დანიელე დე როსი: სკუდეტო? აბსურდია!

AutoSharing Option
"რომა", ტრადიციულად, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდია და მისი ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია - თუმცა რვიდან რვა მატჩის მოგებას და ერთპიროვნულ ლიდერობას მისგან არავინ ელოდა.

გასულ სეზონში "ჯალოროსის" ჯერ ზდენეკ ზემანი ედგა სათავეში, შემდეგ კი აურელიო ანდრეაცოლი. ორივე სპეციალისტს დანიელე დე როსისთან შეექმნა პრობლემები, რის გამოც ეს უკანასკნელი გუნდიდან წასვლასაც კი ფიქრობდა. დღეს დე როსი იმ გუნდის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა და ბუნებრივია, ჟურნალისტთა მომეტებული ინტერესითაც სარგებლობს. ქვემოთ დე როსის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით...

- როგორ გრძნობთ
თავს ევროტურნირების გარეშე?
- კარგად, რადგან მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. სერია A-ში კონკრეტული მიზანი გვაქვს და ვიცით, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ალბათ, ამ კითხვასაც დამისვამთ და აქვე გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი სწორედ ევროსაგზურის მოპოვებაა. მოკლედ, წელს ევროტურნირების გარეშე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მომდევნო სეზონში ეს აღარ უნდა განმეორდეს.

- ასეთი პასუხით გულშემატკივრებს ნამდვილად გააწბილებთ...
- ყველა მხრიდან მესმის, რომ "რომამ" სკუდეტო უნდა მოიპოვოს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. მეტსაც გეტყვით, ეს სრული აბსურდია, რადგან ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ რვა ტურია გასული. მადრიდის "ატლეტიკომაც" მოიგო რვა მატჩი, მაგრამ მეეჭვება, ჩემპიონი გახდეს. მთელი ჩემპიონატი წინაა და ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება.

- "იუვენტუსმა" სამჯერ მოიგო რვა სასტარტო მატჩი და სამივეჯერ ჩემპიონი გახდა...
- კი, მაგრამ ლაპარაკი "იუვენტუსზე" გვაქვს, გუნდზე, რომელიც დაბადებულია იმისთვის, რომ სკუდეტო მოიგოს. ამასთან, ეჭვი მაქვს, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში არნახულად მაღალი კონკურენციაა. ჩემპიონობისთვის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძვიან, გუნდები, რომლებსაც ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავთ. არ უნდა დავივიწყოთ მილანური გრანდები და "ფიორენტინა", რომელიც ვინჩენცო მონტელას ხელში პროგრესირებს.

- გასულ სეზონში გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთეთ; შეიცვალეთ პოზიცია?
- "რომადან" წასვლა არასდროს მინდოდა, მაგრამ ამის შესახებ რამდენჯერმე მართლაც დავფიქრდი. როდესაც მწვრთნელისგან ნდობას ვერ გრძნობ, იძულებული ხარ, გამოსავალი ეძებო. საბედნიეროდ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ახალი მწვრთნელი გვყავს და მეც არსად წასვლას არ ვაპირებ. შესაძლოა, შეცვლაზე თამაშობდე, მაგრამ მწვრთნელის ნდობას გრძნობდე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

- რა შეცვალა რუდი გარსიამ ისეთი, რომ თამაშს თამაშზე იგებთ?
- რუდი ბრწყინვალე ფსიქოლოგია, რასაც შესანიშნავად იყენებს. იცის, როდის რა თქვას და როგორ განაწყოს გუნდი გამარჯვებისთვის. ზემოთ "ატლეტიკოს" მაგალითი მოვიყვანე და ესეც გარსიას სიტყვები გახლავთ. მან რამდენჯერმე შეგვახსენა, რომ გამარჯვებათა სერიები სხვა გუნდებსაც აქვთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ყველა აუცილებლად ჩემპიონი გახდება. რუდის ეხერხება, საკუთარ თავში რწმენა გაგიმყაროს და ამასთან, ღრუბლებში ფრენის საშუალება არ მოგვცეს. ვფიქრობ, "რომას" მესვეურებმა მისი დანიშვნით იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს.

- რთული კალენდარი უკან მოიტოვეთ და წინ შედარებით იოლი მატჩები გელით, რაც ალბათ გაიმედებთ, რომ სერია გაგრძელდება...
- თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უდინეში მოგება იოლია, ძალიან ცდებით. სერია A ურთულესი ტურნირია, სადაც ნებისმიერ შეხვედრაში მაქსიმალურად უნდა მოინდომო. ჯერჯერობით ყველაზე მარტივად მილანში გავიმარჯვეთ "ინტერთან", რასაც ბევრი არ ელოდა. მოკლედ, იოლ და რთულ კალენდარზე ლაპარაკი ძალიან პირობითია.

- ზემოთ ახსენეთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში არნახულად მაღალი კონკურენციაა. ანუ კალჩო პროგრესირებს?
- გუნდები გაძლიერდნენ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ რეალურ პროგრესზე ლაპარაკი ჯერ მაინც ადრეა. ფაქტია, რომ ბევრ კომპონენტში ევროპის წამყვანმა საფეხბურთო ქვეყნებმა გაგვასწრეს და ეს ჩამორჩენა აღმოსაფხვრელია.

პირველ რიგში, ეს საორგანიზაციო საკითხებს და ინფრასტრუქტურას ეხება. ეს ორი თემა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, რაც კარგად უნდა გვესმოდეს. ახალი სტადიონების აშენება და ძველი არენების რეკონსტრუქციაა საჭირო, საწვრთნელი ბაზების განახლება და ზოგადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სხვაგვარად, კომპლექსურ წინსვლაზე ვერ ვისაუბრებთ.

- ამ ფონზე, რა მომავალი აქვს იტალიის ეროვნულ ნაკრებს?
- იტალია საფეხბურთო ქვეყანაა და რაც უნდა ბევრი პრობლემა გვქონდეს, 20-25 ექსტრა-კლასის ფეხბურთელს ყოველთვის შევკრებთ. ამიტომ ეროვნული გუნდი განყენებული თემაა. ვფიქრობ, რომ "სკუადრა აძურა" დღესაც ძლიერია და მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. ჩვენი ძალა კარგად გამოჩნდა ჯერ ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ კონფედერაციათა თასზე.

- და მაინც, რამდენად რეალურია, რომ "სკუადრა აძურა" ბრაზილიური მუნდიალის ტრიუმფატორი გახდეს?
- ზოგადად, ევროპელებისთვის ძალიან რთული იქნება მუნდიალის მოგება, მაგრამ ჩვენ თავის დაზოგვას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, იტალიის ნაკრები ფავორიტთა შორისაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანიელე დე როსი: თუ რომიდან წავალ, მხოლოდ უცხოეთში...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული