იტალიის სუპერთასი. გამოხმაურება: ანტონიო კონტე სიტყვის კაცია

AutoSharing Option
ამერიკულ ტურნეში მიჯრით წაგებული შეხვედრების შემდეგ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მისი გუნდი ოფიციალურ პაექრობებს სულ სხვაგვარად ითამაშებდა.

თუ იტალიის სუპერთასით ვიმსჯელებთ, ანტონიო კონტე სიტყვის კაცია, მისი გუნდი კი კიდევ უფრო მრისხანედ გამოიყურება, ვიდრე გასული სეზონის სტარტზე...

"იუვენტუსმა" "ლაციოსგან" ქვა ქვაზე არ დატოვა, ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგ ტროფეის განსაკურებული პრობლემების გარეშე დაეუფლა.

გაიტანა მცველმაც (ჯორჯო კიელინი), ნახევარმცველმაც (პოლ პოგბა, შტეფან ლიხტშტაინერი) და თავდამსხმელმაც (კარლოს ტევესი), "იუვეს" შეტევები კი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო.

კიელინი
მარკეტისთან პირისპირ დარჩა და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს - კონტეს "იუვენტუსი" ვითარდება და მასთან გამკლავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

შესაძლოა, ერთი მატჩით შორსმიმავალი გეგმების დასახვა არ იყოს სწორი, მაგრამ ვინც "ბიანკონერის" თამაშებს თვალს ადევნებს, ადვილად მიხვდებოდა, რომ ეს გაგრძელებაა მთელი იმ პროცესის და გნებავთ, პროგრესის, რომელსაც კონტეს "იუვემ" მიაღწია. ბრავო "ვეკია სენიორას", რომელიც ახალ სეზონს ბრწყინვალე განწყობით ხვდება...

"ამხანაგურ შეხვედრებში წარუმატებლად ვთამაშობდით, თუმცა ყველას დავპირდი, რომ "ლაციოს" წინააღმდეგ სულ სხვა "იუვენტუსს" იხილავდნენ.

ვფიქრობ, გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. "ლაციოს" დაჩაგვრა იოლი საქმე არაა. ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიის წერას და ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს,"
- განაცხადა მატჩის შემდეგ კონტემ.

"ეს იყო ნამდვილი ფსიქოლოგიური კოლაფსი - თითქოს გავითიშეთ და თამაშის უნარი წაგვერთვა.

"იუვენტუსმა" ბევრი საგოლე მომენტი ვერ შექმნა, მაგრამ ოთხი გოლი გაგვიტანა. აქედან სამი დროის მოკლე მონაკვეთში გავუშვით, რასაც კარგად გაანალიზება სჭირდება...

უნდა დავფიქრდეთ, რა მოხდა იმ პერიოდში და რატომ მივეცით მეტოქეს ამდენის საშუალება.

გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი და ვპირდები მათ, რომ ჩემპიონატის სტარტს გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება,"
- ეს "ლაციოს" თავკაც ვლადიმირ პეტკოვიჩის სიტყვებია.

მეოთხე გოლი "ლაციოს" კარში "იუვენტუსის" ახალწვეულმა, კარლოს ტევესმა გაიტანა, რამაც გულშემატკივართა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.

ნამატჩევს, არგენტინელი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა და კომენტარიც გააკეთა:

"შესანიშნავი საღამო იყო, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და ეს თამაშის დროსაც გამოჩნდა.

მეორეჯერ მომიწია მირკო ვუჩინიჩთან ტანდემში თამაში
და უნდა აღვნიშნო, რომ ბრწყინვალე პარტნიორია.

უდიდეს სამუშაოს ასრულებს, ბურთს კი, პრაქტიკულად, არ კარგავს. რაც შეეხება კონტეს, ის ნამდვილი ჩემპიონია და ამით ალექს ფერგიუსონს მაგონებს.

სერ ალექსის მსგავსად, კონტეს მხედველობის არეალი ყველა დეტალს წვდება; აღფრთოვანებული ვარ ანტონიოსთან მუშაობით და მჯერა, რომ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ".


იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორცა იუვე!!!
del piero 10
20:50 20-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული