"სამპდორია" უტევდა, "ინტერი" იტანდა

AutoSharing Option
ძლიერი წვიმის გამო გადადებული "სამპდორია"-"ინტერის" მატჩი ოთხშაბათს გაიმართა და ამით XXIX ტური დასრულდა. მილანურმა გრანდმა გენუაში ორი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა...

თამაში
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ეს სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახა. "სამპდორიას" ფეხბურთელებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც სტუმრებმა მხოლოდ 8-ჯერ სცადეს მეტოქის კარის აღება. ბურთიც მეტწილად სტუმართა ნახევარზე იყო და მოკლედ, არათუ ტერიტორიულ, სათამაშო უპირატესობასაც გენუელები ფლობდნენ.

თამაში ხეირიანად დაწყებული არ იყო, როდესაც ნიკოლა სანსონე მილანელთა კარს დაემუქრა და რომ
არა სამირ ჰანდანოვიჩის შესანიშნავი რეაქცია, ანგარიში გაიხსნებოდა. იმავე სანსონეს აქტიურობის შემდეგ მასპინძლებს სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ჯერ მუსტაფიმ ვერ ივარგა დამაგვირგვინებელ ფაზაში, შემდეგ დე სილვესტრიმ და კრსტიჩიჩმა შესცოდეს. მილანელებმა გენუელთა შტურმს ერთი მეტად სახიფათო იერიშით უპასუხეს, როდესაც როდრიგო პალასიო დარჩა კიპერთან პირისპირ, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

ტაიმის მიწურულს პალასიომ მაინც გააკეთა თავისი საქმე - მარცხენა ფრთიდან, პერეირას ჩაწოდებულს დაუხვდა და თავური დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში მოათავსა, 0:1.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ბოლომდე ასევე გაგრძელდა... ქებათა ქება სამირ ჰანდანოვიჩს, რომელმაც ერთიმეორეზე რთული ბურთები მოიგერია. გენუელები ბევრჯერ იყვნენ გატანასთან ახლოს, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც აკლდებოდათ.

თამაშის დასრულებამდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი, როდესაც პალასიომ თამაში თავის თავზე აიღო, რამდენიმე მცველს აუარა გვერდი და ბურთი კარის ბადეში გაახვია, 0:2. მოკლედ, პალასიომ დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ ულიდერა თავის გუნდს.

კასანოს დაბრუნება
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ანტონიო კასანო, რომელიც ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა. "სამპდორიას" ტიფოზებმა კასანტა არაერთგვაროვნად მიიღეს - ზოგმა ტაში დაუკრა, ზოგმა უსტვინა, ზოგმა კი უხამსი ბანერები გამოკიდა... მოკლედ, ანტონიოს ცოტ-ცოტა ყველაფერი ერგო და ნამატჩევს დაბნეული ჩანდა:

"მადლობა ყველას, ვინც ტაშით შემეგება და იმათაც, ვინც დამისტვინა. "სამპდორია" ყოველთვის ჩემს გულში იქნება და ამ გუნდს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. არ ვიცოდი, როგორ დამხვდებოდნენ გულშემატკივრები და სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, როგორ დამხვდნენ... ვიღაც მადლიერია იმით, რომ "სამპასთვის" რაღაც გამიკეთებია, ვიღაცას კი არაფერი ახსოვს. დღეს ჩემი ფიქრები "ინტერს" დასტრიალებს და ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში".

ანდრეა სტრამაჩონი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "მართალია, "ტოტენჰემთან" და "იუვენტუსთან" სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ იმ მატჩებშივე ჩანდა, რომ გუნდი აღმავლობის გზას დაადგა. "სამპდორიასთან" ეს უნდა დაგვემტკიცებინა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. მინდა როდრიგო პალასიო შევაქო, რომელმაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. არგენტინელი მზადაა, რომ გუნდის ლიდერი გახდეს და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მოუმატებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ინტერი": ანდრეა რანოკია თავს იცავს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერი "იტანდა" კი არა, ინტერს გაჰქონდა.
გიზო
11:28 05-04-2013
0

სიახლეები პოპულარული