როგორ თქვა უარი ანდრეა პირლომ "ბარსელონაზე", "რეალსა" და "ჩელსიზე"

AutoSharing Option
ანდრეა პირლო იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა და საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება. ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა გაამხილა, რომ თავის დროზე მადრიდის "რეალში", "ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსიში" გადასვლასთან იყო ახლოს. დროა, სიტყვა 33 წლის ფეხბურთელს გადავცეთ...

ბარსა, რეალი, ჩელსი
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, არაერთ კლუბს სურდა ჩემი გადაბირება, თუმცა ყველაზე ახლოს მსოფლიო ფეხბურთის სამ გრანდში გადაბარგებასთან ვიყავი. 2001 წელს თვით პეპ გვარდიოლა ცდილობდა "ბარსელონაში" ჩემს წაყვანას და სიმართლე გითხრათ, ეს ვარიანტი მეც ძალიან მომწონდა. ერთი პერიოდი გადაწყვეტილი მქონდა კატალონიაში წასვლა, მაგრამ
საქმეში თვით სილვიო ბერლუსკონი ჩაერია და ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევანი "მილანზე" შემეჩერებინა. დონ სილვიომ თავისთან დამპატიჟა, ბევრი ვილაპარაკეთ და ყველაფერი იქ გადაწყდა.

2006 წელს ჩემი გადაბირება უკვე "რეალს" სურდა, რომელსაც იმ პერიოდში ფაბიო კაპელო ედგა სათავეში. კაპელომ ჩემი ტრანსფერი პრიორიტეტულად გამოაცხადა და მადრიდელებიც აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ მე თვითონ არ ვისურვე "მილანის" დატოვება. იმ პერიოდში "როსონერიში" ოქროს თაობამ მოიყარა თავი და იმ გუნდის დატოვების არავითარი სურვილი არ მქონდა.

სამაგიეროდ, 2008-ში ვაპირებდი ლომბარდიის დატოვებას, როდესაც "ჩელსის" მესვეურებს კონტრაქტის დეტალებზეც კი შევუთანხმდი, მაგრამ იქ ისევ ბერლუსკონიმ გამოიდო თავი - დონ სილვიომ ყველაფერი გააკეთა, რომ კვლავ მილანში დავრჩენილიყავი.

მილანიდან იუვენტუსში
"იუვენტუსში" გადასვლა ერთი წუთითაც არ მინანია და მივიჩნევ, რომ ამით მეც მოვიგე, "იუვენტუსმაც" და "მილანმაც". დიახ, "როსონერიში" მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა და აშკარად ახალი გამოწვევა მჭირდებოდა, რაც მივიღე კიდეც. ტურინში თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნა და ეს ჩემს ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც აისახა.

როდესაც ბერლუსკონი აღარ წავიდა ჩემი წასვლის წინააღმდეგ, იქ მივხვდი, რომ ტურინში აუცილებლად უნდა გადავბარგებულიყავი. საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი სრულად გამართლდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო: "ბაიერნი" მთელი 90 წუთის განმავლობაში გვჯობდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული