ამ შემთხვევაშიც იმ მოვლენებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებმაც საფეხბურთო იტალიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
თავდაპირველად, კვირას, ღამით გამართულ შეხვედრებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რადგან მათ შესახებ ტურის მიმოხილვაში არაფერი გვითქვამს...
ინტერი ჩვეულ სტიქიაში
ანდრეა სტრამაჩონის აქვს რაღაც ზდენეკ ზემანისეული, რადგან მისი "ინტერი" არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება. მილანურმა გრანდმა საკუთარ მოედანზე "ატალანტა" მიიღო, მეტოქეს ორი ბურთის სხვაობით ამარცხებდა და საბოლოოდ, 3:4
მოკლედ, "ინტერმა" მოგებული მატჩი დათმო, რამაც თვით მუდამ მშვიდი მასიმო მორატი აღაშფოთა. "ინტერის" პრეზიდენტი ემოციებს ვერ მალავდა და ჟურნალისტებს ხმამაღლა განუცხადა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო...
თამაშის პერიპეტიებს აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ 3:1-ზე მატჩის არბიტრმა მასპინძელთა კარში მეტად საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ხერმან დენისმა გოლად აქცია და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. დენისმა კიდევ ორჯერ დაამწუხრა მეტოქე - ჰეთ თრიკი შეასრულა და "ატალანტას" სამი ქულა მოუტანა.
მილანელებმა ის საეჭვო პენალტი დაიხვიეს ხელზე და არბიტრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. კაცმა რომ თქვას, პენალტი მართლა არ იყო და არბიტრი ანდრეა ჯერვაზონი შეცდა, მაგრამ ამართლებს კი ეს 3:1-დან 3:4-ის წაგებას?
ნამატჩევს ანდრეა სტრამაჩონიმ მთელი პასუხისმგებლობა მსაჯს დააკისრა:
"არბიტრმა თამაშის სადავეები ხელთ იგდო და აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილებები მიიღო. მთელ რიგ ეპიზოდებში სტუმართა მხარე დაიჭირა, თერთმეტმეტრიანი კი ნამდვილად გამოიგონა. ძალიან სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ დიდწილად ამაში დამნაშავე რეფერია".
გაცილებით უფრო მშვიდად იყო ყველაფერი ნეაპოლში, სადაც "ნაპოლიმ" "ჯენოას" ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
ამრიგად, სამხრეთელებმა "მილანს" მთელი ოთხი ქულით გაუსწრეს და მომდევნო ტურში, სულ რომ დამარცხდნენ მდევართან, მაინც შეინარჩუნებენ მეორე ადგილს. დიახ, მომდევნო ტურში სწორედ "მილანი"-"ნაპოლის" ჯახია.
ვუჩინიჩი და კონტე
"იუვენტუსი"-"პესკარას" შეხვედრის გმირი მირკო ვუჩინიჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ლიდერს მოსალოდნელი გამარჯვება მოუტანა.
ჩერნოგორიელმა ერთ-ერთი გოლი მეტად ორიგინალურად აღნიშნა, შორტი გაიძრო და მოედანზე ტრუსის ამარა დარბოდა.
ამის შემხედვარე ანტონიო კონტე წყობიდან გამოვიდა და მირკო კარგა გვარიანად დატუქსა - ჯერ ერთი-ორი "ტკბილი სიტყვა" მიაძახა და შემდეგ მუჯლუგუნიც მიაყოლა...
მოკლედ, მწვრთნელმა შეგირდს საქციელი დაუწუნა, ნამატჩევს კი განაცხადა, რომ ვუჩინიჩი "ბაიერნთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ იქნებაო.
ამ ამბავს იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ბევრმა გამოთქვა მოსაზრება და ისიც კი თქვეს, რომ კონტე ზედმეტ პრინციპულობას იჩენსო.
თავად ანტონიო ამ თემაზე კომენტარს აღარ აკეთებს. სამაგიეროდ, თავად ვუჩინიჩი გაესაუბრა ჟურნალისტს:
"ასეთი რამ ადრეც გამიკეთებია, მათ შორის, ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისას. ვაღიარებ, რომ მთლად ეთიკური საქციელი არაა, მაგრამ ხშირად ემოციები გონებას მიბინდავს. კონტეს აღშფოთების მესმის, მაგრამ ისეთიც არაფერი დამიშავებია, რომ ძირითადი შემადგენლობიდან მომკვეთონ.
ნებისმიერ შემთხვევაში, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდები".
ისევ ტალიავენტო და ნაძლევი
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ. "მილანი" "ფიორენტინას" ორი ბურთის სხვაობით უგებდა, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა, 2:2.
მატჩის ყველაზე გამორჩეული ფიგურა მსაჯი პაოლო ტალიავენტო გახლდათ, რომელსაც საერთოდ სჩვევია ბენეფისების მოწყობა.
ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, არბიტრმა ფლორენციელებს ფეხბურთელი გაუძევა, რითიც სტუმრებს კოლოსალური უპირატესობა მისცა - თანაც იმ მომენტში სულაც არ იყო აუცილებელი ნენად ტომოვიჩისთვის წითელი ბარათის ჩვენება. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში "გამოასწორა შეცდომა", როდესაც ჯერ "მილანის" სასარგებლოდ არ დანიშნა ორი თითქმის 100%-იანი თერთმეტმეტრიანი და შემდეგ უკვე სწორედ "როსონერის" კარში დანიშნა ორი საეჭვო პენალტი.
მოკლედ, ტალიავენტომ ძალიან ჩახლართა და ორივე მხარე მოიმდურა.
დიახ, ნამატჩევს მილანელებიც და ფლორენციელებიც ხელიდან გაშვებულ ორ ქულას სწორედ ტალიავენტოს აბრალებდნენ. მაგალითად, ადრიანო გალიანი იმდენად აღშფოთდა, რომ მსაჯი ტრიბუნებიდან გალანძღა, რამაც თავის მხრივ ფლორენციელები გააღიზიანა - საბოლოოდ, გალიანი გულშემატკივრებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან დაცვით გასაყვანი გახდა... აქვე კიდევ ერთ უკმაყოფილოს, "ვიოლას" დამრიგებელ ვინჩენცო მონტელას კომენტარს გავეცნოთ:
"ვფიქრობ, გამარჯვება თავისუფლად შეგვეძლო და დასანანია რომ მხოლოდ ქულას დავჯერდით. მსაჯს აშკარად ზედმეტი მოუვიდა, როდესაც ტომოვიჩი გაგვიძევა, რადგან იმ მომენტში საწითლე არაფერი იყო. მატჩის შემდეგ ტალიავენტოს ვუმტკიცებდი, რომ შეცდა, თუმცა ისიც დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. საბოლოოდ, დავნაძლევდით და ვინც დამარცხდება, ვახშამს იკისრებს. განმეორებაზე ყველაფერი კარგად გამოჩნდება".
პრემიის ძალა
ჯუზეპე სანინო კარგ ფეხზე დაბრუნდა "პალერმოში" - მისმა გუნდმა მიჯრით მეორე მატჩი მოიგო და თითქმის ჩამოწერილი გუნდი გადარჩენისთვის მებრძოლთა შორის ლამის ფავორიტად იქცა.
მოკლედ, სანინომ გუნდი გამოაცოცხლა, მაგრამ როგორც იტალიურ სპორტულ პრესაში წერენ, მწვრთნელზე მეტად ეს კლუბის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემიის დამსახურებაა.
დიახ, მაურიციო ძამპარინიმ ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის სოლიდური პრემიები დააწესა და როგორც ხედავთ, ფეხბურთელებიც ერთიანად გარდაისახნენ. ორი გამარჯვების შემდეგ ძამპარინი მშვენიერ ხასიათზეა, თუმცა იქვე ამბობს, რომ მიზნამდე ჯერ კიდევ შორია:
"აქამდე მაინც დამეწესებინა პრემიები, ასეთ დღეში ხომ არ ჩავვარდებოდით? - მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ, მაგრამ გადარჩენაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. წინ კიდევ ბევრი თამაშია და თითოეული ფინალის ტოლფასი. მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, თავს ზემოთ ავხტეთ და ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი თანამსაჯს: რას მიყურებ, შე ბ**ო?!
სერია A. XXXI ტური: ლოგიკური ფრე და ბევრი კითხვის ნიშანი