მიმდინარე სეზონში, "რომა" არა თუ შეწვდა ტურინული გრანდის შედეგს, არამედ გააუმჯობესა და მიჯრით მეათე მატჩი მოიგო. ეს ამბავი რომის ოლიმპიურ სტადიონზე მოხდა, დედაქალაქელთა მეათე მსხვერპლი კი "კიევო" გახლავთ.
"რომას" ლიდერების: ფრანჩესკო ტოტის და ჟერვინიოს გარეშე უწევს ასპარეზობა, რაც გვარიანად ამცირებს გუნდის შემტევ პოტენციალს.
ეს ნამატჩევს რუდი გარსიამაც აღნიშნა და დასძინა, განსაკუთრებული მადლობა ბრწყინვალედ მოასპარეზე ცენტრალურ მცველებს ეკუთვნითო. მართლაც, "ჯალოროისის"
"რომა"-"კიევოს" მატჩის მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ერთადერთი და გამარჯვების გოლი მარკო ბორიელომ 67-ე წუთზე გაიტანა - ტანმაღალმა ფორვარდმა ეფექტური კომბინაცია თავური დარტყმით დააგვირგვინა.
მარკო ბორიელო (რომა): "უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი გოლით "რომამ" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 10-დან 10 მატჩის მოგება ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია - წინ, კიდევ უამრავი მატჩი გველოდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო ხშირად ვითამაშო და გულშემატკივრები გოლებით გავახარო".
რუდი გარსია (რომა): "რას ვგრძნობ? - კმაყოფილი ვარ, რადგან ავად თუ კარგად, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა, აშკარაა რომ ტოტის და ჟერვინიოს გარეშე შეტევაში რაღაც გვაკლია, ეს კი ბევრ საფიქრალს მიჩენს. უქმეებზე ტურინში გვიწევს ჩასვლა და დღეს, ზეიმის დრო არ არის. მიხარია, რომ ტოფოზები გავახარეთ, დაე მათ მოაწყონ ფიესტა, ჩვენ კი წინ ურთულესი მატჩი გველის. ისე კი, სეზონის განვლილი ნაწილი მართლაც გამორჩეული იყო, ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"