სტეფან ელ შაარავი "მილანს" უბრუნდება

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზით "მილანმაც" ისარგებლა, შვეიცარიულ "იანგ ბოიზთან" ამხანაგური მატჩი გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, 3:1. ლომბარდიელები იმდენად მონატრებულნი იყვნენ გამარჯვებას, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ლამის კრიზისის დასასრული გვაცნობა.

მწვრთნელმა განსაკუთრებულად კაკა შეაქო და დასძინა, რომ მისი სახით, გუნდს ნამდვილი ლიდერი ჰყავს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, ამით მარიო ბალოტელისაც გაჰკრა კბილი და ირიბად, კიდევ ერთხელ მოუწოდა დაჭკვიანებისკენ.

ალეგრის სიხარულის კიდევ ერთი საბაბი აქვს - როგორც იქნა, სტეფან ელ შაარავიმ ტრავმა მოიშუშა და მზადაა, მოედანს დაუბრუნდეს. "პატარა ფარაონი" სრული დატვირთვით ვარჯიშობს და როგორც
მილანელოზე ამბობენ, წვრთნებზე შესანიშნავად გამოიყურება. სერია A-ს მომდევნო ტურში ელ შაარავი ალბათ სათადარიგოთა სკამზე იჯდება, აი, შუა კვირაში კი, "სელტიკთან", წესით, ძირითადშიც უნდა ითამაშოს - ალეგრის სიტყვები სწორედ ამაზე მეტყველებს:

"კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები გახლავთ. კაკა ახლაღა დაგვიბრუნდა, მარიო ბალოტელიმ დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, სტეფან ელ შაარავი, მატია დე შილიო და ჯამპაოლო პაცინი კი ტრავმებმა გააწამეს. საბედნიეროდ, ელ შაარავი გამოჯანმრთელდა და თამაშიც შეუძლია. სტეფანი ძალიან გვაკლდა და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდით.

ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომლისთვისაც სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. თუმცა იქამდე "ჯენოასთან" გვიწევს მეტოქეობა, სადაც წაფორხილების უფლება არ გვაქვს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სკუადრა აძურა" დაირაზმა, წინ კლასიკაა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული