მირალემ პიანიჩი: ზდენეკ ზემანს "რომას" ფეხბურთელებმა ვერაფერი გავუგეთ

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი "რომას" 23 წლის ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს გაესაუბრა და რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა... დედაქალაქური გუნდი დიდად ვერ ბრწყინავს და ბოლოს სულაც "პესკარასთან" დაკარგა ქულები, მაგრამ სამაგიეროდ, იტალიის თასის ფინალშია გასული და ტროფეის მოგების შანსი აქვს. ამ ყველაფერზე ბლიც-ინტერვიუში...

- რა მოხდა "პესკარასთან" შეხვედრაში?
- ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ფავორიტებიც ხშირად კარგავენ ქულებს. უამრავი მომენტი შევქმენით, მთელი თამაში მეტოქის კარს დავტრიალებდით და მიუხედავად ამისა, ორი ქულა დავკარგეთ. მართალია, "პესკარა" ელიტიდან გავარდნის უპირველესი კანდიდატია, მაგრამ ბრძოლა ამ გუნდსაც შეუძლია.

- და მაინც, უკეთესად გამოიყურებით, ვიდრე ზდენეკ ზემანის დროს...

- გეთანხმებით და ეს აურელიო ანდრეაცოლის დამსახურებაა. არასდროს მტოვებდა იმის განცდა, რომ ამ ფორმაციის "რომას" დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც არაფერი გამოგვდიოდა. დიდწილად ეს ფეხბურთელებსა და ზდენეკ ზემანს შორის გაჩენილი უფსკრულით გახლდათ განპირობებული. დიახ, ხშირად საერთოდ არ გვესმოდა ჩეხის და არ ვიცოდით, რას მოითხოვდა ჩვენგან. ანდრეაცოლიმ ყველაფერი დაალაგა და ჩვენც უფრო თავდაჯერებულნი გავხდით.

- რა მიზანი გაქვთ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში?
- ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა და ამ ამოცანის მიღწევა ორი გზით შეგვიძლია: ჩემპიონატში მაღალი ადგილის დაკავებით და იტალიის თასის მოგებით. იმედია, ორივეს შევძლებთ და ასეთ შემთხვევაში, სეზონი წარმატებულად ჩაითვლება.

- თასის ფინალში "ლაციოს" ხვდებით და ამბობენ, რომ ეს მატჩი შესაძლოა პეკინში გაიმართოს...
- ეს სრული სისულელე იქნება, რადგან ამხელა გზაზე ფრენის ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავ. "რომამ" და "ლაციომ" გამარჯვებული "სტადიო ოლიმპიკოზე" უნდა გაარკვიონ. ეს იქნება უდიდესი ჯახი, რომელსაც მოუთმენლად ველოდები.

- მაგრამ, ხომ გახსოვთ, რა მოხდა რომის ქუჩებში ბოლო დერბის წინ?
- კი, მაგრამ როდემდე უნდა ვემალოთ ერთმანეთს? – მომდევნო სეზონში კიდევ მინიმუმ ორჯერ მოგვიწევს შერკინება და მაშინ ის მატჩებიც ჩინეთში გადავიტანოთ. უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

- ამბობენ, რომ თქვენი გადაბირება "მანჩესტერ სიტის" სურს, მართალია?
- მითხარით ერთი ფეხბურთელი, რომლის გადაბირებაც "მანჩესტერ სიტის" არ სურს... ეს მხოლოდ ხმებია და მეტი არაფერი. ინგლისიდან არავინ შემხმიანებია და რომც დამირეკონ, ჩემი წაყვანა ძალიან გაუჭირდებათ. რომში თავს საუცხოოდ ვგრძნობ და აქ კიდევ დიდხანს ვაპირებ დარჩენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზდენეკ ზემანი: სანამ "რომაში" ვმუშაობდი, ყველანაირად ვცდილობდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული