ინგლისში ბრაზილიელმა თავი ვერაფრით წარმოაჩინა და იტალიას დაუბრუნდა. 31 წლის მაიკონი მომდევნო სეზონს "რომაში" გაატარებს, სადაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ დუგლასმა გასული სეზონი მთლიანად ჩააგდო, დედაქალაქელები მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებენ.
მაიკონი იტალიაში ფანტასტიკურად თამაშობდა და ამის ასე მალე დავიწყება შეუძლებელია. გუშინ, ბრაზილიელმა "რომასთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, შემდეგ კი "კალჩომერკატოს" ინტერვიუ მისცა...
- როგორ გრძნობთ თავს "რომას" ფეხბურთელის ამლუაში?
- "რომას" თამაში
- ბევრი შიშობს, რომ მაიკონი ისე ვეღარ ითამაშებს, როგორც "ინტერში" ირჯებოდა...
- ჩემთვის გუნდში არსებულ ატმოსფეროს, ზოგადად გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ვამბობ, რომ იტალიაში დიდი იმედებით დავბრუნდი. ინგლისურ ფეხბურთს ვერ შევეგუე, იქ ბურთი მუდმივად ჰაერშია და ფეხბურთელიც თითქოს სულ მაღლა იყურება. მე ბურთი მინდორზე მიყვარს და ბედნიერი ვარ რომ იქ დავბრუნდი, სადაც თამაში ყოველთვის მსიამოვნებდა. დარწმუნებული ვარ, ძველ მაიკონს მალე იხილავთ.
- როგორ წარმოგიდგენიათ თავი "ინტერის" მეტოქის როლში?
- "ინტერის" შემადგენლობაში ექვსი დაუვიწყარი წელი გავატარე და დღემდე ამ გუნდის გულშემატკივრად ვრჩები. რაც შეეხება "ინტერის" მეტოქეობას, ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ და საქმეს პროფესიონალურად ვუდგები. მეტიც, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები "ჯუზეპე მეაცაზე" და მივესალმები იმ გულშემატკივრებს, რომლებისთვისაც ამდენი წელი ვთამაშობდი. დარწმუნებული ვარ, თბილად მიმიღებენ. ამ ემოციური მომენტისთვის აქედანვე ვემზადები.
- რამე შეიცვალა იტალიურ ფეხბურთში ამ ერთ წელიწადში?
- გასულ ზაფხულს, ფეხბურთელთა უმეტესობა გაქცევაზე იყო და სერია A მხოლოდ კარგავდა ვარსკვლავებს, ამ ზაფხულს კი ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან გუნდები: "იუვენტუსი", "ნაპოლი", "ფიორენტინა", "რომა". ეს მხოლოდ მახარებს, რადგან იტალიის ჩემპიონატში თამაში კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
- ამ მხრივ, "ინტერი" ყველაზე რთულ მდგომარეობაშია...
- "ინტერს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის. ვალტერ მაცარი მებრძოლ გუნდს შეკრავს და შესაძლოა ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენოს, ვიდრე ველოდებით. ნებისმიერ გუნდში მთავარი ერთსულოვნებაა და მგონია, რომ "ნერაძურიში" ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. აქვე, მინდა ხავიერ ძანეტის მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, რადგან "ინტერი" მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
- არაფერი გვითქვამს "რომაზე", რას ელით ამ სეზონისგან?
- "რომას" საოცარი გულშემატკივრები ჰყავს, რომლებსაც მოენატრათ დიდი გამარჯვებები. ჩვენ ისეთ გუნდს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ნებისმიერ ტურნირში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. "ჯალოროსის" აქვს იმის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს, არამედ სკუდეტოს დაუმიზნოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ტიფოზები ჩვენით იამაყებენ.
- რუდი გარსია სად გიპირებთ გამწესებას?
- რუდი გარსია შესანიშნავი ტაქტიკოსია და რამდენიმე სქემას თანაბარი წარმატებით იყენებს. მე, მარჯვენა ფლანგზე მიწევს თამაში, მაგრამ თუ მწვრთნელი დამავალებს, ცენტრშიც გავირჯები და მარცხენა ფრთაზეც. თუმცა, მგონია, რომ გარსია დაცვის და ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე მომიაზრებს.
- ფრანჩესკო ტოტი თუ გაიცანით?
- რა თქმა უნდა. ფრანჩესკო ტოტი ისეთივე ლეგენდაა, როგორც ხავიერ ძანეტი და ამ ორ ფეხბურთელს შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. ორივე კაპიტანია და დღემდე ისე ვარჯიშობენ, ნებისმიერ დამწყებ ფეხბურთელს შეშურდება. ტოტი წვრთნებზე სხვებზე მეტად იხარჯება და ყველას აჩვენებს თუ რა არის ნამდვილი პროფესიონალიზმი. ამასთან, შესანიშნავი ადამიანია და მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის მხარდამხარ მომიწევს თამაში.
- "რომასთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეთ, აქვე აპირებთ კარიერის დასრულებას?
- სიმართლე გითხრათ, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ. "რომაში" მინიმუმ ორი წელი ვითამაშებ და ბედნიერი ვიქნები თუ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას შემომთავაზებს. ამასთან, ძალიან მინდა კარიერის ბოლო სეზონი ბრაზილიაში გავატარო და "კრუზეიროში" ვითამაშო, იქ, სადაც ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. იმედია, ჩემი სურვილები ახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დუგლას მაიკონი იტალიაში დაბრუნდა