"იუვენტუსი" პოგბას ვერ ინარჩუნებს?
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ არაერთხელ განაცხადა, რომ კლუბის უმთავრესი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება და მათთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა. არტურო ვიდალთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ჩილელმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვევლობაა ანდრეა პირლოს და პოლ პოგბას შემთხვევაში.
ზაფხულში ეწურება კონტრაქტი ანდრეა ბარცალის და კლუბის
"პირლოს და კონტეს გარეშე "იუვენტუსი" ვერ წარმომიდგენია, აი, პოგბას შენარჩუნება კი ნამდვილად გაგვიჭირდება. პოლის გადაბირება ევროპულ გრანდებს სურთ და კოლოსალურ თანხებსაც იხდიან. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".
როგორც ჩანს, "იუვენტუსის" მესვეურებმა მაცდური წინადადება მიიღეს და პოგბას გასხვისებაზეც სერიოზულად დაფიქრდნენ. მოკლედ, ფრანგის მომავალი ისევ ბუნდოვანია, აი, პირლო და ბარცალი კი ალბათ გაახანგრძლივებენ ხელშეკრულებას.
ვინ შეიძლება დაიმატოს "იუვენტუსმა"? - ჯერჯერობით მხოლოდ რაჯა ნაინგოლანის გვარმა გაიჟღერა, რომელიც "კალიარიდან" მიდის და საქმე ასარჩევად აქვს.
"რომა" - მცველიც და ფორვარდიც
"რომა" ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენაა, რადგან რუდი გარსიას გუნდისგან სკუდეტოსთვის ბრძოლას არავინ ელოდა. თუმცა ჯერ მხოლოდ 17 ტური მიილია და თუ დედაქალაქელებს პოზიციის შენარჩუნება სურთ, ტემპი არც 2014 წელს უნდა დააგდონ. საჭიროა თუ არა ამისთვის გაძლიერება და ახალი ფეხბურთელების დამატება? - ამ თემაზე მოკლე კომენტარი ფრანჩესკო ტოტიმ გააკეთა:
"ახალი ფეხბურთელების გადაბირებას ყოველთვის მივესალმებოდი და ასე იქნება მომავალშიც. ვიცი, რომ კლუბის მესვეურები ერთი მცველის და ერთი ფორვარდის დამატებას ფიქრობენ და იმედია, მიზანს მიაღწევენ".
ტოტიმ გვარები არ დაასახელა, მაგრამ იტალიელმა ჟურნალისტებმა ყველაფერი გაარკვიეს - რომაელებს დავიდე ასტორის გადაბირება სურთ "კალიარიდან" და ხუან იტურბესი "ვერონადან". "ჯალოროსის" დაცვა ფენომენალურად ირჯება, მაგრამ რუდი გარსიას რაღაც მაინც არ მოსწონს - თუნდაც ის, რომ როდესაც მეჰდი ბენატია ან ლეანდრო კასტანი ტრავმებს იღებენ, მოედანზე კი ნიკოლას ბურდისო შედის, "რომას" პრობლემები ექმნება და გოლებსაც უშვებს.
როგორც ჩანს, ცენტრის ძირითად მცველთა მთავარ ალტერნატივად ბურდისო ვერ ქაჩავს და გარსიაც გამოსავალს ეძებს. რაც შეეხება იტურბეს, ახალგაზრდა შემტევმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და მისი გადაბირების სურვილში გასაკვირი არაფერია. კარგად გვახსოვს, როდესაც ფრანჩესკო ტოტი და ჟერვინიო დაშავდნენ, "რომას" შეტევაში ძალიან გაუჭირდა - გარსიას გათვლა ამ შემთხვევაშიც გასაგები და ლოგიკურია.
"ნაპოლი" ისევ ბევრს დახარჯავს
აურელიო დე ლაურენტისმა ზაფხულში ყველაზე მეტი დახარჯა და გაჩერებას არც ზამთარში აპირებს. "გაძეტა დელო სპორტი" გვამცნობს, რომ პრეზიდენტმა რაფაელ ბენიტესთან ერთად უკვე შეადგინა სია, რომლის მიხედვითაც სატრანსფერო ფანჯრის დროს იხელმძღვანელებს. ნეაპოლელებს სამივე რგოლის გაძლიერება სურთ და ამ სიაში მცველებიც არიან, ნახევარმცველებიც და თავდამსხმელებიც...
პრიორიტეტული სამიზნეები არიან: ლუკა ანტონელი "ჯენოადან", ხავიერ მასკერანო "ბარსელონადან", ერიკ ლამელა "ტოტენჰემიდან".
ანტონელი მარცხენა მცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ფლანგსაც შეიცვლის და ნახევარდაცვაშიც აიწევს. მასკერანოს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები "ნაპოლის" პრობლემად სწორედ საყრდენ ხაზს მიიჩნევენ - შვეიცარიელები: ბლერიმ ჯემაილი, გოკჰან ინლერი და ვალონ ბერამი ბევრს შრომობენ, მაგრამ კლასი აშკარად აკლიათ. როგორც ჩანს, მასკერანომ გუნდს სწორედ ეს კლასი და წონა უნდა შემატოს. "გაძეტამ" ისიც კი დაწერა, რომ მასკერანომ "ნაპოლიში" გადაბარგებაზე თანხმობა განაცხადა და ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.
ლამელა გარემარბია, ყველაზე უკეთ ფლანგიდან თამაშობს და ბენიტესის სქემას (4-2-3-1) იდეალურად მოერგება. ამბობენ, რომ ნეაპოლელთა სამიზნეშია მარკო ბორიელოც, რომელსაც "რომაში", პრაქტიკულად, არ უწევს თამაში - გონსალო იგუაინს დუბლიორი სჭირდება და ალბათ, მარკოს საჭიროებაც ამად დაუდგათ სამხრეთელებს.
ამასობაში "კორიერე დელო სპორტი" გვამცნობს, რომ "ნაპოლის" მესვეურებს "არსენალის" მცველის, ტომას ვერმაელენის გადაბირება სურთ. ეს ამბავი ჟურნალისტებს ტომასის თანამემამულემ, დრის მერტენსმა გაუმხილა: "დე ლაურენტისის თხოვნით, ტომასს ათჯერ მაინც დავურეკე და მის ნეაპოლში გადმობარგებაზე ვესაუბრე. ლონდონში თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ მისი დაინტერესება მაინც შევძელი. უახლოეს მომავალში ვერმაელენს უკვე "ნაპოლის" მესვეურები დაუკავშირდებიან და ალბათ, მოლაპარაკებაც დაიწყება".
"ინტერი" - ტოჰირი საიდუმლოს ჯერ არ ამხელს
კლუბის ახალმა მეპატრონემ ერიკ ტოჰირმა პირდაპირ განაცხადა, რომ გუნდს მინიმუმ ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება სჭირდება. ეს განცხადება მილანური დერბის შემდეგ გაკეთდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ტოჰირმა დაინახა, რომ მისი გუნდი დაცვაში მწყობრი თამაშით და მწვავე კონტრშეტევებით გავიდა ფონს. გასაგებია, რომ ეს ვალტერ მაცარის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ვეჭვობთ, რომ არა კარგი ცხოვრებით ნაკარნახევი.
რეალობასთან ახლოს არის მოსაზრება, რომ "ინტერს" ამ შემადგენლობით, უბრალოდ, არ შეუძლია გრანდებთან პირველ ნომრად თამაში - თუნდაც ეს გრანდი სულს ღაფავდეს და ღრმა კრიზისში იყოს.
ამ ორი-სამი ფეხბურთელიდან ერთი აუცილებლად ფორვარდი უნდა იყოს, რადგან ნათქვამია: "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო"... როდრიგო პალასიო ყოველთვის ვერ გაიტანს და მას პარტნიორი ან გნებავთ, ალტერნატივა სჭირდება. "გაძეტას" მტკიცებით, "ინტერის" მესვეურები მზად არიან, ისაკ ბელფოდილი იჯარით "ჯენოაში" გაუშვან და იქიდან ალბერტო ჯილარდინო დაიმატონ. არის მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, "ნერაძურის" "პალერმოს" ურუგვაელი ფორვარდი აბელ ერნანდესი შეუერთდება.
ტოჰირი და კომპანია ალბათ სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ, მაგრამ ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავენ. "ინტერი" "კალიარის" ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანსაც უმიზნებს, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ბელგიელს უფრო "მილანში" სურს გადაბარგება.
"მილანი" - ჰონდა და რამი
"მილანმა" ყველას დაასწრო და უკვე გაიფორმა ორი ფეხბურთელი, რომლებიც ახალი წლიდან გუნდის ღირსებას დაიცავენ. ერთი ადილ რამი გახლავთ "ვალენსიადან", ხოლო მეორე კეისუკე ჰონდა მოსკოვის ცსკა-დან. შავ-წითლები ორივეზე დიდ იმედს ამყარებენ - ერთმა დაცვა უნდა გააძლიეროს, მეორემ შუა ხაზი. თანაც, ჰონდას შეუძლია, თანაბრად ნაყოფიერი იყოს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მილანელები რაჯა ნაინგოლანის გადაბირებასთან არიან ახლოს, რაზეც "კალიარის" პრეზიდენტის, მასიმო ჩელინოს სიტყვები მოწმობს:
"ნაინგოლანის გადაბირება "ინტერს" დიდი ხანია სურს, თუმცა მილანელებისგან განსხვავებით, კონკრეტული წინადადებით "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა მოგვმართა. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ ყველაზე რეალური მაინც რაჯას "მილანში" გადაბარგებაა - ადრიანო გალიანი ჩემი ახლო მეგობარია, თავად ფეხბურთელს კი სწორედ "როსონერისკენ" მიუწევს გული. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".
"კორიერეს" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურებს კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება სურთ: ერთი დანილო დამბროზიო გახლავთ "ტორინოდან", ხოლო მეორე ჟორჟინიო ფრელო "ვერონადან". ეს უკანასკნელი შემტევი ნახევარმცველია და ტექნიკით გამოირჩევა, თუმცა საეჭვოა, ვერონელებმა მისი ზამთარში გაშვება ისურვონ. რაც შეეხება დამბროზიოს, მარცხენა მცველია, ამ ფლანგზე კი მასიმილიანო ალეგრის უჭირს - ხან კევინ კონსტანტს ათამაშებს, ხან ურბი ემანუელსონს, ეს როტაცია კი იმაზე მიუთითებს, რომ ბოლომდე კმაყოფილი არც ერთის თამაშით არაა. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
"ლაციოს" რევოლუციის მოლოდინში
"ფიორენტინამ" სეზონის პირველი ნახევარი წარმატებით განვლო, "ლაციო" კი ღრმა კრიზისში ჩაეფლო - თუმცა ამ ორ გუნდს ერთი რამ აერთიანებს:
ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მათ შესახებ, პრაქტიკულად, არაფერი ისმის. "ვიოლას" სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო აცხადებს, რომ გუნდის გაძლიერება მარიო გომესის დაბრუნება იქნება, "ბიანკოჩელესტეს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო კი რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი უთქვამს. დიდია შანსი, "ლაციო" ახალ წელს ახალი მწვრთნელით შეხვდეს, თუმცა ჯერ ეს საკითხიც გასარკვევია.
თუ არაფერი შეიცვალა და გუნდები სეზონის განახლებას არსებული რესურსით შეხვდნენ, მიზნების მიღწევა გაუჭირდებათ - ფლორენციელებს ჩემპიონთა ლიგის საგზური სურთ, რომაელებს კი კრიზისის დაძლევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"