"ინტერი" მიჯრით მეორე წელს ვერ ხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, ეს კი ევროპული ფეხბურთის გრანდისთვის ნამდვილად მეტისმეტია. ანდრეა სტრამაჩონის გუნდმა კიდევ ერთი მატჩი წააგო, ამჯერად "კალიარისთან" შერცხვა და სამეულში მოხვედრის პრაქტიკული შანსი დაკარგა. ამ შეხვედრაში "ინტერის" საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი საეჭვო პენალტი დაინიშნა, რამაც მილანური გრანდის წარმომადგენლები აღაშფოთა... დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა "ინტერი"-"ატალანტას" პაექრობაში და მილანში უკვე
"საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი თერთმეტმეტრიანების დადება. მიმდინარე სეზონში მსაჯები აშკარად გვჩაგრავენ და ვერაფრით ვხვდები, რატომ ხდება ასე. შეთქმულება? - დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "ინტერის" წინააღმდეგ რომ არბიტრები თითქმის ყველა ტურში ცდებიან, ეს ფაქტია. პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ, "კალიარი" ჩვენს ნახევარზე ხეირიანად არც გადმოსულა; აი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. არბიტრმა გაუგებარი შეცდომები დაუშვა, მალე კი გამოგონილი თერთმეტმეტრიანიც დანიშნა. მოკლედ, ეს იყო "ტოტალური უსამართლობა".
მორიგ წარუმატებლობაზე კომენტარი "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც გააკეთა: "ფაქტია, რომ მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ მეტისმეტად ხშირად ცდებიან. უკვე არაერთი ქულა დავკარგეთ გამოგონილი თერთმეტმეტრიანების გამო და ეჭვი მაქვს, რომ ეს კიდევ არაა დასასრული. შესაძლოა, ეს ვიღაცას აწყობდეს, მაგრამ დღეს კონკრეტული გვარების დასახელებისთვის მზად არ ვარ.
მსაჯებთან ერთად, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ტრავმებია. "კალიარისთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღეს იუტო ნაგატომომ და ვალტერ გარგანომ, რომლებიც გარკვეული პერიოდით ჩამოშორდებიან ფეხბურთს. მთელი სეზონია ასე გრძელდება და გამოსავალიც არსად ჩანს".
მოკლედ, მასიმო მორატიმ "ინტერის" კრიზისი ტრავმებს და მსაჯებს დააბრალა, მაგრამ ხომ არ არის ეს სირაქლემას პოზაში დგომა? - "ინტერის" პრობლემები ბევრად უფრო ღრმა ჩანს, ვიდრე უბრალოდ ტრავმიანობა ან მსაჯთა შეცდომებია. რთული ვითარებიდან გამოსვლის პირველი ნაბიჯი პრობლემების გააზრება და მათი აღიარებაა, რასაც მორატი ჯერჯერობით არ აკეთებს. სენიორ მასიმო არც მწვრთნელის გამოცვლას აპირებს და დიდად არც შემადგენლობის გაძლიერება სურს.
პრეზიდენტის თქმით, ანდრეა სტრამაჩონი სწორედ მიმდინარე სეზონში აგროვებს საჭირო გამოცდილებას და სურს, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის შესაძლებლობები ისევ "ნერაძურის" მოხმარდეს. დიახ, ჟურნალისტის კითხვაზე: "იქნება რევოლუცია"? - მორატი შემდეგნაირად პასუხობს:
"რევოლუციების დრო ნამდვილად არაა, რადგან ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ეტაპობრივად უნდა განვვითარდეთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რადგან გუნდში ბევრი ასაკიანი მოთამაშე გვყავს, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ვენდობი ანდრეა სტრამაჩონის და მინდა, რომ გუნდში კიდევ დიდხანს დარჩეს. ჩვენთან ის მწვრთნელად ჩამოყალიბდა და მისი სხვაგან გაშვება არ იქნებოდა მართალი. თუმცა ვნახოთ, ყველაფერს მაინც დრო გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"