მარადიული მხოლოდ რომია

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეთერთმეტე ტურის უმთავრესი მოვლენა "რომას" გამარჯვებათა სერიის დასასრულია. დიახ, "ჯალოროსიმ" დაკარგა პირველი ქულები. ეს ამბავი კი ტურინში, "ტორინოსთან" პაექრობაში მოხდა.

ეს იყო მეტად უცნაური შეხვედრა, რადგან "ჯალოროსის" კარში ალესიო ჩერჩის მიერ გატანილ გოლს "სტადიო ოლიმპიკოზე" ზღვარს გადასული ემოცია მოჰყვა, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი "გრანატას" მწვრთნელ-ფეხბურთელები ისე ზეიმობდნენ, თითქოს სკუდეტო მოიგეს.

მატჩის ბოლო წუთებზე ტურინელები უმისამართოდ იგერიებდნენ ბურთს, რათა როგორმე თამაში ფრედ დაემთავრებინათ.

მეტოქის მიმართ ასეთი რიდი და შიში არც ფაბიო კაპელოს "რომას" მიმართ გვახსოვს, არც
მარჩელო ლიპის "იუვენტუსის", არც კარლო ანჩელოტის "მილანის" და არც ჟოზე მოურინიოს "ინტერის"...

მორგან დე სანკტისის კარში გატანილს უჩვეულო განცდა მოჰყვა - განცდა იმის, რომ თურმე, გოლი შეიძლება "რომას" კარშიც გავიდეს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მოკლედ, დასრულდა სერია, რომელმაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო აალაპარაკა. "რომას" ბრწყინვალე გამარჯვებათა სერია შეწყვეტილია, მთავარი კი უკვე ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა - "ჯალოროსი" ჩემპიონატის ლიდერია, გოლის გაშვებამ და სერიის შეწყვეტამ კი გუნდი სწორი რელსებიდან არ უნდა გადაიყვანოს.

ამბობენ, რომ რუდი გარსია კარგი ფსიქოლოგია - დღეს მას ეს უნარი ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

რუდი გარსია ("რომას" მთავარი მწვრთნელი):
"მომეწონა, რომ მხოლოდ მოგებაზე ვთამაშობდით და არ გვსურდა ფრესთან შეგუება. ეს გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდის თვისებაა, ამის გარეშე კი დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. ყველა თამაშს ვერ მოვიგებდით და მთლიანობაში, აღებული ქულით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მომდევნო ტურში "სასუოლოს" ვმასპინძლობთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა მდევრებს დაწევის საშუალება არ მივცეთ".

დანიელე დე როსი (რომა):
"დასანანია, როდესაც ასეთი სერია წყდება, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო. ყველა შეხვედრას ვერ მოიგებ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთ ძლიერ გუნდებთან გიწევს ჭიდილი. წინ უამრავი მატჩია და მოდუნება ერთი წუთითაც არ შეიძლება".


როგორ დაკარგა "რომამ" პირველი ქულები
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მთლიანობაში, ლოგიკური შედეგით დასრულდა, 1:1. რომაელებმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს გახსნეს, თავი კი კევინ სტროტმანმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. "რომამ" თითქოს განზრახ დაიწია უკან, რამაც რუდი გარსიას გუნდს დათვური სამსახური გაუწია - ტურინელებს ალესიო ჩერჩი გაუძღვა წინ, რამაც შედეგი 63-ე წუთზე გამოიღო; სწორედ ჩერჩიმ გაათანაბრა ანგარიში და ჯონათან ბიაბიანის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში "რომას" კარი აიღო.

აი, ამის შემდეგ უკვე "ჯალოროსი" გადავიდა შეტევაში, სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

ტურინელებმა დიდი ზეიმი გამართეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ კი მოურიდებლად განაცხადა, "ტორინოს" ისტორიაში კიდევ ერთი სასახელო ფურცელი ჩავწერეთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XI ტური: ხელიდან წასული "მილანი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული