მოსაწყენი კლასიკო
თუ "ინტერი"-"მილანის" თამაში "დერბი დელა მადონინაა", ხოლო "ინტერი"-"იუვეს" ჯახი დიდი იტალიური დერბი, მაშინ "იუვენტუსი"-"მილანს" თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ: იტალიური ფეხბურთის კლასიკო...
თამამად შეიძლება ითქვას ისიც, რომ გასულ ტურში ყველაზე უფერული მატჩი სწორედ ტურინში გაიმართა და თამაშის პერიპეტიებზე სათქმელი ბევრი არაფერია. ორივე გუნდი უხეიროდ უტევდა, ერთადერთი გოლი
"მილანს" ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო გასააქტიურებლად, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა - მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა თამაში, ფაქტობრივად, უშანსოდ წააგეს.
მოკლედ, თითზე ჩამოსათვლელი მომენტების აღწერას აღარ შევუდგებით და მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას:
*ანტონიო კონტემ კვლავაც 3-5-1-1 ტაქტიკა აირჩია და როგორც ჩანს, "იუვეს" თავკაცმა საბაზო სქემა შეცვალა.
*თერთმეტმეტრიანი არტურო ვიდალმა შეასრულა და ეს მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ანდრეა პირლო მოედანზე იყო. როგორც ჩანს, "იუვეს" ახალი შტატიანი პენალტისტი ჰყავს.
*ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "იუვენტუსის" დაცვის ხაზში ძირითადი შემადგენლობის სამივე ფეხბურთელი გაისარჯა: ანდრეა ბარცალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი.
*მიმდინარე სეზონში კევინ პრინს ბოატენგი შეტევაში, გარემარბის პოზიციაზე ირჯებოდა, "იუვენტუსთან" კი მასიმილიანო ალეგრიმ ის ნახევარდაცვაში დაწია.
*მატჩის მე-15 წუთზე კრისტიან აბიატი დაშავდა და მის ნაცვლად კარში მარკო ამელია ჩადგა. სწორედ ამელიამ აიკიდა თერთმეტმეტრიანი და მსაჯმაც აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
*თუ მომდევნო ტურში "ნაპოლი" ქულებს დაკარგავს, ხოლო "იუვენტუსი" გაიმარჯვებს, ტურინული გრანდი ჩემპიონი ხდება.
ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "არა მგონია, რომ მომდევნო ტურში ჩემპიონები გავხდეთ და სიმართლე გითხრათ, ამაზე არც ვფიქრობ. მთავარია, ჩვენი საქმე კარგად გავაკეთოთ და დანარჩენი თავისთავად მოხდება. "იუვენტუსი" იტალიაში საუკეთესო გუნდია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა".
მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი დავკარგეთ. ჩვენი მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა და იმედია, ამ ამოცანას მაინც გავართმევთ თავს. "იუვენტუსმა" სივრცეები გადაგვიკეტა და შეტევაში ძალიან გაგვიჭირდა - თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე მომენტი გვქონდა. წინ კიდევ ხუთი ტურია და ყველაფერი დარჩენილ შეხვედრებში გაირკვევა".
ტურის მატჩი
გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ტურის მატჩი არა ტურინში, არამედ ფლორენციაში გაიმართა. "ფიორენტინამ" და "ტორინომ" ფეერული თამაში აჩვენეს, ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს და თვით "იუვე"-"მილანის" ჯახი დაჩრდილეს.
ფლორენციულმა შეხვედრამ მთელი საფეხბურთო იტალია აღაფრთოვანა, თუმცა ერთი ადამიანი აღფრთოვანებულზე მეტად, აღშფოთებულს ჰგავდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ადამიანი მოგებული კლუბის პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალეა:
"საოცარი მატჩი იყო და მეოთხე გოლმა მეც ისევე აღმაფრთოვანა, როგორც მთელი ფლორენცია... მაგრამ ცოტა ცივი გონებით თუ გავიხსენებთ განვლილ პაექრობას, შეიძლება ხასიათიც კი გაგვიფუჭდეს. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, 3-ბურთიანი ფორის ამოქაჩვაც, მაგრამ ის, რაც "ტორინოსთან" შეხვედრაში მოხდა, დაუშვებელია. 3:0-ზე გუნდი, ფაქტობრივად, გაჩერდა და მეტოქეს წაგებული მატჩის შეტრიალების საშუალება მისცა.
გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ, რომელსაც, მე თუ მკითხავთ, არ ვიმსახურებდით. როდესაც ასე უდიერად გაფლანგავ მოპოვებულ უპირატესობას, მოგების ღირსი აღარ ხარ".
ტურის გმირი
ტურის გმირი 23 წლის თავდამსხმელი ლორენცო ინსინიეა, რომლის გოლმაც "ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ვალტერ მაცარის გუნდი "კალიარის" ვერ ამარცხებდა, როდესაც თამაშში ინსინიე ჩაერთო და მასპინძელთა იერიშები მკვეთრად გაამწვავა. ახალგაზრდა ფორვარდმა მარცხენა ფრთა დაიკავა და იქიდან ცდილობდა სახიფათო შეტევების წამოწყებას.
მსაჯის მიერ დამატებული მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ინსინიემ ჩვეულად წაიღო ბურთი ფლანგიდან ცენტრის მიმართულებით (არიენ რობენის სტილში) და უძლიერესი დარტყმით ბურთი სარდინიელთა კარის ცხრიანში ჩაჭედა. მართალია, ლორენცოს რეკოშეტი დაეხმარა, მაგრამ ეს მის გარჯას ვერაფრით აკნინებს. ნამატჩევს ინსინიე მეცხრე ცაზე იყო:
"ვერაფრით გამოვდივარ ეიფორიიდან, რადგან გოლი თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე გავიტანე. ძალიან მნიშვნელოვანი ქულები ავიღეთ და კიდევ უფრო გავიმყარეთ პოზიციები. "მილანს" ტურინში მოგება გაუჭირდება და შესაძლოა, ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაც კი გავინაღდეთ".
ტურის გაქცევა
ვაგრძელებთ "ნაპოლის" თემას და ინსინიეს სიტყვებს ვუბრუნდებით - "მილანს" მართლაც გაუჭირდა ტურინში მოგება და მარცხი იწვნია, რამაც მისი "ნაპოლისთან" ჩამორჩენა შვიდ ქულამდე გაზარდა. დიდი ალბათობით, ეს გადამწყვეტი გაქცევაა და ნეაპოლელებს მეორე ადგილში უკვე ვეღარავინ შეეცილება.
დაახლოებით ამავე აზრზეა ვალტერ მაცარიც, რომელმაც კომენტარი ტურინული მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა:
"პროგნოზების კეთება არ მიყვარს, მაგრამ მეორე ადგილზე რომ მყარად მოვიკიდეთ ფეხი, ფაქტია. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ეს პოზიცია დავთმოთ და იმედია, ასეთი სურვილი არ გაგვიჩნდება. ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც პროგრესირებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვიასპარეზებთ, სადაც აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს ძალას. თუმცა, იქამდე სეზონია ჩასამთავრებელი და მთელი ყურადღება დარჩენილ ხუთ თამაშზე უნდა გადავიტანოთ".
ტურის ამბავი
ტურის მთავარი სიახლე მასიმო მორატის ბაგეებიდან გავიგეთ: ანდრეა სტრამაჩონი მომდევნო სეზონშიც "ინტერის" მთავარი მწვრთნელი იქნება. ვეჭვობთ, ეს გადაწყვეტილება სენიორ მასიმოს აქამდეც ჰქონდა მიღებული, "პარმასთან" გამარჯვებამ კი ინფორმაციის საჯაროდ გაცხადების სითამამე მისცა. ასეა თუ ისე, სტრამაჩონიმ მიაღწია უმთავრესს და მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა, პოსტი შეინარჩუნა. მორატის თქმით, მიმდინარე სეზონში ანდრეამ კოლოსალური გამოცდილება დააგროვა, რომელიც "ინტერსვე" უნდა მოახმაროს...
ციფრები და ფაქტები
* 2013 წელს "მილანმა" პირველი მატჩი წააგო სერია A-ში.
* სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "იუვენტუსის" სასარგებლოდ ყველაზე მეტი, 10 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მეორე-მესამე ადგილებს "ფიორენტინა" და "კალიარი" იყოფენ, მათ სასარგებლოდ მსაჯებმა 9-ჯერ დანიშნეს პენალტი.
* პირველად მიმდინარე სეზონში, "იუვენტუსმა" მიჯრით მეექვსე შეხვედრა მოიგო.
* ედინსონ კავანიმ მე-100 მატჩი გამართა "ნაპოლის" მაისურით სერია A-ში.
2013 წელს "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე არ წაუგია.
* "კალიარის" "ნაპოლისთვის" 2009 წლის შემდეგ არ მოუგია.
* ხავიერ ძანეტიმ 1100-ე მატჩი გამართა კარიერაში და ამ მაჩვენებლით, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ყველა დროის ფეხბურთელებს შორის. არგენტინელის წინ მხოლოდ რეი კლემენსი (1118), რობერტო კარლოსი (1127) და პიტერ შილტონი (1390) არიან.
* "პარმამ" "ინტერთან" ბოლო 7 გასვლითი მატჩი წააგო.
* ანტონიო დი ნატალემ "ლაციოს" ზედიზედ 8 შეხვედრაში გაუტანა.
* "ლაციომ" მიჯრით 5 გასვლითი მატჩი წააგო.
* "ლაციოს" უდინეში 2007 წლის შემდეგ არ მოუგია.
* რომში მიღწეული ფრით "პესკარამ" 8-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
* "კატანიამ" 48 ქულა დააგროვა, რაც ამ გუნდის სარეკორდო მაჩვენებელია სერია A-ში.
* "ატალანტამ" ბოლო 12 გასვლითი მატჩიდან პირველი დაასრულა ფრედ.
* ფრანსელიმო მათუზალემმა "ჯენოადან" მე-200 მატჩი გამართა სერია A-ში.
* "სიენამ" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A. XXXIII ტური: გოლთაცვენა ნეაპოლსა და ფლორენციაში [VIDEO]