ისტორიული გადაწყვეტილება

AutoSharing Option
"პალერმოს" და "რეჯინას" შორის გამართულმა სერია B-ს პაექრობამ მთელი საფეხბურთო იტალიის ყურადღება მიიპყრო და შესაძლოა, ეს ამბავი მთელ ევროპასაც მოედოს. საქმე იმაშია, რომ "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა ვიდეოგამეორების შედეგად ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, ასეთი რამ კი აქამდე არ მომხდარა.

"პალერმოს" მცველმა სინიშა ანჯელკოვიჩმა "რეჯინას" ვეტერან ფორვარდ დავიდე დი მიკელეს (6 თამაში ეროვნულ ნაკრებში) გოლის გატანის შანსი არ მისცა, ბურთი ხელით გადააგდო კუთხურზე და საკუთარი კარი მშრალად შეინახა - თუმცა არბიტრმა ეს ვერ დაინახა და არა თერთმეტმეტრიანი, არამედ კუთხური დანიშნა. სადისციპლინო
კომიტეტმა ვიდეოფირი გაარჩია და ანჯელკოვიჩს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

აქვე განვმარტოთ, რომ ვიდეოგამეორების შედეგად, აქამდეც დაუსჯიათ ფეხბურთელები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრს ის ეპიზოდი მთლიანად გამორჩენია. ანუ, როდესაც დარღვევა მოვლენების ეპიცენტრში არ ხდება და შესაბამისად, თამაშის მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს.

ამ შემთხვევაში მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება, კუთხური დანიშნა, რეფერის გადაწყვეტილება კი აქამდე არასდროს გადაუხედავთ. "პალერმოს" მესვეურებმა ფედერკალჩოში აპელაცია შეიტანეს და თუ ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდებით - პირველად ფეხბურთის ისტორიაში, მსაჯის გადაწყვეტილება შეიცვლება. ჯერ უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება ამ ყველაფერზე ფიფა-უეფას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული