მილანის "ინტერის" არჩევანი: სამირ ჰანდანოვიჩი თუ 30 მილიონი ევრო?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იტალიურ სპორტულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონას" მესვეურები 28 წლის სამირ ჰანდანოვიჩის ტრანსფერის თაობაზე "ინტერთან" მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ.

ცნობილია, რომ კატალონიურ გრანდში ვიქტორ ვალდესის პოზიციები ძველებურად მყარი ვეღარ არის და მისი შემცვლელის ძიება მიმდინარეობს. ითქვა ისიც, რომ ესპანელები მზად არიან, ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ თემაზე მოკლე კომენტარი "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გააკეთა:

"კარგი მეკარე ნახევარ გუნდს უდრის და ამიტომ სამირ ჰანდანოვიჩის გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის. გავიგე, რომ მისით "ბარსელონაა" დაინტერესებული, რაც
სამირის მაღალ კლასს უსვამს ხაზს. 30 მილიონი ევრო? - სოლიდური თანხაა, მაგრამ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჰანდანოვიჩი არსად გავუშვათ".

ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირება "ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლუკა პალიუკამ გადაწყვიტა - მისი მოსაზრება განსხვავებული შინაარსისაა და ამიტომ გავამახვილეთ ყურადღება:

"ჰანდანოვიჩი უმაღლესი კლასის მეკარეა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. გასულ სეზონში სამირი ერთადერთი გახლდათ "ინტერში", ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებდა. ახალგაზრდა მეკარეებიდან ჰანდანოვიჩს და მანუელ ნოიერს გამოვყოფდი, ვეტერანებიდან კი ჯანლუიჯი ბუფონს და იკერ კასილიასს.

ამით იმის თქმა მსურს, რომ სამირს ვაფასებ და რასაც ახლა ვიტყვი, არანაირად არაა დაკავშირებული მის კლასსა და კვალიფიკაციასთან... უბრალოდ, ვფიქრობ, რომ თუ "ბარსელონა" ჰანდანოვიჩში 30 მილიონ ევროს გადაიხდის, მასიმო მორატიმ სლოვენიელი უნდა გაასხვისოს. ამ თანხად ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება შეიძლება, ეს კი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. იტალიაში ბევრი კარგი მეკარეა და სამირის შემცვლელიც აუცილებლად გამოჩნდება. მოკლედ, მორატის ადგილზე, 30 მილიონად ჰანდანოვიჩს აუცილებლად შეველეოდი"
.

ბელფოდილი ინტერელია
ამასობაში "გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ "ინტერმა" და "პარმამ" ისაკ ბელფოდილის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 21 წლის ფორვარდი მომდევნო სეზონიდან მილანურ გრანდში იასპარეზებს, რასაც თვითონვე ადასტურებს:

"დიახ, შეთანხმება შედგა და საბედნიეროდ, მე უკვე "ინტერის" ფეხბურთელი ვარ. "ნერაძური" უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია, რომლის ნაწილიც სიამოვნებით გავხდები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაცემული ავანსები გავამართლო".

ერთი სიტყვით, ბელფოდილი უკვე "ინტერისტაა", მაგრამ რა ხდება ანტონიო კასანოსთან დაკავშირებით? - ბოლო პერიოდში, მუდმივად გვესმოდა, რომ ბელფოდილი სწორედ კასანოში იცვლებოდა და 30 წლის ფორვარდი კარიერას ემილიურ გუნდში გააგრძელებდა. ამ თემაზე მორატიმ ბუნდოვანი განცხადება გააკეთა:

"ანტონიოს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია და ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, რომ ანტონიოს ემილიაში წასვლის ალბათობა მაღალია, მაგრამ საკითხი ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. ყველა კითხვას ახლო მომავალში გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი: აქცენტი ახალგაზრდებზე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული