 31-42 26
19. პალერმო 30 4 12 14 25-43 24
20. პესკარა 30 6 3 21 21-61 21
კავანი მარადონას კვალზე
ედინსონ კავანიმ ურუგვაის ნაკრებში იასპარეზა, იტალიაში დროულად ვერ დაბრუნდა და გადაღლილი ფორვარდი ვალტერ მაცარიმ თადარიგში დატოვა. მის გარეშე "ნაპოლის" "ტორინოსთან" ძალიან გაუჭირდა და სამხრეთელთა მწვრთნელი იძულებული გახდა, 26 წლის "მატადორი" თამაშში ჩაერთო.
კავანი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, "გრანატას" ორი ბურთი გაუტანა და "ნაპოლის" სამი ქულა მოუტანა.
Video
30.03.13. ტორინო - ნაპოლი 3:5
30.03.13. ტორინო - ნაპოლი 3:5
ამ გოლებით კავანი "ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და ჟოზე ალტაფინისთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. პირველ ადგილზე თვით დიეგო მარადონაა, რომლის ანგარიშზეც 115 გოლია. 97 გოლი აქვს შეგდებული კავანის და თქმა არ სჭირდება, რომ თუ "ნაპოლისთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, ლეგენდარული არგენტინელის რეკორდს აუცილებლად დაამხობს.
იქნებ ესეც გახდეს ერთ-ერთი საბაბი საიმისოდ, რომ ედინსონმა ზღაპრულ წინადადებებზე უარი თქვას და კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს...
ნაპოლის ბომბარდირები
1. მარადონა 115 გოლი
2. სალუსტრო 107
3. ვოჟაკი 103
4-5. კავანი 97
4-5. ალტაფინი 97
6. კარეკა 96
7. სავოლდი 77
ციფრები და ფაქტები
* ესტებან კამბიასომ პირველი წითელი ბარათი მიიღო იტალიურ კარიერაში.
* "ინტერმა" პირველად წააგო ორი მატჩი მიჯრით, რაც გუნდს ანდრეა სტრამაჩონი წვრთნის.
* "ნაპოლის" ნახევარმცველმა ბლერიმ ჯემაილიმ პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა კარიერაში.
* "მილანმა" მიჯრით მე-6 მატჩი მოუგო "კიევოს" ვერონაში.
* "მილანს" 4 მატჩია, გოლი არ გაუშვია.
* "პალერმომ" გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო, შეწყვიტა რა 15-მატჩიანი მოუგებელი სერია.
* "პალერმოსთან" მარცხით "რომამ" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
* იოან ბენალუანმა "პარმადან" პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.
* "პესკარამ" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო.
* "ბოლონიას" უდინეში 2005 წლის შემდეგ არ მოუგია.
* "ატალანტამ" და "სამპდორიამ" პირველად დაასრულეს ურთიერთშეხვედრა ფრედ 2004 წლის შემდეგ.
* მიმდინარე სეზონში "კალიარის" სასარგებლოდ 9 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ყველაზე მეტი სერია A-ს გუნდებს შორის.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A. XXX ტური: ტურინული ვენდეტა მილანში [VIDEO]