სერია A. XXXIV ტური: ხავიერ ძანეტის ტრავმამ კალჩო დაადუმა [VIDEO]

AutoSharing Option
XXXIV ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ ერთმა ამბავმა ყველა და ყველაფერი გადაფარა: "პალერმო"-"ინტერის" შეხვედრაში ხავიერ ძანეტიმ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და უმძიმესი ტრავმა მიიღო.

მართალია, ექიმებს საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ, მაგრამ ტრავმა რომ მძიმეა, ამაზე ყველანი ერთხმად თანხმდებიან.

არგენტინელის გამოჯანმრთელებას 6-8 თვე დასჭირდება, რაც შესაძლოა, მისი საფეხბურთო კარიერის დასრულებას ნიშნავდეს...

სიცილიაში არავის ეცინებოდა...
"პალერმომ" "ინტერი" ილიჩიჩის გოლით დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. სიცილიელები გადარჩენისთვის იბრძვიან და მათთვის თითოეულ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს.

მიუხედავად ამისა, კუნძულელებს სიხარული დიდად არ
გამოუხატავთ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ შეხვედრამ თვით ხავიერ ძანეტის საფეხბურთო კარიერა იმსხვერპლა.

დიახ, შესაძლოა, სასტიკად ჟღერდეს, მაგრამ თუ დიაგნოზი დადასტურდა, არგენტინელი ალბათ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. ამ უმძიმესი ტრავმის მკურნალობას საშუალოდ 6-8 თვე სჭირდება, დაკარგული ფორმის აღდგენას კი კიდევ მინიმუმ ერთი თვე.

მოკლედ, 39 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც კარიერის დასრულებას მომდევნო სეზონში აპირებდა, ამხელა სარეაბილიტაციო პერიოდი ნამდვილად მეტისმეტია.

"ინტერს" კი მეტად რთული დროება უდგას - ტრავმას ტრავმა მოჰყვება, გუნდის შედეგები კი უარესდება. მილანური გრანდი მეშვიდე ადგილზე დაეშვა და კარგ შემთხვევაში, ევროპის ლიგის საგზურს თუ მოიპოვებს. ვნახოთ, ესეც სათუოა.

იუვემ დერბიც მოიგო
"იუვენტუსი" იტალიაშია პირველი და რა გასაკვირია, რომ არც ტურინში თმობს პოზიციებს. დიახ, ანტონიო კონტეს გუნდმა თანაქალაქელი "ტორინო" დაამარცხა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ.

ამრიგად, თუ მომდევნო ტურში "ბებერი ქალბატონი" "პალერმოს" დაამარცხებს, სკუდეტოს ოფიციალურად გაიფორმებს.

ტურინული დერბი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და სტუმრებმა ორივე გოლი უკანასკნელ წუთებზე გაიტანეს. შეხვედრის დასრულებამდე ხუთ წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როდესაც არტურო ვიდალმა ანგარიში გახსნა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი კლაუდიო მარკიზიომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:2.

ნამატჩევს ანტონიო კონტემ თავისი ფეხბურთელები შეაქო, მეტოქე კი გაამხნევა: "დაძაბული მატჩი იყო, რომელიც უფრო ძლიერი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

"იუვენტუსი" დიდი ნაბიჯებით მიიწევს სკუდეტოსკენ და არ მაქვს საფუძველი, რომ უკმაყოფილო ვიყო. აქვე მინდა, მეტოქე შევაქო ბოლომდე ბრძოლისთვის - ვფიქრობ, ჩვენს მსგავსად, "ტორინოც" შეასრულებს დასახულ ამოცანას და სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეუჩერებელი ფიორენტინა
"ფიორენტინას" შეჩერება სულ უფრო და უფრო რთული ხდება - ვინჩენცო მონტელას გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და "მილანს" მოსვენებას არ აძლევს.

ამჯერად ფლორენციელები გენუას ესტუმრნენ და იქაურ "სამპდორიას" სამი უპასუხო ბურთი მიართვეს. ჯერ ხუან კუადრადომ გამოიჩინა თავი, შემდეგ ადემ ლიაიჩმა და ბოლოს ალბერტო აკვილანიმ.

"ვიოლა" ყველა რგოლში თანაბრად ძლიერი ჩანს და ეს ამ გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი კოზირია.

ფლორენციელებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა და პირველი გოლი ტაიმის შუაწელს გაიტანეს. ამის შემდეგ სტუმართა გამარჯვება ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. მონტელას გუნდს ტრავმამოშუშებული სტევან იოვეტიჩი დაუბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, მთლიანობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

აღარაფერს ვამბობთ ნახევარდაცვაზე, სადაც დავიდ პისარო, ბორხა ვალერო და ალბერტო აკვილანი ბრწყინვალედ ირჯებოდნენ. მოკლედ, "ვიოლა" წინ მიიწევს, თანაც სრული სვლით.

ევროპის ლიგისთვის
ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც ოთხი ტურია დარჩენილი და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურს "მილანი" და "ფიორენტინა" გაითამაშებენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლი" რომ მეორე იქნება, ესეც გადაწყვეტილი ამბავია - ვალტერ მაცარის შეგირდებმა "პესკარა" ედინსონ კავანის გარეშე დაიბრიყვეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხებათ "რომას", "ლაციოს", "ინტერს" და "უდინეზეს" - გამოდის, რომ ამ გუნდებს ისღა დარჩენიათ, ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლონ.

გასულ ტურში "რომამ" "სიენას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო, 4:0. შეხვედრის გმირი პაბლო ოსვალდო გახლავთ, რომელმაც ჰეთ თრიკი მიითვალა აქტივში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამაგიეროდ, "ლაციოს" მოეცარა ხელი, "პარმასთან" მხოლოდ ქულა აიღო და კვლავაც მერვე ადგილზე დარჩა სატურნირო ცხრილში.

დაბეჩავებულ "ინტერზე" უკვე მოგახსენეთ, "უდინეზეს" კი პირიქით, კარგი დროება უდგას და თამაშს თამაშზე იგებს. ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა მოგებათა საფირმო სერია გამოაცხო და მეექვსე ადგილზე აინაცვლა. მოკლედ, ფრიულური "ბიანკონერი" თავის სტიქიაშია, თითქოს არსაიდან ჩნდება და ბარე ორ გაცილებით ამბიციურ გუნდს უკან იტოვებს.

ევროპის ლიგის საგზურების გადანაწილებაში ბევრი რამე იტალიის თასის ფინალზეა დამოკიდებული, რომელშიც რომაული გუნდები შეასკდებიან ერთმანეთს - ამიტომ სატურნირო ვითარება უკიდურესად ჩახლართულია და პროგნოზების კეთებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

სერია A. XXXIV ტური
ატალანტა-ბოლონია 1:1
გოლები: 1:0 ჯორჯი (67), 1:1 ჯილარდინო (76).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ფერი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო (29. ბრივიო) - ჯორჯი (79. რადოვანოვიჩი), ბიონდინი, ჩიგარინი, მორალესი - ლივაია (65. პარა), დენისი.
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - გარიჩი, სორენსენი, ანტონსონი, მორლეო - პერესი (59. გუარენტე), ტაიდერი - კონე (75. მოსკარდელი), დიამანტი, პასკუატო (63. ხრისტოდოლოპულოსი) - ჯილარდინო.
გაფრთხილება: ლივაია - გარიჩი, მორლეო.
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 10-7(6-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 14 000

კალიარი-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 პერეირა (56).
კალიარი (4-3-3): აგაცი - პერიკო, არიაუდო, ასტორი, მურუ - კაზარინი (57. იბარბო), კონტი, ნაინგოლანი - საუ (77. ნენე), რიბეირო (67. აველარი), პინილია.
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, ლაძარი (35. ბადუ), ალანი, გაბრიელ სილვა - პერეირა, ზელინსკი (52. მურიელი) - დი ნატალე (83. პინცი).
გაფრთხილება: არიაუდო, კონტი, ნაინგოლანი, რიბეირო, იბარბო - ზელინსკი, მურიელი.
გაძევება: პინილია (90. კალიარი).
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 7-6(0-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 10 000

პესკარა-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 ინლერი (46), 0:2 პანდევი (58), 0:3 ჯემაილი (82).
პესკარა (4-4-2): პელიცოლი (64. პერინი) - ძანონი, კოსიჩი, კაპუანო, ბალცანო - ტონი, რიცო, დი ფრანჩესკო, კაპრარი (61. სელიკი) - სკული (70. კაშონე), სფორცინი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი - მაჯო (73. მესტო), ჯემაილი, ინლერი, ცუნიგა (62. არმერო) - ჰამშიკი - პანდევი (79. კალაიო), ინსინიე.
გაფრთხილება: ბალცანო, დი ფრანჩესკო - ბრიტოსი.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 7-19(2-10); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 12 000

რომა-სიენა 4:0
გოლები: 1:0 ოსვალდო (14), 2:0 ლამელა (16), 3:0 ოსვალდო (41), 4:0 ოსვალდო (67).
რომა (4-3-3): ლობონტი - ტოროსიდისი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი (34. პიანიჩი), ფლორენცი, ბრედლი - ლამელა (68. პეროტა), ტოტი (75. ლოპესი), ოსვალდო.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - პაჩი, ფელიპე, ტერცი - ანჯელო, ვერგასოლა (82. ვერე), რუბინი, დელა როკა - ვალიანი (54. აგრა), როზინა (74. კალელო) - ემეგარა.
გაფრთხილება: პიანიჩი - ვერგასოლა.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-14(6-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 40 000

კიევო-ჯენოა 0:1
გოლი: 0:1 ბორიელო (73).
კიევო (3-5-2): პუჯონი - დაინელი, პაპი, ანდრეოლი - სარდო, კოფიე, ლ. რიგონი (80. უჩე), ჰეტემაი, დრამე - სტოიანი (67. თერეუ), პალოსკი.
ჯენოა (3-5-2): ფრეი - გრანკვისტი, მანფრედინი, მორეტი - პიზანო (58. ბერტოლაჩი), მ. რიგონი, მათუზალემი, ანტონელი, ვარგასი (90. ტოზცერი) - ბორიელო, ფლორო ფლორესი (68. იმობილე).
გაფრთხილება: პაპი, სარდო, ჰეტემაი, თერეუ - ბორიელო.
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-7(1-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 10 000

პალერმო-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 ილიჩიჩი (10).
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, დონატი, არონიკა - მორგანელა, ბარეტო, რიოსი, კურტიჩი, გარსია (82. ნელსონი) - ილიჩიჩი (72. ერნანდესი), მიკოლი (87. მუნიოსი).
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, ჟუან ჟესუსი, სილვესტრი (71. გარიტანო) - ჯონატანი, ძანეტი (17. სკელოტო), კუზმანოვიჩი (86. ფორტე), კოვაჩიჩი, პერეირა - ალვარესი, როკი.
გაფრთხილება: მორგანელა, ბარეტო, მიკოლი, ერნანდესი - სილვესტრი, სკელოტო.
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-14(8-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 28 000

პარმა-ლაციო 0:0
პარმა (4-3-3): მირანტე - ბენალუანი, ლუკარელი, პალეტა, მესბა (79. გობი) - პაროლო, ვალდესი, მარკიონი (70. ნინისი) - ბელფოდილი, ბიაბიანი (70. სანსონე), ამაური.
ლაციო (4-1-4-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ (83. პერეირინია) - ონაზი - ლედესმა, ერნანესი, ედერსონი (67. ფლოკარი), კანდრევა - კლოზე (75. კოზაკი).
გაფრთხილება: მარკიონი, ვალდესი, პაროლო, ამაური, ნინისი - კანდრევა.
გაძევება: ბიავა (90. ლაციო).
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 8-7(3-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 13 000

სამპდორია-ფიორენტინა 0:3
გოლები: 0:1 კუადრადო (36), 0:2 ლიაიჩი (42), 0:3 აკვილანი (73).
სამპდორია (4-4-2): რომერო - მუსტაფი, პალომბო, გასტალდელო, ბერარდი - დე სილვესტრი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია (46. ედერი) - სანსონე (69. მუნარი), მაქსი ლოპესი (56. იკარდი).
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი (76. სისოკო), პისარო, ბორხა ვალერო - კუადრადო (77. რომულო), იოვეტიჩი, ლიაიჩი (83. ელ ჰამდაუი).
გაფრთხილება: პალომბო, ედერი - გონსალო, სავიჩი, აკვილანი.
გაძევება: გასტალდელო (80. სამპდორია).
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7-10(2-6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 23 000

ტორინო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ვიდალი (86), 0:2 მარკიზიო (90).
ტორინო (4-4-2): ჟილე - მაზიელო, გლიკი, ოგბონა, დამბროზიო (75. დი ჩეზარე) - ჩერჩი, ბაშა, გაცი, სანტანა (83. ბირსა) - მეჯორინი (67. ჯონატასი), ბიანკი.
იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (74. კასერესი), ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა (90. პელუზო) - მარკიზიო - ვუჩინიჩი (74. კვალიარელა).
გაფრთხილება: მაზიელო, მეჯორინი - ლიხტშტაინერი.
გაძევება: გლიკი (90. ტორინო).
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 10-24; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 3-10(2-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 27 000

მილანი-კატანია 4:2
გოლები: 0:1 ლეგროტალიე (30), 1:1 ფლამინი (45), 1:2 ბერგესიო (65), 2:2 პაცინი (75), 3:2 პაცინი (77), 4:2 ბალოტელი (90-პენ.).
მილანი (4-3-3): ამელია - აბატე, მექსე, ბონერა, დე შილიო - მონტოლივო, ფლამინი, ნოჩერინო (67. პაცინი) - ბოატენგი (88. ნიანგი), ელ შაარავი (81. მუნტარი), ბალოტელი.
კატანია (4-2-3-1): ფრიზონი - ისკო, ლეგროტალიე, როლინი, მარკეზე - ალმირონი (82. ბიაჯანტი), ლოდი (88. კაპუანო) - კასტრო, ბარიენტოსი, გომესი - ბერგესიო.
გაფრთხილება: დე შილიო, ბალოტელი - ფრიზონი, ლეგროტალიე, მარკეზე, ბერგესიო.
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 22-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 26-6(13-3); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 50 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 34 25 5 4 66-20 80
2. ნაპოლი 34 20 9 5 64-32 69
3. მილანი 34 18 8 8 59-37 62
4. ფიორენტინა 34 18 7 9 65-42 61
5. რომა 34 16 7 11 67-54 55
6. უდინეზე 34 14 12 8 46-39 54
7. ინტერი 34 16 5 13 50-45 53
8. ლაციო 34 15 7 12 39-39 52
9. კატანია 34 13 9 12 43-43 48
10. კალიარი 34 11 9 14 41-53 42
11. ბოლონია 34 10 10 14 44-43 40
12. პარმა 34 10 10 14 39-43 40
13. ატალანტა 34 11 8 15 36-49 39
14. კიევო 34 11 6 17 33-49 39
15. სამპდორია 34 10 9 15 38-43 38
16. ტორინო 34 8 13 13 43-51 36
17. პალერმო 34 6 14 14 31-46 32
18. ჯენოა 34 7 11 16 34-50 32
19. სიენა 34 9 9 16 34-49 30
20. პესკარა 34 6 4 24 25-70 22

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
23 - კავანი (ნაპოლი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა), პაცინი (მილანი)

მომდევნო ტური
4 მაისი: კიევო-კალიარი, ფიორენტინა-რომა; 5 მაისი: უდინეზე-სამპდორია, პარმა-ატალანტა, ლაციო-ბოლონია, იუვენტუსი-პალერმო, ჯენოა-პესკარა, კატანია-სიენა, მილანი-ტორინო, ნაპოლი-ინტერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული