აურელიო დე ლაურენტისი იმპერიას აფართოებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა და მეტად მოულოდნელი განცხადება გააკეთა. სენიორ აურელიოს თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ სამი კლუბის შეძენას აპირებს და იქვე დასძენს, რომ ამით მის საფეხბურთო იმპერიას მნიშვნელოვნად გააფართოებს. მოვუსმინოთ დე ლაურენტისს:

"ჩემს გეგმებში კიდევ სამი საფეხბურთო კლუბის შეძენაა, რაც მსოფლიო ფეხბურთში აპრობირებული მეთოდია. ასეთი ფორმით, გუნდები ისევ ერთმანეთს დაეხმარებიან და გააძლიერებენ. რამდენი კარგი ფეხბურთელი გამიშვია "ნაპოლიდან" იჯარის წესით, რომ სხვაგან სათამაშო პრაქტიკა მიეღო. ხშირად ამით კონკურენტსაც კი ვაძლიერებთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

მოკლედ,
რამდენიმე კლუბის შეძენა ყველანაირად გამართლებულია და ამას ვაპირებ კიდეც. რომელი კლუბების? - დღეს ამაზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ერთი კლუბი ინგლისური იქნება. დაიცადეთ ცოტა ხანი და ყველაფერს მოეფინება ნათელი".

დე ლაურენტისს უნდა დავეთანხმოთ, რომ ასეთი მეთოდი ევროპულ ფეხბურთში აპრობირებულია. მაგალითად, "უდინეზეს" მმართველი ჯამპაოლო პოცო კიდევ ორ კლუბს ფლობს: ინგლისში "უოტფორდს" და ესპანეთში "გრანადას". ყოველ ზაფხულს უდინური გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი მიდის როგორც ალბიონზე, ისე პირინეებზე და პირიქით...

როგორც ჩანს, ფრიულელთა ბოლო წლების წარმატებებში ამ ყველაფერს დიდი წვლილი მიუძღვის. დე ლაურენტისმა "ნაპოლიზეც" ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ნეაპოლელი ვარ და მიყვარს ყველაფერი, რაც ამ ქალაქთანაა დაკავშირებული. ამიტომ დაწყებულ საქმეს არასდროს მოვეშვები და "ნაპოლის" ევროპული ფეხბურთის გრანდად ვაქცევ. მსურს, ჩემს ქალაქს მსოფლიო მასშტაბით გავუთქვა სახელი და მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. რაფაელ ბენიტესზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვიცი, რომ ვალტერ მაცარის დაწყებულ საქმეს შესანიშნავად გააგრძელებს. ესპანელს კლუბის მესვეურებისგან სრული მხარდაჭერა აქვს, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული