"ინტერის" ახალი ბოსი ფეხბურთთან "თქვენობითაა"

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ამხანაგური მატჩების შემდეგ აპენინური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემა "ინტერი" და ამ კლუბში მიმდინარე პროცესებია.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს მასიმო მორატიმ ოფიციალურად გადააბარა კლუბი ერიკ ტოჰირს - როგორც აქციათა საკონტროლო პაკეტი, ისე პრეზიდენტის პოსტი. თვითონ მორატი უკვე საპატიო პრეზიდენტია, მართვის სადავეები კი ტოჰირმა გადაიბარა.

ინდონეზიელი ბიზნესმენის ინტერვიუ 18 ნოემბერს გაგაცანით, თუმცა არანაკლებ საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვა ტოჰირის განცხადებებს იტალიურ სპორტულ პრესაში... ჯერ ისევ ერიკს მოვუსმინოთ და შემდეგ გავშალოთ თემა:

"თუ გვსურს, რომ ჩვენი კლუბი წარმატებული იყოს, საქმეს კომპლექსურად
უნდა მივუდგეთ. აუცილებელია ტრანსფერები და ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი ამოქმედდება. ამიტომ გაუაზრებლად ფულის ხარჯვა მიზანშეუწონელია. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ევროპაში 10 ტოპ-კლუბი დარჩება და გარწმუნებთ, მათ შორის იქნება "ინტერი". ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, "ნერაძური" მწვერვალზე უნდა ავიყვანოთ, სადაც დიდხანს დარჩება".

ერიკ ტოჰირის კომენტარს დიდი რეზონანსი მოჰყვა - ჯერ ერთი, ვერავინ გაიგო, რატომ დარჩება 10 წლის შემდეგ 10 ტოპ-კლუბი, ან დღეს არის კი ამდენი გრანდი ევროპაში? - ტოჰირმა ცოტა დააბნია იტალიური საფეხბურთო სამყარო, რასაც მისი კიდევ ერთი უცნაური კომენტარი მოჰყვა, რაზეც ქვემოთ გამცნობთ...

"ინტერი" კიასოსთან დამარცხდა
"ინტერმა" სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და ამხანაგურად შვეიცარიულ "კიასოს" გაეჯიბრა. "კიასო" დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, შვეიცარიის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილი უჭირს და მესამე ლიგაში დაქვეითების კანდიდატია, "ნერაძურიმ" კი მოახერხა და ამ გუნდთან წააგო, 0:1.

როგორც იტალიელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, ასე ცუდად "ინტერს" 21-ე საუკუნეში ჯერ არ უთამაშია და ზოგადად, ასეთ უფერულ სანახაობას იშვიათად თუ გადააწყდებით. მთელი შეხვედრის განმავლობაში "ინტერმა" თითზე ჩამოსათვლელი მომენტი შექმნა, ფეხბურთელები თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით დარბოდნენ და შედეგად, გაცილებით სუსტ "კიასოსგან" სამარცხვინო მარცხი იწვნიეს.

ამ თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ერიკ ტოჰირი, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"აღფრთოვანებული ვარ თამაშით და ეს მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით. დიდი სიამოვნება მივიღე და დრო ისე გავიდა, ვერც ვიგრძენი. განსაკუთრებით მომეწონა ესტებან კამბიასოს და ჟუან ჟესუსის თამაში, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს უდიდესი მიზნების მიღწევა შეუძლია".

იტალიელმა ჟურნალისტებმა დანდობა არ იციან და ბუნებრივია, ერიკ ტოჰირს სარკაზმის ნიაღვარი დაატეხეს თავს - ინდონეზიელ ბიზნესმენს კომენტარების კეთებამდე მასიმო მორატისთან კონსულტაციების გავლა ურჩიეს. მოკლედ, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ტოჰირი ფეხბურთთან "თქვენობით" არის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

მაცარის და მესის შესახებ...
"ინტერის" ახალ პრეზიდენტს ვალტერ მაცარის შესახებაც ჰკითხეს და მანაც მწვრთნელს სრული ნდობა გამოუცხადა: "მაცარი ბრწყინვალე ადამიანია. მას უკვე შევხვდი, ბევრი ვისაუბრეთ და დავრწმუნდი, რომ სწორედ ის მიგვიყვანს დიდ წარმატებამდე. ვალტერი აუცილებლად დარჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად, მას ნდობის დიდი მანდატი აქვს.

გადავიბირებთ თუ არა ლეო მესის? - ამის შესახებ მენეჯერებს უნდა დავეკითხო... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ამ ეტაპზე ლიონელის ყიდვა წარმოუდგენელია".


ახალი სტადიონი
დაბოლოს, პირველი ნაბიჯის შესახებ ვთქვათ, რომელიც "ინტერის" პრეზიდენტმა გადადგა და ცნობისთვის, საფეხბურთო იტალიამ ეს ნაბიჯი ფრიად მოიწონა. ერიკი ქალაქ მილანის ხელმძღვანელებს შეხვდა და ახალი სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიარა - ტოჰირმა ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი:

"ვიცი, რომ მასიმო მორატის დიდი ხანია ახალი სტადიონის აშენება სურს და ამ სურვილს ჩვენ აუცილებლად ავუსრულებთ. "ინტერს" უნდა ჰქონდეს თავისი არენა და ექნება კიდეც. ჩემი პირველი შეხვედრა მილანის ხელძღვანელებთან შედგა და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში სტადიონის ასაშენებლად ადგილს შევარჩევთ. ეს იქნება ახალი ფურცელი "ინტერის" და მთლიანად, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ერიკ ტოჰირი: "ინტერი" 10 წლის მერე 10 საუკეთესო კლუბში უნდა იყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული