ვინ დატოვებს იუვეს?
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში ტურინულ გრანდს ნიკლას ბენდტნერი (25 წლის) დატოვებს. დანიელი ფორვარდი "იუვენტუსმა" ლონდონის "არსენალისგან" ინათხოვრა და მის გამოსასყიდად რომ არაფერს გაიღებს, ცხადზე უცხადესია. ბენდტნერის ტურინულ კარიერას მსუყე წერტილი მაშინ დაესვა, როდესაც ავტომობილს
იანვარში ნიკოლას ანელკას (34 წლის) სახით ტურინს კიდევ ერთი ტურისტი შეემატა, რომელიც პიემონტის დედაქალაქს ზაფხულში დატოვებს. ანტონიო კონტე ანელკას ჯერჯერობით ვერაფერში იყენებს და დიდი ალბათობით, ვერც მომავალში გამოიყენებს. მოკლედ, ანელკაც დატოვებს "იუვეს" და ალბათ ჩინეთში დაბრუნდება.
წყალი არ გაუვა, რომ ტურინული გრანდი ვინჩენცო იაკვინტასაც (33 წლის) შეელევა. ვეტერანი ფორვარდის გაშვება კონტეს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა ტურინელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდებოდათ.
მთელი სეზონია, ვინჩენცო განაცხადშიც კი ვერ ხვდება, თუმცა ოფიციალურად დღემდე "იუვეს" ფეხბურთელია. ზაფხულში ვინჩენცო თავისუფალი აგენტი ხდება და ტურინელები რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ შესთავაზებენ, ცხადია.
მოკლედ, სამი ფეხბურთელი ისე გავუშვით, რომ მასში "იუვენტუსს" ცენტიც არ მიუღია. ვინ შეიძლება გაყიდონ ტურინელებმა? – მაგალითად, პაოლო დე ჩელიე (26 წლის), რომელიც კვადვო ასამოას ჩრდილშია მოქცეული და მის გადაბირებას "ვოლფსბურგის" მესვეურები ლამობენ. ბოლო ინფორმაციით, პაოლო გერმანიაში წასვლის წინააღმდეგი არაა და დიდია შანსი, გარიგება შედგეს. სატრანსფერო თანხად კი 6 მილიონი ევრო სახელდება.
ზაფხულში "იუვენტუსი", შესაძლოა, ლუკა მარონემაც (23 წლის) დატოვოს – ახალგაზრდა მცველს სათამაშო პრაქტიკა აკლია და უკვე ითქვა, რომ მისი გადაბირება "ფიორენტინასა" და "ჯენოას" სურთ.
ყველაზე დიდ ინტერესს არტურო ვიდალის (25 წლის) ბედი იწვევს, რომელზეც ნადირობაა გამოცხადებული. სამხრეთამერიკელის გადაბირება მადრიდის "რეალის", "პარი სენ-ჟერმენის" და მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურებს სურთ. ლაპარაკია 30-35 მილიონ ევროზე, რომელზე უარის თქმაც ტურინელებს ძალიან გაუჭირდებათ.
ლორენტე + სავარაუდო შენაძენები
ჯერ კიდევ იანვარში გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონიდან "იუვენტუსის" ღირსებას ფერნანდო ლორენტე (28 წლის) დაიცავს. ბევრის აზრით, ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი ზუსტად ის სუპერფორვარდია, რომელიც ტურინულ გრანდს აგერ, უკვე რა ხანია, აკლია, მაგრამ ბევრი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მოკლედ, ლორენტესთან დაკავშირებით, მოლოდინები სხვადასხვაგვარია და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მომდევნო სეზონის ბატალიებს.
ითქვა იმაზეც, რომ ლორენტეს ტრანსფერის მიუხედავად, ტურინელები აგრძელებენ სუპერფორვარდის ძებნას და ლუის სუარესზე (26 წლის) უჭირავთ თვალი. იტალიური სპორტული პრესის მტკიცებით, ტურინელები ლუისს სეზონურად 9 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ანუ ჯანლუიჯი ბუფონის ჯამაგირზე 3 მილიონით მეტს. მოკლედ, სუარესიც ტურინელთა სამიზნეშია და თავად ფეხბურთელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ "ლივერპულიდან" აბარგებაზე ფიქრობს.
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ზლატან იბრაჰიმოვიჩის (31 წლის) ტურინში შესაძლო გადასვლის შესახებ... როგორც ამბობენ, შვედს დიდად არ მოსწონს პარიზი და იტალიაში დაბრუნება უნდა, მიზეზად კი ოჯახურ პრობლემებს ასახელებს. ზლატანს ტურინში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.
არის შანსი, ზაფხულში "იუვემ" ჩირო იმობილე (23 წლის) და მანოლო გაბიადინი (21 წლის) დაიმატოს – ორივეს სატრანსფერო უფლებების ნახევარს "ვეკია სენიორა" ფლობს და სურვილის შემთხვევაში, ჯუზეპე მაროტას მათი გადაბირება არ გაუჭირდება.
ლაპარაკია გაბრიელ პალეტას (27 წლის) ტრანსფერზეც, რომელიც "პარმაში" დაცვის ცენტრში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში "იუვეს" დაცვაში არაერთხელ შეექმნა პრობლემა, რაც უკანახაზელთა ტრავმებით გახლდათ განპირობებული... ანდრეა ბარცალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის შემცვლელი ტურინელებს, ფაქტობრივად, არ ჰყავთ და კონტე თურმე ამაზეც ზრუნავს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბიანკონერი" შესაძლოა არტურო ვიდალმა დატოვოს და რა გასაკვირია, რომ პიემონტელები მის შესაძლო შემცვლელზეც ფიქრობდნენ. კანდიდატი ორია: მარკო ვერატი (20 წლის) პსჟ-დან და ანდრეა პოლი (23 წლის) "სამპდორიადან".
ვერატი ფრანგებს არ ეთმობათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა გამოთქვა სამშობლოში დაბრუნების სურვილი... პოლი "ინტერში" დაბრუნებას არ აპირებს და კარიერის გაგრძელება სხვა გრანდში სურს, რაც "იუვეს" შანსია. ერთი სიტყვით, ზაფხულში "ვეკია სენიორას" მესვეურებს ბევრი საქმე ექნებათ, დანარჩენი კი მათ მარიფათზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A. XXX ტური: ტურინული ვენდეტა მილანში [VIDEO]