ანტონიო კონტეს 10 რჩევა კარლოს ტევესს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც კარლოს ტევესი "იუვენტუსში" გადავიდა, სპორტულ ჟურნალისტებთან ურთიერთობას უხშირა და საინტერესო კომენტარებსაც უხვად აკეთებს - ამჯერად, 29 წლის არგენტინელი თავდამსხმელი "სქაი იტალიას" ესაუბრა, დანარჩენზე კი ქვემოთ...

ინგლისი - იტალია
იტალიაში ფეხბურთის თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე ინგლისში და ამაში სერია A-ს პირველივე შეხვედრაში დავრწმუნდი. გუნდები დაცვაზე დიდ აქცენტს აკეთებენ, ეს კი შემტევებს ძალიან გვირთულებს საქმეს; მოატყუებ ერთ ფეხბურთელს და მეორე მყისვე ფეხზე გაზის, მასაც თუ გაცდი, მესამეა იქვე და ბურთს ყველა შემთხვევაში დაკარგავ - ამიტომ, გამოჩნდება თუ არა სივრცე,
ან კარში უნდა დაარტყა, ან პასი გააკეთო.

ჩამოვედი თუ არა ტურინში, ანტონიო კონტეს ვესაუბრე და მისგან 10 რჩევა მოვუსმინე - პირველი სწორედ ეს იყო: არ ათრიო ბურთი, დროზე გაეცი პასი... სხვა რჩევები? - მოდით, ამას საიდუმლოდ დავტოვებ. კონტე ბრწყინვალე სპეციალისტია, მისი რჩევები ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა. მთლიანობაში, იტალიაში ასპარეზობა ჩემთვის გაცილებით საინტერესოა.

თანაგუნდელები
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ გაცილებით იოლად გამოვნახე საერთო ენა იტალიელებთან, ვიდრე ინგლისელებთან. ჩვენ საერთო მენტალიტეტი გვაქვს და ეს მაშინვე ვიგრძენი, როდესაც ტურინში ჩამოვედი.

"იუვენტუსის" საწვრთნელი ციკლის პირველ ეტაპზე იტალიის ნაკრების ფეხბურთელები გვაკლდნენ და სიმართლე გითხრათ, მათ დაბრუნებას დიდი ინტერესით ველოდი - ლიდერები ხშირად არიან მძიმე ხასიათის და მქონდა ეჭვი, რომ გაშლილი ხელით არ შემხვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - ყველამ ძალიან თბილად მიმიღო და გვერდში დამიდგა. ანდრეა პირლოს და ჯანლუიჯი ბუფონს უდიდესი ავტორიტეტი აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა, თავმდაბლობა არასდროს ღალატობთ. ინგლისში გაცილებით ამბიციურ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა და ხშირად, ეს ამბიციები ბევრი არაფრით იყო გამყარებული.

როლი
"იუვენტუსი" 3-5-2 სქემით ასპარეზობს, ეს ტაქტიკა კი ძალიან მომწონს. თავდამსხმელს უკნიდან ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი ეხმარება, პასიც ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მიიღო, შეტევები კი ყოველთვის მრავალფეროვანია. ძირითადად მირკო ვუჩინიჩთან ერთად მიწევს ასპარეზობა და ჩვენ ერთი ფუნქცია გვაკისრია - სიღრმეში ჩასვლა არ უნდა ვითაკილოთ და საჭიროების შემთხვევაში, იქიდან წამოვიწყოთ იერიშები. პირადად მე, ანტონიო კონტეს ხედვა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე. მოკლედ, ჩემი როლით მეტად კმაყოფილი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პროგნოზი: ვინ გახდება ბომბარდირი იტალიაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული