ფრანჩესკო ტოტის თვე

AutoSharing Option
"რომა"-"ნაპოლის" შემდეგ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ აღნიშნა, რომ ეს იყო მისი გუნდის დასანანი გამარჯვება.

საქმე იმაშია, რომ "ჯალოროსის" მოგება ორი ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდა, ერთი ფრანჩესკო ტოტი გახლავთ, ხოლო მეორე - ჟერვინიო. მოკლედ, რომაელებს ძირითადი შემადგენლობის შემტევები დაემტვრათ და ბუნებრივია, ამან ბრწყინვალე გამარჯვებას გარკვეული დაღი დაასვა. ჟერვინიოს საქმე შედარებით კარგად არის, აი, 37 წლის ტოტის კი დაახლოებით ერთი თვე მოუწევს უქმობა.

ტოტი "ნაპოლისთან" შეხვედრის 33-ე წუთზე დაიმტვრა და მყისვე მარკო ბორიელომ ჩაანაცვლა. მაშინვე ჩანდა, რომ საქმე მიკროტრავმასთან არ გვქონდა და
ეს შიში გამართლდა კიდეც - კაპიტნის დაშავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუდი გარსია და შემდეგი განაცხადა:

"რამდენიმე წუთის წინ ტოტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივიღე და არცთუ სასიხარულო. ფრანჩესკოს მყესი აქვს დაზიანებული და დაახლოებით ერთთვიანი უქმობა მოუწევს. სარეაბილიტაციო პერიოდის პირველი ნაწილი ათ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც ფრანჩესკოს კიდევ ერთხელ ჩაუტარდება დეტალური გამოკვლევა - ზუსტი სურათი მხოლოდ შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ სავარაუდოდ, მკურნალობა სწორედ ოთხ კვირას გასტანს. ჩვენ მის გარეშე უნდა ვისწავლოთ გამარჯვება, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს".

გამომდინარე იქიდან, რომ "რომა" ევროტურნირებზე არ ასპარეზობს, ტოტის სავარაუდოდ ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ოქტომბრის ბოლომდე "ჯალოროსის" "უდინეზესა" და "კიევოსთან" უწევს მეტოქეობა, ნოემბრის პირველ ნახევარში კი "ტორინოსა" და "სასუოლოსთან".

რომაელებმა საკმაოდ მძიმე კალენდრის ფონზე მოახერხეს რვიდან რვა მატჩის მოგება და მომდევნო მეტოქეთა კლასიდან გამომდინარე, საფეხბურთო იტალია გამარჯვებათა ბრწყინვალე სერიის გაგრძელების მოლოდინშია; მხოლოდ, რომაელებმა ეს სერია ტოტის გარეშე უნდა გააგრძელონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანჩესკო ტოტის, სავარაუდოდ, ერთი თვე გაუცდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული