კარლოს ტევესი: ლიგას ვერ დაგეგმავ, მიზანი სკუდეტოა

AutoSharing Option
კარლოს ტევესმა უკვე გამართა პირველი მატჩი "იუვენტუსის" შემადგენლობაში და ეფექტური გოლიც გაიტანა. სამოყვარულო გუნდთან 29 წლის არგენტინელი მოტივირებული ჩანდა, რაც ნამატჩევს ანტონიო კონტემაც აღნიშნა.

მოკლედ, ტურინული გრანდი საწვრთნელ პროცესს შეუდგა და ჟურნალისტებს ფეხბურთელებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. ქვემოთ, კარლოს ტევესის ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ...

- როგორ გრძნობთ თავს ახალ გარემოში?
- შესანიშნავად. უკვე მივხვდი, თუ რატომ თამაშობენ არგენტინელები გაცილებით კარგად იტალიაში, ვიდრე ინგლისში. კალჩო ჩვენ მენტალიტეტთან ახლოა და სიმართლე გითხრათ, უკვე ვნანობ კიდეც რომ იტალიაში უფრო ადრე არ გადმოვბარგდი. მით უმეტეს,
ამის არაერთი შანსი მქონდა.

- მაგალითად, გასულ ზაფხულს, როდესაც "მილანი" გეპატიჟებოდათ...
- "მილანში" გადასვლის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ არა ხელფასის გამესამედების ხარჯზე. მაშინ, ლომბარდიელებმა არც თუ ხელსაყრელი პირობები შემომთავაზეს და უარის თქმა მომიწია. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და გინდა თუ არ გინდა, მომავალზეც გიწევს ფიქრი.

- მაინც რატომ გაგიჭირდათ ინგლისში შესაძლებლობების რეალიზება?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ინგლისში სულ სხვა კულტურა და ცხოვრების წესია, რომელთან შეგუებაც გამიჭირდა. ამასთან, ბრიტანული ფეხბურთის სტილს ვერაფრით მოვერგე.Pპრესის მხრიდან უდიდესი ზეწოლა იყო და ამანაც გამირთულა საქმე. თუმცა უკვე იგრძნობა, რომ ამ მხრივ, ჟურნალისტები არც იტალიაში მოიკოჭლებენ.

- გულშემატკივრებმა თქვენთვის 10-ნომრიანი მაისურის გადმოცემა გააპროტესტეს...
- უმჯობესია ვთქვათ, რომ გულშემატკივართა ნაწილმა, რადგან უმეტესობამ ჩემდამი უდიდესი სითბო გამოხატა და არც ნომერზე დაუჩივლიათ. ტიფოზების დიდ ნაწილს რომ პროტესტი გამოეთქვა, 10 ნომერზე მე თვითონ ვიტყოდი უარს. ყველანაირად ვეცდები, რომ ალესანდრო დელ პიეროს ნომერი ღირსეულად ვატარო. 10-იანი დამატებითი სტიმულია ჩემთვის და არ მესმის იმ ხალხის, რომელიც ამ ნომრის თაროზე შემოდებას ითხოვს. ისევ გუნდისთვის არის კარგი, როდესაც ფეხბურთელს დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა აქვს. ალექს დელ პიერო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი ნომრის ტარება ჩემთვის უდიდესი პატივია.

- ახალ თანაგუნდელებთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
- თავდაპირველად უფრო ახალწვეულებთან დავმეგობრდი და ეს ბუნებრივია, თუმცა შემდეგ სხვებსაც დავუახლოვდი. თბილად მიმიღეს და მაგრძნობინეს, რომ ჩემი მოსვლა არ სწყენიათ. განსაკუთრებით სასიამოვნო ეს ფორვარდებისგან იყო, რომელთა კონკურენტადაც ვითვლები. ფაბიო კვალიარელამ და ალესანდრო მატრიმ წარმატებები მისურვეს და გარკვეული რჩევებიც მომცეს. მათი უზომოდ მადლიერი ვარ. მალე იტალიის ნაკრების ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან, ერთი სული მაქვს როდის შევხვდები ბუფონს და პირლოს.

- "იუვენტუსის" პრიორიტეტული მიზანი ალბათ ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება...
- ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე კონკრეტული მიზნების დასახვა წყლის ნაყვაა. შესაძლოა, პლეი ოფში ბრწყინვალედ ითამაშო, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობო და ერთი შეცდომის გამო ტურნირს დაემშვიდობო. "იუვენტუსის" მიზანი კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარებაა, რომელმაც გუნდი მორიგ სკუდეტომდე უნდა მიიყვანოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ.

- სკუდეტოსთვის ბრძოლაში ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?
- "მილანს" და "ნაპოლის", თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ სკუდეტოსთვის "ინტერმა", "რომამ", ‘ლაციომ" და "ფიორენტინამ" იბრძოლონ. იტალიაში დიდი კონკურენციაა და სკუდეტოს ვინ ჩივის, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაც კი ურთულესი საქმეა. თუმცა, ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

- კარლოს ტევესის და ფერნანდო ლორენტეს ტანდემზე დიდი იმედები მყარდება...
- "იუვენტუსში" კიდევ არაერთი მაღალი კლასის შემტევია და მეეჭვება, იმედები მხოლოდ ჩვენ ორზე მყარდებოდეს. ფერნანდო ბრწყინვალე ტექნიკის პატრონია და საგოლე ალღო აქვს; მის გვერდით თამაში ერთი სიამოვნება იქნება. თუმცა, იგივე შემიძლია ვთქვა ფაბიო კვალიარელაზე, ალესანდრო მატრიზე, მირკო ვუჩინიჩსა და სებასტიან ჯოვინკოზე. ვფიქრობ, "იუვენტუსს" ყველაზე ძლიერი შეტევა ჰყავს იტალიაში და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ევროპაში.

- ალბათ ეს თქვენი ბოლო ევროპული შანსია...
- შანსი ალბათ დამწყებ ფეხბურთელებს ეძლებათ, ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაცემული ავანსები გავამართლო. თანაც, მსოფლიოს ჩემპიონატის წელი მოდის და გუნდში წარმატებული ასპარეზობა მუნდიალზე გამგზავრების ტოლფასი იქნება. მოკლედ, ენთუიზიაზმით ვარ აღსავსე და ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესის პირველი გოლი "იუვენტუსის" მაისურით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული