ფლორენციული გეგმები - დელა ვალე ოპტიმისტურადაა განწყობილი

AutoSharing Option
ევროპალიგაზე სადებიუტო პაექრობის წინ "ფიორენტინას" პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ პრესკონფერენცია გამართა და კლუბის გარშემო, აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

უპირველესად, მწვრთნელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გვამცნო, დანარჩენზე კი ქვემოთ...

მონტელას ახალი კონტრაქტი
პირველ რიგში, მინდა გამცნოთ, რომ ვინჩენცო მონტელასთან მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და მწვრთნელმა ჩვენს კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ამრიგად, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინჩენცო კიდევ მრავალი წელი გაწვრთნის "ფიორენტინას".

ახალი კონტრაქტი 4-წლიანია და ბუნებრივია, მწვრთნელის პირობები გაუმჯობესებულია. ვფიქრობ, ვინჩენცო სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც "ფიორენტინას" მწვერვალზე აიყვანს.

ევროპალიგა
ხშირად მესმის, რომ იტალიური
გუნდები ევროპის ლიგის გათამაშებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "ფიორენტინას" შემთხვევაში, ეს ასე არ არის. სწორედ ევროპის ლიგაზე უნდა დავაგროვოთ ის ქულები, რომელიც ჩვენს ფეხბურთს დაკარგული პოზიციის დაბრუნებაში დაეხმარება.

დღეს რომ საკლუბო რეიტინგში ერთი საფეხურით მაღლა ვიდგეთ, "ფიორენტინა" არა ევროპის ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებდა. ამიტომ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ საერთაშორისო პაექრობას.

ჩვენი მიზანი ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება კარგი გამოსვლაა და თუ ფინალამდე მივალთ, შესანიშნავი იქნება. იქამდე ძალიან შორია, მაგრამ ღრმად მწამს, რომ "ფიორენტინა" არც ერთ კონკურენტს არ ჩამოუვარდება.

ტრანსფერები
გუნდი გვარიანად გავაძლიერეთ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაჩერებას არ ვაპირებთ. რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და შესაძლოა, კიდევ ორი-სამი ფეხბურთელი დავიმატოთ.

ასეც რომ არ მოხდეს, საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

მართალია, ბევრის მსგავსად, "ფიორენტინას" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად არ მივიჩნევ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა რომ შეგვიძლია, ცხადზე უცხადესია.

გუნდი მეთოდურად უნდა განვითარდეს და ასეა "ფიორენტინას" შემთხვევაში... წელს ჩემპიონთა ლიგის საგზური, შემდეგ კი უფრო მაღალი მიზნების ჯერიც დადგება.

მოკლედ, პირადად მე, უაღრესად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ სულ მალე "ვიოლა" ევროპული ფეხბურთის გრანდი გახდება. ეს, უპირველესად, ჩვენმა გულშემატკივრებმა დაიმსახურეს, რომლებიც ათწლეულებია, საყვარელ გუნდს ერთგულად ქომაგობენ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ფიორენტინას" ყველასგან გამორჩეული ტიფოზები ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული