ფრანჩესკო ტოტი: ყველა ტიტულზე ძვირფასი ხალხის სიყვარულია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, "რომას" ახალი ფორმის პრეზენტაციაზე, ფრანჩესკო ტოტიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და გვაუწყა, რომ მომდევნო სეზონი ბოლო იქნება მის საფეხბურთო კარიერაში.

მოულოდნელი არა იმიტომ, რომ ტოტის ასაკი არ უწყობს ხელს (36); უბრალოდ, "რომა" და კალჩო "პუპონეს" გარეშე რთულად წარმოსადგენია. ამიტომ ტოტის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მასზე ბევრი საინტერესო სტატია დაიბეჭდა.

ქვემოთ ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც ფრანჩესკო საინტერესო თემებზე საუბრობს...

- ვრცელდებოდა ცნობები, რომ "რომასთან" ხელშეკრულების 2016 წლამდე გახანგრძლივებას აპირებთ და უცებ კარიერის დასრულება გადაწყვიტეთ...
- კონტრაქტის გაგრძელებაზე გავრცელებული ხმები
ჭორი იყო და მეტი არაფერი. კარიერას მომდევნო ზაფხულს დავასრულებ, ერთი წელი კი დიდი დროა და ჯერ სულაც არ ვთვლი თავს ექსფეხბურთელად. ამ ეტაპზე მხოლოდ მომდევნო სეზონზე ვარ კონცენტრირებული და იმ მიზნებზე, რომლებიც დასახული გვაქვს.

რაც შეეხება კარიერის დასასრულს, ამაზე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ფინიშისთვის საუკეთესო დრო მომდევნო ზაფხული იქნება. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, რომელიც კარგად მაქვს გააზრებული.

- თუმცა, ამბობენ, რომ "რომას" მესვეურები კვლავაც ცდილობენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თქვენს დათანხმებას...
- ჯერჯერობით ასეთი მცდელობა არ შემინიშნავს და რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია. არ გამოვრიცხავ, რომ შემოთავაზება მივიღო, თუმცა მომდევნო ზაფხულს კარიერის დასრულება მყარად მაქვს გადაწყვეტილი.

- მსოფლიოს ჩემპიონატს ხომ არ უმიზნებთ?
- სანაკრებო კარიერა 2006 წელს დავასრულე და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მაშინ რომ ასე არ მოვქცეულიყავი, დღეს უკვე დასრულებული მექნებოდა კარიერა. ორ ფრონტზე ბრძოლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მეც არჩევანის წინაშე ვიდექი. თუმცა, რადგან მომდევნო ზაფხულს კარიერას ვასრულებ, ერთ კონკრეტულ ტურნირში თამაშზე ალბათ არ ვიტყვი უარს. თუმცა ნაკრებისგან ჯერ შორს ვარ, რადგან ჩეზარე პრანდელის არასდროს უთქვამს, ტოტი "აძურაში" უნდა დავაბრუნოო.

- აქამდე არც თქვენ გითქვამთ, რომ ნაკრებში დაბრუნების სურვილი გაქვთ...
- მართალია და ვნახოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება ამ ამბავს. მწვრთნელის ყველანაირ გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები, რაც პრანდელიმ ყველაზე უკეთ იცის. წინ საინტერესო სეზონი გველის და ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვები ბატალიებში.

- გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერასდროს ითამაშებთ...
- ადრე თუ გვიან, დადგებოდა ის დღე, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვითამაშებდი. მას შემდეგ, რაც მუნდიალი მოვიგე, ჩემი უმთავრესი ოცნება სწორედ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება იყო, მაგრამ რას ვიზამთ, ყველა სურვილის ასრულება შეუძლებელია. ყველა ღონეს ვიხმარ, რომ კარიერა გამარჯვებულმა დავასრულო.

- მაინც რა მიზნებს ისახავთ "რომასთან" ერთად?
- გასული სეზონი ყველაზე მძიმე იყო ჩემს საფეხბურთო კარიერაში და სიმართლე გითხრათ, რევანშისტულად ვარ განწყობილი. სეზონის იტალიის თასის ფინალში მარცხით დასრულება და თანაც "ლაციოსთან", მეტისმეტი იყო. გულშემატკივართა წინაშე ვალში ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სირცხვილი ჩამოვიწმინდო.

- შეუძლია "რომას" სკუდეტოს მოგება?
- სერია A-ში გამარჯვება წარმოუდგენლად რთულია, ალბათ უფრო რთულიც, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა მე ყოველთვის იმედიანად ველოდები ახალ სეზონს. "რომას" შესწევს იმის უნარი, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს, მათ შორის, სკუდეტოსთვის. მთავარია, ახალმა მწვრთნელმა გუნდს სწორი მიმართულება მისცეს და ცოტა გაგვიმართლოს. გამართლებაში ტრავმებსაც ვგულისხმობ, რომელმაც გასულ სეზონში გვარიანად დაგვაზარალა.

- რას ელით რუდი გარსიასგან?
- არ ვიცნობ მას და შესაბამისად, რთულია, რაიმე კონკრეტულს ელოდებოდე. ჩემი სურვილია, რომ მან პატივი სცეს "რომას" ტრადიციებს, მას მოერგოს და არა პირიქით, ყველაფერი თავის თავს მოარგოს. ვფიქრობ, "რომაში" სწორედ იმ მწვრთნელებს ჰქონდათ წარმატება, რომლებიც ჩვენი კლუბის ტრადიციებს ითვალისწინებდნენ. რუდი გარსია ნიჭიერი მწვრთნელია, მისი "ლილი" შემტევ, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა, რაც ჩემს გემოვნებაში ჯდება.

- რამდენად კმაყოფილი ხართ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით?
- სატრანსფერო ფანჯრის დიდი ნაწილი წინაა და ჯერ გაგვიჭირდება კლუბის მესვეურთა მუშაობის შეფასება. ჯერჯერობით ჩვენი კონკურენტები უფრო ძლიერდებიან, თუმცა იმედი მაქვს, ვითარება შეიცვლება. რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის გადაბირება ნამდვილად არ გვაწყენდა.

- წარსულში დავბრუნდეთ. შეგიძლიათ მითხრათ, რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო სეზონი?
- სკუდეტოს მოპოვება განუმეორებელი შეგრძნებაა, რომელსაც კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი. სეზონი, როდესაც ჩემპიონები გავხდით, მართლაც დაუვიწყარი იყო. მაშინ "რომაში" უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა, მწვრთნელი კი თვით ფაბიო კაპელო გახლდათ. რა დამავიწყებს გაბრიელ ბატისტუტას მხარდამხარ თამაშს, ამ მართლაც ლეგენდარულ ფორვარდთან. რა თქმა უნდა, განუმეორებელი იყო 2006 წლის ზაფხული, როდესაც მსოფლიო ჩემპიონის ტოტულს დავეუფლე.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ფაბიო გროსომ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა?
- ის წამები ნამდვილად არ მახსოვს, რადგან გონება დაბინდული მქონდა. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს ის განცდები, რომლებიც იმ პერიოდში გასდევდა ჩემს ცხოვრებას... მეგონა, რომ სამყაროს მწვერვალზე ვიდექი და ყველაფერი ჩემთვის იყო შექმნილი. დღემდე ჟრუანტელი მივლის, როდესაც მუნდიალს ვიხსენებ. ალბათ, ანალოგიური გრძნობა დამეუფლებოდა, ჩემპიონთა ლიგა რომ მომეგო.

"რომას" მთელი საფეხბურთო კარიერა შევწირე და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გამარჯვება მართლაც დიდი ბედნიერება იქნებოდა.

- გუნარ ნორდალის რეკორდს, ალბათ, ვეღარ დაამხობთ. გული არ გწყდებათ?
- დასამხობი რეკორდები არ გამოილევა და ნორდალის მიღწევაც რომ გავაუმჯობესო, ახალი სიმაღლე გამოჩნდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა შორის ვიქნებოდი და ამ მიღწევითაც უზომოდ კმაყოფილი ვარ.

- ერთხელ კიდევ დაფიქრდით, მართლა არასდროს გინანიათ მთელი კარიერის "რომაში" გატარება?
- მართლა არასდროს მინანია, რადგან ყველა ტიტულზე უფრო ძვირფასი ხალხის სიყვარულია. მე საკუთარ ქალაქში მაფასებენ, ამაზე უფრო დიდ ტროფეის კი ვერსად მოვიგებდი. კარიერას რომ ვიწყებდე, ისევ იმავე გზას ავირჩევდი. ჩემი გული "რომას" ეკუთვნის და მეც ნამდვილი რომაელი ვარ.

- ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც ყველაზე კომფორტული იყო თამაში...
- ერთის გამორჩევა შეუძლებელია, რადგან ბევრ ბრწყინვალე ფეხბურთელთან ერთად მომიწია თამაში. ვინჩენცო მონტელა დაბადებული მეგოლე გახლდათ და მისთვის პასების კეთება ერთ რამედ ღირდა. უკვე ვახსენე გაბრიელ ბატისტუტა, რომელსაც ყველაფრის კეთება შეეძლო მოედანზე. საოცრად ნიჭიერია ანტონიო კასანო, რომელიც პატარა შედევრებს დგამდა. კასანოს გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნო იყო და ვფიქრობ, მას ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო.

- მონტელა ახსენეთ, რომელიც დღეს მწვრთნელია და თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს...
- გასაგებია, საითაც მიგყავთ ლაპარაკი... ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია და ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ მწვრთნელის ამპლუაში მიხილოთ. თუმცა მონტელა მინდვრიდან პირდაპირ სამწვრთნელო სკამზე მოხვდა, მე კი დასვენებას ვაპირებ. მინდა, მეტი დრო ოჯახს დავუთმო და დასვენებას სწორედ ამისთვის გამოვიყენებ. თუმცა იქამდე ერთი წელი, უამრავი თამაში და ზღვა ემოციებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანჩესკო ტოტი: ეს ჩემი ბოლო სეზონია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეგანდარული კაპიტანი! რომის იმპერატორი!
Gladiator!
15:15 15-07-2013
0
ჯერ ადრეა ტოტი, არ წახვიდე! რომა შენ გარეშე ვერ წარმომიდგენია.
Mamuka
17:06 15-07-2013
0

სიახლეები პოპულარული