ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და ბუნებრივია, სატურნირო ინტრიგა სულ უფრო იკლებს...
იუვე არ ცხრება
"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია, თუმცა არ ცხრება და აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას. "ატალანტასთან" შეხვედრაში ანტონიო კონტემ გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და ამან გაუმართლა კიდეც... კარში მარკო სტორარი იდგა, დაცვაში ლუკა მარონე და მარტინ კასერესი გამოჩნდნენ, ნახევარდაცვაში ემანუელე ჯაკერინი, მაურისიო ისლა და
რა ბედი ეწევათ ამ მოთამაშეებს და დარჩებიან თუ არა ტურინულ გრანდში მომდევნო სეზონშიც? - ამ თემაზე ჟურნალისტებმა კონტეს ჰკითხეს და შემდეგი მოისმინეს:
"რამდენიმე ფეხბურთელის ბედი უკვე გადაწყვეტილია, დანარჩენების მომავალი კი ზაფხულში გაირკვევა. სიმართლე გითხრათ, დღეს არ მსურს ამაზე ლაპარაკი, რადგან წინ ჩემპიონატის კიდევ ორი მატჩია. ბოლო ორ ტურშიც, მეტწილად, იმ ფეხბურთელებს დავეყრდნობი, რომლებსაც სეზონის განმავლობაში იშვიათად უწევდათ თამაში. ეს თავის წარმოჩენის დამატებითი შანსია, რამაც შესაძლოა, მათ მომავალზე გადამწყვეტი როლი იქონიოს".
"იუვენტუსმა" უპირატესობით წარმართა ბერგამოული მატჩი და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, 1:0 - ერთადერთი და გამარჯვების გოლი ალესანდრო მატრიმ შეაგდო, რომელმაც "იუვეში" დარჩენის სურვილი გამოთქვა:
"სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია თავი სხვა გუნდში და იმედია, ასეთი რამ არც მოხდება. ძალიან მინდა ტურინში დარჩენა და ქვეყნის საუკეთესო გუნდში ასპარეზობა. დარწმუნებული ვარ, "იუვესთვის" დიდი სარგებლის მოტანა შემიძლია და მთავარია, სათამაშოდ მეტი დრო მომეცეს. უახლოეს დღეებში კონტესთან ვაპირებ დალაპარაკებას. სწორედ ის გადაწყვეტს ყველაფერს".
სტრამაჩონი ხავსს ეჭიდება
"ინტერმა" კიდევ ერთი მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში კვლავაც შეუფერებელ, მერვე ადგილზეა. ეგ კი არა, "კატანიას" "სამპდორიასთან" რომ მოეგო, მილანური გრანდი სულაც მეცხრე პოზიციაზე დაეშვებოდა. აქვე ვთქვათ, რომ ამ მარცხით "ნერაძურიმ" ევროპალიგაზე მოხვედრის შანსიც დაკარგა.
მიუხედავად ამისა, ანდრეა სტრამაჩონი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ მისი გუნდი განვითარების სწორ გზაზეა და "ლაციოსთან" შეხვედრაში პროგრესი აშკარა იყო. "ნერაძურიმ" საკუთარ კედლებში წააგო "ლაციოსთან" და მართალია, სახიფათო მომენტები მეტოქეზე მეტი შექმნა, თუნდაც ქულას ნაკლებად იმსახურებდა.
"უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე წინა შეხვედრებში და ეს მახარებს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, პროგრესი სახეზეა. სწორ გზას ვადგავართ და შედეგსაც მალე მოვიმკით, მთავარი მოთმინებაა. "ლაციო" ორჯერ დაწინაურდა და მეორეჯერაც შეგვეძლო გათანაბრება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გვიმართლებდა. საბოლოოდ მესამე გავუშვით და იქ დასრულდა ყველაფერი. გულშემატკივარმა დაინახა, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია".
ბრავო გვიდოლინს
ფრანჩესკო გვიდოლინი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელია, რომლის "უდინეზეც" წლებია, წარმატებულად ასპარეზობს. მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე კლუბი სწორი საკადრო პოლიტიკის, ჭკვიანი მწვრთნელის და სხვა წვრილმანი და მსხვილმანი ფაქტორების გათვალისწინებით, გაცილებით ამბიციურ გუნდებს უწევს კონკურენციას.
პრაქტიკულად, ყოველ წელს, ფრიულელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ევროპის რანგით მეორე ტურნირის საგზურს მაინც იღებენ.
მიმდინარე სეზონში "ბიანკონერის" ძალიან გაუჭირდა და თავიდან ცხრილის ქვედა ნაწილში გამაგრდა - ბევრმა ჩათვალა, რომ "უდინეზეს" გადარჩენისთვის მოუწევდა ბრძოლა, მაგრამ გვიდოლინმა და კომპანიამ კიდევ ერთხელ გააოცეს საფეხბურთო საზოგადოება...
აღმასვლის პიკი 6-მატჩიანი მოგებათა სერია გახლავთ, რომლის წყალობითაც "ბიანკონერი" მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა და კვლავაც უკან ჰყავს მოტოვებული ძლიერნი ამა ქვეყნისანი: "ლაციო", "რომა", "ინტერი". გვიდოლინი მომდევნო სეზონშიც ფრიულელთა თავკაცი იქნება და როგორც აცხადებს, მისი გუნდი კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს:
"ზაფხულში ყველა წამყვანი ფეხბურთელის შენარჩუნებას ვაპირებთ, რათა მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ნამდვილად ხელგვეწიფება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. "უდინეზე" უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს. ვარსკვლავების გარეშე ჩვენი გუნდი გრანდებს უწევს კონკურენციას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება".
დე ლაურენტისი: მაცარი უნდა დარჩეს!
გადაწყვეტილი ამბავია: "ნაპოლი" ჩემპიონატს მეორე ადგილზე დაასრულებს, ეს კი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრას და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში გარდაუვალ მონაწილეობას ნიშნავს. ნეაპოლელებმა ბოლო სამ წელში მეორეჯერ მოიპოვეს ლიგის საგზური და ბუნებრივია, ეს კლუბის პრეზიდენტისთვის მეტად საამაყო ამბავია.
აურელიო დე ლაურენტისმა წარმატება გულშემატკივრებს მიუძღვნა და დაპირდა მათ, რომ ვალტერ მაცარის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს:
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგან სკუდეტოს ითხოვდა, მეორე ადგილზე გასვლა მხოლოდ წარმატებად უნდა ჩავთვალოთ. მეტიც, ეს ფანტასტიკური შედეგია, რადგან უკან არაერთი გრანდი მოვიტოვეთ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, "ნაპოლი" არაა ოლიგარქების გუნდი, სადაც მილიარდები იხარჯება და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ - ამიტომ ჩვენი წარმატება კიდევ უფრო დასაფასებელია.
მინდა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა თითოეულ ფეხბურთელს და განსაკუთრებულად, მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის მივულოცო. ვფიქრობ, წარმატებაში ვალტერის წვლილი კოლოსალურია და იმედია, გააგრძელებს მუშაობას ჩვენთან. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაცარისთან ხელშეკრულება გავახანგრძლივოთ".
ვალტერ მაცარის ნეაპოლელებთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებას არ თანხმდება. გამოცდილი სპეციალისტი ზაფხულში აპირებს გადაწყვეტილების მიღებას და დე ლაურენტისსაც ისღა დარჩენია, სეზონის დასრულებას დაელოდოს.
სიცილიელები არ ნებდებიან
"სიენამ" ტოსკანურ დერბიში წააგო და "პესკარას" შეუერთდა, რომელმაც სერია B-ს საგზური ორი ტურით ადრე "მოიპოვა". ფაქტობრივად, უიმედო ვითარებაშია "პალერმოც", რომელმაც "უდინეზესთან" მარცხი იწვნია და "ჯენოას" ოთხი ქულით დაშორდა. ორ ტურში ოთხი ქულის აღმოფხვრა თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ სიცილიელები ფარ-ხმალს არ ყრიან - კლუბის პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ მწვრთნელ-ფეხბურთელებს ბრძოლისკენ მოუწოდა:
"უდინელებთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით - ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. ელიტაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. მომდევნო ტურში ფლორენციაში ჩავდივართ, სადაც შესაძლებლობათა მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. ჩვენ შეგვიძლია სასწაულის მოხდენა და მინდა ეს თითოეულმა ფეხბურთელმა დაიჯეროს. მე მჯერა მათი და ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ".
მომდევნო ტურში "პალერმო" "ფიორენტინას" ესტუმრება, "ჯენოა" კი "ინტერს" მიიღებს. რაც შეეხება ბოლო ტურს, სიცილიელები "პარმას" დაუხვდებიან, გენუელები კი "ბოლონიას" ესტუმრებიან. "ჯენოას" შანსები გაცილებით ძვირად ფასობს, მაგრამ ბურთი მრგვალია და მაინც ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A. XXXVI ტური: მასპინძელთა შავი დღე ფინიშის სწორზე [VIDEO]