ახალი კონტრაქტის თანახმად, ანტონიო სეზონურად 5 მილიონ ევროს მიიღებს და ცხადია, ტიტულების მოგების შემთხვევაში, ბონუსებსაც მიიღებს. თანამედროვე კალჩოსთვის ეს მართლაც მეგა-კონტრაქტია, რადგან დღეს იტალიაში 5 მილიონს ფეხბურთელებსაც აღარ უხდიან...
კონტეს მოთხოვნები
კონტეს ხელშეკრულების ამბავი კლუბის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც თავად ანტონიოს გარდა, "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და დირექტორები:
"მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელზეც განვლილი სეზონი შევაჯამეთ და მომავალზე ვიმსჯელეთ. კლუბის მესვეურებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს და ჩვენი პოზიციები თითქმის ყველაფერში ემთხვევა ერთმანეთს. შევთანხმდით, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი უნდა გავაძლიეროთ. სხვაგვარად არათუ ახალი სიმაღლეების დაპყრობა, მიღწეულის შენარჩუნება გაგვიჭირდება.
ჩემი "იუვედან" წასვლა არც აქამდე განიხილებოდა და არც დღეს განიხილება - მხოლოდ "ბიანკონერიზე" და მომდევნო სეზონზე ვფიქრობ. ახალ ხელშეკრულებას მალე გავაფორმებთ და ყველა ჭორს მოეღება ბოლო".
კონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდი გასაძლიერებელია, მაგრამ იტალიელმა ჟურნალისტებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს, ვიდრე თვითონ ანტონიომ გათქვა. იგივე "გაძეტა" ირწმუნება, რომ ანტონიომ შვიდი-რვა ფეხბურთელის დამატება მოითხოვა, რომელთაგან ორი თავდამსხმელი იქნება და თანაც, მაღალანაზღაურებადი, ანუ ექსტრა-კლასის... კონტეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჰქონდა: არაფრის დიდებით არ უნდა გასხვისდნენ არტურო ვიდალი და პოლ პოგბა. რადგან მხარეები მიღწეულ შეთანხმებასა და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბრობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტეს ამ მოთხოვნებს კლუბის მესვეურები დაყაბულდნენ.
ანტონიოს რომ ზაფხულში გუნდის გვარიანი გაძლიერება სურს, მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარშიც გამოჩნდა:
"ფეხბურთში მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები რეალურად არსებობს და მთავარია, ეს ავიცილოთ თავიდან. ზედიზედ ორჯერ ავიღეთ სკუდეტო და ბუნებრივია, ფეხბურთელებს ამგვარი პრობლემები, შესაძლოა, შეექმნათ. ამიტომ ახალი მოთამაშეების დამატებაა საჭირო, რომლებიც ახალ ენერგიას შესძენენ გუნდს და ენთუზიაზმს სხვებსაც გადასდებენ. შესაბამისად, ტრანსფერებზე აქტიურად გვმართებს მუშაობა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პირლოს გზა - ნაწყვეტები ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან