რასიზმი და სასჯელი: სოლიდარობა იტალიურად

AutoSharing Option
"იუვენტუსი"-"მილანის" შეხვედრისას, ლომბარდიული გრანდის ტიფოზებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს და ბუნებრივია, ფედერკალჩოს დისციპლინარებს ეს ამბავი მხედველობიდან არ გამოპარვიათ.

სადისციპლინო კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, "მილანს" ფინანსური სანქცია დაეკისრა და ამასთან, სერია A-ს მომდევნო საშინაო თამაშის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარება მიესაჯა. ეს ამბავი მთელ საფეხბურთო იტალიას მოედო, "როსონერის" კი სერია A-ს თითქმის ყველა კლუბმა გამოუცხადა მხარდაჭერა, მათ შორის - "ინტერმა". ქვემოთ ყველაზე საინტერესო კომენტარებს გაეცნობით...

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, სადისციპლინო
კომიტეტი სასჯელს მოგვიხსნის. არ ვიცი, ვინ რას ყვიროდა "იუვენტუს არენაზე", მაგრამ ათიათასობით გულშემატკივარი რომ სულ ტყუილად ისჯება, ეს ფაქტია. "უდინეზესთან" მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე არ უნდა ჩავატაროთ, ეს უსამართლობა იქნება. თქვენ იცით, რომ ჩვენ მარიო ბალოტელის დისკვალიფიკაცია არ გავასაჩივრეთ, რადგან მაშინ სადისციპლინო კომიტეტი აბსოლუტურად მართალი იყო. ამჯერად სიმართლე ჩვენს მხარეზეა და იმედია, გადაწყვეტილება შეიცვლება".


კლაუდიო ლოტიტო ("ლაციოს" პრეზიდენტი): "ცნობილი მიზეზების გამო რასისტულ ნიადაგზე ყველაზე ხშირად "ლაციო" ისჯება და ამიტომ ეს პრობლემა ჩემთვის ძალზე აქტუალურია. ეს საკითხი კარგად მაქვს შესწავლილი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პრაქტიკა მხოლოდ იტალიაში გამოიყენება. სხვა არც ერთ ქვეყანაში 5 ადამიანის გამო 50 000-ს არ დასჯიან.

ვერაფრით ვხვდები, როგორ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული ადამიანი და როგორ უნდა იზრუნოს კლუბმა იმაზე, რომ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ჩვენთვის სასურველი შინაარსის ფრაზები იყვირონ. ეს წესი აუცილებლად უნდა გადაიხედოს".


აურელიო დე ლაურენტისი ("ნაპოლის" პრეზიდენტი): "ჩემი ინფორმაციით, "ნაპოლის" ტიფოზებმა უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა "მილანისტებს" და თუ საჭირო გახდა, ისინიც მზად არიან, ჩვენი გუნდის ერთ საშინაო შეხვედრას არ დაესწრონ. ეს, რა თქმა უნდა, დაგვაზარალებს, მაგრამ სოლიდარობა აუცილებელია. ვფიქრობ, "მილანი" სულ ტყუილად დაისაჯა და კარგი იქნება, თუ სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას შეცვლის".

"ინტერის" ფანკლუბის ოფიციალური განცხადება: "ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს "მილანს" და მათ გულშემატკივრებს. დიახ, ისინი ჩვენი ძველი "მტრები" არიან, მაგრამ სიმართლე ყველაზე მთავარია. ჩვენ ვიწყებთ აქციას, რომელსაც უკვე შემოუერთდა "ნაპოლის" ულტრასთა დაჯგუფება. ჩვენი მიზანია, ერთ კონკრეტულ ტურში ყველა თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დამიანო ტომაზი რასიზმის წინააღმდეგ - ულტრასი უკვე ძალადობასთან ასოცირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული