ვინჩენცო მონტელა: უნდა გავძლიერდეთ

AutoSharing Option
"ფიორენტინამ" სერია A-ს უკვე ისტორიად ქცეულ გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

თუმცა კლუბის მესვეურებმა მეოთხე ადგილი და ევროპალიგის საგზურიც წარმატებად შეაფასეს. ფლორენციული გუნდის წარმატებების მთავარ შემოქმედად ვინჩენცო მონტელა მიიჩნევა, რომელიც რჩება "ვიოლაში" და კიდევ უფრო ამბიციურ გეგმებს ისახავს. თუმცა მწვრთნელს კარგად ესმის, რომ გაძლიერების გარეშე არაფერი გამოვა:

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განვლილი სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენგან არავინ ელოდა, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებდით. "მილანს" ღირსეული კონკურენცია გავუწიეთ და ამით ვამაყობ.
მომდევნო სეზონში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს: ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, იტალიის თასისა და ევროპალიგის მოგება. კარგად მესმის, რომ არსებული რესურსით, ამ მიზნების მიღწევა გაგვიჭირდება. ამიტომ გაძლიერებაა საჭირო. უკვე დავიწყეთ ახალი ფეხბურთელების შერჩევა და მალე გეგმებსაც გავამზეურებთ".


პისაროს "იებიდან" წასვლა სურს
"ფიორენტინას" წარმატებაში წონადი წვლილი შეიტანა 33 წლის ნახევარმცველმა დავიდ პისარომ. ჩილელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ფლორენციელ გულშემატკივრებს მყისვე შეაყვარა თავი... თუმცა პისაროს აგენტმა ალეჰანდრო სანტისტებანმა მეტად მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

"დავიდს საოცარი სეზონი ჰქონდა, 2476 წუთი ითამაშა, სამი გოლი შეაგდო და არაერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 33 წლის ასაკში ეს მართლაც ბრწყინვალე შედეგია. ჩემი კლიენტი კიდევ ორი-სამი წელი აპირებს ფეხბურთის თამაშს და სურს, ახალი გამოწვევა მიიღოს. დავიდით ინგლისური პრემიერლიგის და გერმანული ბუნდესლიგის გუნდები არიან დაინტერესებულნი. უახლოეს დღეებში "ფიორენტინას" მესვეურებს შევხვდებით და ყველა საკითხს გადავწყვეტთ".

შეგახსენებთ, რომ დავიდ პისარომ იტალიურ საფეხბურთო სამყაროს "უდინეზეში" ასპარეზობით გააცნო თავი, რის შემდეგაც ერთი სეზონი "ინტერში" დაჰყო და "რომაში" გადაბარგდა, სადაც ექვსი წელი იასპარეზა. ცოტა ხანი "მანჩესტერ სიტიშიც" თამაშობდა, 2012 წლიდან კი "ფიორენტინას" ღირსებას იცავს.

პისარო ჩილეს ნაკრებში დაბრუნდა
"ფიორენტინას" ნახევარმცველი ჩილეს ნაკრებს უბრუნდება. დავიდ პისარო 8-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოირგებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფორმას. ნაკრებში უკანასკნელი შეხვედრა 33 წლის ფეხბურთელმა 2005 წელს ჩაატარა. მაშინ დისციპლინის დარღვევის გამო პისარომ, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, დისკვალიფიკაცია მიიღო, ვადის გასვლის შემდეგ კი ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.

ჩილელთა არგენტინელმა დამრიგებელმა ხორხე სამპაოლიმ ვეტერანი ნახევარმცველი დაითანხმა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის გამოიძახა. ჩილე 7 ივნისს პარაგვაის შეხვდება, 11-ში კი ბოლივიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინჩენცო მონტელა "სიენას" ჰიმნს იმღერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული