"ბებერმა ქალბატონმა" მიზანში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამოიღო

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტურინის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. მართალია, 31 წლის ფორვარდს ფრანგულ პსჟ-სთან კიდევ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ამბობენ, რომ პარიზში თავს ცუდად გრძნობს და გარემოს გამოცვლას ეშურებაო.

გამომდინარე აქედან, ფრანგები შესაძლოა, იძულებულნი გახდნენ, ზლატანი ტრანსფერზე დააყენონ, რადგან რა კონტრაქტიც არ უნდა იყოს გაფორმებული, ფეხბურთის თამაშს ვერავის დააძალებ. მოკლედ, ტურინელები ამ გარემოებით სარგებლობას აპირებენ და როგორც ამბობენ, უკვე წამოიწყეს კიდეც მოლაპარაკება იბრაჰიმოვიჩთან.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტურინელები მზად არიან, შვედ თავდამსხმელს სეზონურად 7
მილიონი ევრო და პლუს, სხვადასხვაგვარი ბონუსი შესთავაზონ. ცნობისთვის, პსჟ-ში ზლატანი წლიურად 12 მილიონ ევროს იღებს. მოკლედ, თუ იბრას ნამდვილად უნდა საფრანგეთის დატოვება და ტურინისკენ მიუწევს გული, ხელფასის გვარიანად შემცირებაზე მოუწევს დათანხმება.

იბრას "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგების თემას ტურინული გრანდის ყოფილი ფორვარდი ჯანლუკა ვიალი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"ზლატანის "ვეკია სენიორაში" დაბრუნება ძალიან გამახარებს, რადგან ამ გუნდს დღემდე ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია და იმედია, ტრანსფერი შედგება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუვეს" ყველა პრობლემას მოაგვარებდა შეტევის ხაზში და შესაბამისად, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა. ედინსონ კავანი? - მისი პლუსი ასაკია, მაგრამ სხვა მხრივ, მე შვედს მივანიჭებდი უპირატესობას. ურუგვაელი უფრო დამგვირგვინებელია, იბრას კი სიღრმიდანაც შეუძლია თამაში და თანაც, არავისზე ნაკლებად. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტრანსფერი შედგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს
მკითხველის კომენტარები / 1 /
"იუვენტუსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს-------------------------------------------------------------------რომელ "ზღაპრულ" პირობებზეა ლაპარაკი? 12 მილიონის ნაცვლად 7-ს რო პირდება?
giorgi
12:16 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული