მით უმეტეს, "რობინიოს" მშობლიური "ფლამენგო" ეპატიჟება, სადაც თვითონაც სურს კარიერის დასრულება. ერთი სიტყვით, თითქოს ზაფხულში რობინიო "მილანს" უნდა გამოსთხოვებოდა და სამშობლოში დაბრუნებულიყო,
"ბრაზილიაში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ იქამდე მინიმუმ წელიწადნახევარია. "მილანთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს და მის გაწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ. "როსონერიში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა, აქ კიდევ ერთი სეზონი დავრჩე. ისეთ ასაკში ნამდვილად არ ვარ, რომ კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო და შესაბამისად, ბრაზილიაში დაბრუნების თემა დღეს არცთუ აქტუალურია. ღრმად მწამს, რომ "მილანი" მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, იქ კი თავის გამოჩენის დიდი სურვილი მაქვს. მართალია, იშვიათად ვხვდები ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ვითარება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. მასიმილიანო ალეგრის ვენდობი, ვიცი, რომ მონდომებას არ დამიკარგავს".
ამ უქმეებზე, სერია A-ს ეგიდით, "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი გაიმართება, რომელიც აქედანვე დიდ ინტერესს იწვევს. ნეაპოლელები ლომბარდიელებს მთელი ოთხი ქულით უსწრებენ და თუ არ დამარცხდნენ "სან სიროზე", მეორე ადგილის მოსაპოვებლად უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.
შეგახსენებთ, რომ მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე იძლევა. თავის მხრივ, "მილანს" მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, რათა კონკურენტს კუდზე დააჯდეს და მიზნისთვის ბრძოლა გააგრძელოს. მოახლოებულ მატჩზე კომენტარი "როსონერის" ერთ-ერთმა ლიდერმა, 20 წლის სტეფან ელ შაარავიმ გააკეთა:
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც ფლორენციაში მოხდა... "ფიორენტინას" ორი ბურთის სხვაობით ვუგებდით და ფორა კაცნაკლულ მეტოქესთან გავანიავეთ. ასეთი თამაშის შემდეგ შეიძლება რწმენაც კი შეგერყეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვემუქრება. საბრძოლველად ვართ განწყობილნი და სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავიღებთ. "ნაპოლის" საიმედო დაცვა, მობილური ნახევარდაცვა და სახიფათო თავდასხმა ჰყავს, რაც საკუთარ თავზეც არაერთხელ გამომიცდია. თუ წარმატების მიღწევა გვსურს, თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და როგორ ვაჯობოთ ძლიერ მეტოქეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მილანის" სატრანსფერო გეგმები