ბერლუსკონის "მილანის" ანტირეკორდი
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 11 ტურია გასული, "მილანის" აქტივში კი მხოლოდ 12 ქულაა. ასეთი ცუდი შედეგი გუნდს ბოლოს 1980/1981 წლების სეზონში ჰქონდა, რის შემდეგაც გუნდი სერია B-ში დაქვეითდა.
მაშინ სილვიო ბერლუსკონი ჯერ კიდევ არ იყო "მილანის" პრეზიდენტი და გამოდის, რომ დონ სილვიოს ეპოქაში, სეზონის სტარტზე
5 ნოემბრის ნომერში ვწერდით, რომ საფეხბურთო იტალია მილანში ძირეულ ცვლილებებს ელოდება - ამბობენ, რომ კლუბის სათავეში პაოლო მალდინი მივა, რომელიც მყისვე თუ არა, ნელ-ნელა მაინც ჩაანაცვლებს ადრიანო გალიანის. იქამდე "მილანს" სეზონი აქვს გადასარჩენი, ეს მისია კი "ფიორენტინასთან" საშინაო მატჩმა კიდევ უფრო გაართულა.
ადრიანო გალიანი ამბობს, რომ ის ბოლომდე ენდობა მასიმილიანო ალეგრის - მაგრამ თავად გალიანის თუ ენდობიან? - საკითხავი აი, ეს არის...
გარსია: მხრებიდან ტვირთი მოგვეხსნა
რუდი გარსია აშკარად კარგი ფსიქოლოგია - 10 მატჩის მოგების შემდეგ "რომამ" პირველი ქულები დაკარგა, რაც ფეხბურთელებმა ძალიან განიცადეს, თუმცა მწვრთნელი ყველაფერში პოზიტივს ეძებს და ხედავს კიდეც. ეს შესაძლოა, საუკეთესო წამალი აღმოჩნდეს და რომაელებმა ჩვეულად განაგრძონ ასპარეზობა:
"ტურინელებთან დასანანი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. პირიქით, თითქოს დიდი ტვირთი მოგვეხსნა მხრებიდან და თავს ისე ლაღად ვგრძნობთ, როგორც არასდროს. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ, უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით და ამასთან, ის წნეხიც მოგვეხსნა, რაც ამ მოგებათა სერიას სდევდა თან.
ფეხბურთელები გაცილებით ლაღად გრძნობენ თავს და ეს აუცილებლად დაგვეხმარება. მერწმუნეთ, "რომა" კიდევ უკეთესად ათამაშდება - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".
თქმა არ სჭირდება, რომ რუდი გარსიას კომენტარი არა ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებზე, სწორედ "რომას" ფეხბურთელებზეა გათვლილი. "ჯალოროსის" მოთამაშეებს დღეს სწორედ ამგვარი მიდგომა სჭირდებათ და არა მუდმივი წუხილი დასრულებული სერიის შესახებ.
"მომდევნო ტურში "სასუოლოს" ვმასპინძლობთ, გამარჯვება კი ბრწყინვალე სერიის დასრულებით გამოწვეულ უსიამოვნო განცდასთან გამკლავების საუკეთესო საშუალება იქნება" - ეს დანიელე დე როსის სიტყვებია.
ციფრები და ფაქტები
* "რომამ" პირველი ქულები დაკარგა მიმდინარე სეზონში.
* "ტორინოს" "რომა" 1990 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული, 5 ფრე და 8 მარცხი.
* ალესიო ჩერჩიმ მე-8 გოლი გაიტანა, რითიც საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
* 12 ქულა 11 ტურში - ასეთი ცუდი შედეგი "მილანს" ბოლოს 1981/82 წელს ჰქონდა, როდესაც გუნდმა დატოვა ელიტარული დივიზიონი.
* "ფიორენტინამ" მიჯრით მესამე გასვლითი მატჩი მოუგო "მილანს".
* მარიო ბალოტელის ზედიზედ 3 მატჩია, გოლი არ გაუტანია. ასეთი მშრალი სერია მას პირველად აქვს "მილანში".
* ვინჩენცო მონტელა მე-100 შეხვედრაში გაუძღვა გუნდს სერია A-ში.
* "ნაპოლის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს საკუთარ მოედანზე. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 1989/90 წლების სეზონში ჰქონდა.
* "კატანიამ" ზედიზედ 6 გასვლითი მატჩი წააგო სეზონის სტარტზე. ასეთი უარყოფითი შედეგი გუნდის ისტორიას არ ახსოვს.
* "უდინეზემ" მიჯრით 2 საშინაო მატჩი წააგო. ასეთი რამ ბოლოს 2011 წელს მოხდა.
* ანდრეა რანოკია პირველი იტალიელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში "ინტერის" მაისურით გოლი გაიტანა.
* იუტო ნაგატომომ მე-100 მატჩი ჩაატარა სერია A-ში. იუტო მესამე იაპონელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია ტაკი მორიმოტოს და ჰიდეტოში ნაკატას შემდეგ.
* "ჯენოამ" მიჯრით მესამე გასვლითი მატჩი მოუგო "ლაციოს".
* "ლაციომ" პირველი მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე 15 აპრილის შემდეგ.
* "ვერონამ" ზედიზედ 6 საშინაო მატჩი მოიგო ჩემპიონატის სტარტზე, რითიც საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
* "სასუოლომ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო სერია A-ში.
*19 წლის და 94 დღის დამიანო ბერარდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ამ სეზონში, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში გოლი გაიტანა.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარადიული მხოლოდ რომია