ვალტერ მაცარი "ნაპოლიდან" წასვლაზე აღარ ფიქრობს

AutoSharing Option
ვალტერ მაცარიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ნეაპოლური მომავალი მიმდინარე სეზონის შედეგებზეა დამოკიდებული და ამიტომ ჯერ კიდევ არ იცის, დარჩება თუ არა სამხრეთულ გუნდში... თუმცა ბოლო ორი დღეა, აქტიურად ვრცელდება ცნობები ახალი ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც მაცარი ნეაპოლურ კლუბთან გააფორმებს. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, კონტრაქტი 2-წლიანი იქნება და სენიორ ვალტერი სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ჩანს, ნეაპოლში უკვე დაიჯერეს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს აუცილებლად მოიპოვებენ და მაცარიმაც კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამ ამბავს "ნაპოლის" მესვეურები არ ადასტურებენ, მაგრამ თვითონ მაცარი რომ სხვაგვარად
ალაპარაკდა, ფაქტია:

"ვამაყობ იმით, რასაც ბოლო წლებში "ნაპოლისთან" ერთად მივაღწიე. ფაქტია, რომ გუნდმა სერიოზული პროგრესი განიცადა და დღეს ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და მიზანთან ახლოს ვართ, რაც მოტივაციას მიათმაგებს. თუ ყველაფერი კარგად დასრულდა და მიზანს მივაღწიეთ, ნეაპოლში დარჩენის დიდი სურვილი მექნება. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ პირადად მე, წასვლაზე არ ვფიქრობ".

ამასობაში სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ ზაფხულში ედინსონ კავანის ნეაპოლიდან აბარგების შესახებ. როგორც ჩანს, 26 წლის ურუგვაელს "ნაპოლიში" ვეღარც ჩემპიონთა ლიგის საგზური დატოვებს, რადგან მასზე პრემიერლიგის ორი გრანდი: "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ნადირობს. კავანის სატრანსფერო ღირებულების დასაფარად ორივე კლუბი მზადაა, თანხა კი 63 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ თემაზე აურელიო დე ლაურენტისმა არაერთი კომენტარი გააკეთა და ყველგან დაადასტურა, რომ ედინსონის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ამ თემას "ინტერის" ცოცხალი ლეგენდა და დღეს საფეხბურთო კომენტატორ-ექსპერტი ჯუზეპე ბერგომი გამოეხმაურა, რომელმაც საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:

"ნეაპოლელი გულშემატკივრების შიში ნამდვილად არ მესმის, რადგან ჩემი პირადი აზრით, ედინსონ კავანის გასხვისება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. ვიცი, რომ დე ლაურენტისი აღებული თანხის ტრანსფერებში დახარჯვას აპირებს და ასეთ შემთხვევაში, საშიში და საგანგაშო არაფერია. პირიქით, 63 მილიონი ევროთი არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის შეძენა შეიძლება, რომელიც არათუ ერთი მოთამაშის წასვლით გამოწვეულ დანაკლისს აღმოფხვრის, გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. პირადად მე, 63 მილიონ ევროდ 3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელს გადავიბირებდი, ეს კი გუნდის ყველა რგოლში გაძლიერების საწინდარია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვალტერ მაცარი: მეორე ადგილის დაკავება ჩვენს ხელთაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული