ახალი წელი და კალჩო: სანტას წერილები იტალიიდან

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში საშობაო პაუზაა, თუმცა, ფეხბურთელების, მწვრთნელების და უბრალო გულშემატკივრების ფიქრები მაინც სპორტის უპირველეს და უსაყვარლეს სახეობას დასტრიალებს. ქვემოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ რა სურვილები ჩაუთქვეს საახალწლოდ სერია A-ს გუნდებმა...

ატალანტა
ბერგამოში ოცნებობენ, რომ დადგეს ჟამი, როდესაც "ნერაძურის" ხსენებაზე "ინტერი" ეშმაკსაც აღარ გაახსენდება. სანამ ხავიერ ძანეტი ცოცხალია და როდრიგო პალასიო გოლებს იტანს, სანტას სურვილის შესრულება გაუჭირდება.

ბოლონია
ბოლონიელებმა სანტას შესთხოვეს, რომ გუნდს ახალი რობერტო ბაჯო, ჯუზეპე სინიორი, ან თუნდაც მარკო დი ვაიო მოუვლინოს; სანაცვლოდ, დიდსულოვნად ჰპირდებიან, რომ ლაპლანდიაში ჯონატან ესეკილ
კრისტალდოს გააყოლებენ და მის უკან დაბრუნებასაც აღარასდროს მოსთხოვენ.

კალიარი
კალიარიში ოცნებობენ ისეთ სტადიონზე, სადაც თამაშის უფლება ექნებათ და ისეთ პრეზიდენტზე, რომელიც თავის ფეხბურთელებს სხვა გუნდების ძებნისკენ არ მოუწოდებს; შესაბამისად, ოცნებობენ რაჯა ნაინგოლანის, დავიდე ასტორის, მაურისიო პინილიას, მარკო საუს, ვიქტორ იბარბოს და სხვა წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაზე. სანტას სარდინიისკენ გახედვაც არ უნდა...

კატანია
კატანიელებმა სანტას სერია A-ს სატურნირო ცხრილის ამობრუნება სთხოვეს, რათა ახალ წელს ლიდერის რანგში შეხვდნენ. ამ ქალაქში სანტა კლაუსის ღრმად სწამთ, რადგან შარშან ლაპლანდიის ბინადარმა "პალერმო" სერია B-ში მოისროლა.

კიევო
სამაგიეროდ, "კიევოში" აღარ სჯერათ სანტა კლაუსის უანგარო დახმარების, რადგან 2012 წელს "ვერონა" ელიტაში აღაზევა. ამიტომ, მარხილისთვის სანტას მფრინავი ვირები შესთავაზეს და სანაცვლოდ, სერია A-ში ადგილის შენარჩუნება ითხოვეს.

ფიორენტინა
ფლორენციელებმა ჯუზეპე როსის ჯანმრთელად ყოფნა და მარიო გომესის სწრაფად გამოჯანმრთელება ისურვეს. ამასთან, ბოდიშები იხადეს, რომ წინა წლებში სანტა ზედმეტად შეაწუხეს მეკარეთა წონასთან დაკავშირებული პრობლემებით - ოღონდ ნეტო წაიყვანოს და ტოსკანელები მზად არიან, საყვარელი გუნდის კარში კვლავ ჩასუქებული სებასტიან ფრეი, ან არტურ ბორუცი იხილონ.

ჯენოა
ენრიკო პრეციოზი და ჯამპიერო გასპერინი ოცნებობენ, რომ ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს; გულშემატკივრებმა კი სანტას სთხოვეს, რომ აღარასდროს მოუწიოთ პრეზიდენტისგან ამ კომენტარის მოსმენა: "ჩვენ ვაბრუნებთ გასპერინის, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის როგორ უნდა დაძლიოს "ჯენოამ" კრიზისი".

ინტერი
"ინტერისტებმა" სანტას ქედმაღლურად შეუთვალეს: წელს ნუ დაიღლები, აქეთ გვითხარი რა გინდა და ლაპლანდიაში ინდონეზიიდან გამოგიგზავნითო. სანტამ საპასუხო წერილი როდრიგო პალასიოსთან აფრინა: 12 საათზე შენთან ვარ, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.

იუვენტუსი
ტურინში ოცნებობენ, რომ ანტონიო კონტეს "იუვენტუსს" სერია A-ს წყალი ჩემპიონთა ლიგაზეც გადაესხას. ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო 10-10 წლით გაახალგაზრდავდნენ, ჯუზეპე მაროტამ კი პოლ პოგბას გაყიდვაზე არც კი იფიქროს. ყველა სიკეთესთან ერთად, სიმონე პადოინს და ფედერიკო პელუზოს თუ რომელიმე ლაპლანდიურ გუნდში მოაწყობს, ამაზე უკეთესი არაფერი იქნება. მაგრამ, ანიელებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ სანტამ უკვე მიიღო სრულიად სხვა დავალებები ლუჩანო მოჯისგან.

ლაციო
"ლაციოს" გულშემარტკივრები სანტასგან ძველი დიდების დაბრუნებას ითხოვენ - ისეთ მცველებს, როგორებიც ალესანდრო ნესტა და ფერნანდო კოუტუ იყვნენ; პაველ ნედვედის და სებასტიან ვერონის მსგავს ნახევარმცველებს და ერნან კრესპოს დარ ფორვარდებს. უიმედო სანტამ საპასუხო წერილი გაამზადა: კლაუდიო ლოტიტოს გაფუჭებულ საქმეს, მე კი არა, ბენიტო მუსოლინი ვეღარ გამოასწორებდაო.

სამპდორია
"სამპდორიას" გულშემატკივრებმა სანტას სთხოვეს, რომ კიდევ იხილონ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსელონას" შეხვდებიან და ვენდეტაც შედგება. სანტამ გენუელებს გონს მოსვლისკენ მოუწოდა.

ლივორნო
"კომუნისტებს" სანტა კლაუსის არ სჯერათ და შესაბამისად, მანდარინითა და ტკბილეულით დახუნძლულ "ძედ მაროზს" ელოდებიან.

მილანი
"მილანისტების" სურვილები: მარიო ბალოტელი დაჭკვიანდეს; სტეფან ელ შაარავი გამოჯანმრთელდეს; რიკარდო კაკა ძველებურად ათამაშდეს; ადრიანო გალიანის და ბარბარა ბერლუსკონის კოაბიტაციამ გაამართლოს; "მილანმა" სერია A-ში ადგილი შეინარჩუნოს; სანტა მზადაა საქმეს შეუდგეს, თუ სიიდან პირველი სურვილი ამოიშლება.

ნაპოლი
ნეაპოლელებმა სკუდეტო, ევროპალიგის თასი და ჩემპიონთა ლიგის საგზური ისურვეს. თუმცა, ეს არა თხოვნა, არამედ მოთხოვნაა - ლაპლანდიაში უკვე ჩავიდნენ "კამორას" წევრები და სანტას იტალიის სამხრეთში სტუმრობა საჭირო აღარაა.

პარმა
ემილიელებმა სანტას სთხოვეს, რომ 2014 წელსაც გამოჩნდნენ ისეთი კლუბები, რომლებიც თავისთან ბელფოდილის დარ ფორვარდებს წაიყვანენ - სანაცვლოდ, კასანოს კალიბრის თავდამსხმელებს შეელევიან და თან, ზედ მილიონებსაც მიაყოლებენ. ასეთ შემთხვევაში, "პარმამ" შესაძლოა მართლაც დაიბრუნოს ძველი დიდება.

რომა
"რომანისტებმა" ფრანჩესკო ტოტის ჯანმრთელობა ისურვეს, რუდი გარსიასთან სამუდამო ხელშეკრულების გაფორმება, ნანატრი სკუდეტოს მოპოვება და რაც მთავარია, "ლაციოს" მიერ აღებული ტემპის არ დაგდება.
ეს ყველაფერი გულშემატკივრებმა, მწვრთნელ-ფეხბურთელებმა კი ისურვეს, რომ ჟერვინიომ კეთილ ჩანაფიქრზე ხელი აიღოს და ახალ წელს, მათი ბავშვების გასახარებლად თანაგუნდელთა ოჯახებს სანტა კლაუსის ეკიპირებით არ ესტუმროს.

სასუოლო
სასუოლოში მადლიერნი არიან, რომ გასული წლის თხოვნა შესრულდა და გუნდი ელიტაში აღზევდა. თუმცა, თუ გუნდში ესეკილ სკელოტოზე უფრო ტექნიკური ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან, სანტას ამ ქალაქში ძეგლს დაუდგამენ. და ერთიც, სასურველია, რომ 0:7 აღარასდროს განმეორდეს...

ტორინო
"ტორინოში" სამ ალესიო ჩერჩიზე ოცნებობენ, რომელთაგან ერთი მარჯვენა ფრთიდან შეუტევს, მეორე მარცხენა ფლანგს აიკლებს და მესამე ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაირჯება; და იქნებ 2014 წელს მაინც მოხდეს სასწაული და ტურინულ დერბიში "ტორომ" გაიმარჯვოს. სანტამ "გრანატას" გულშემატკივრებს მეორე სურვილის დავიწყება ურჩია.

ვერონა
გასული წელი "ვერონასთვის" წარმატებული გამოდგა და გულშემატკივრებიც მადლიერებით არიან აღვსილნი - მაგრამ, თუ მათი საყვარელი გუნდი გასვლაზეც ისწავლის ქულების აღებას, მთლად უკეთესი იქნება. და ლუკა ტონი თუ 3 კილომეტრს მაინც დაფარავს 90 წუთის განმავლობაში, ვერონელები სიხარულით ცას ეწევიან.

უდინეზე
"უდინეზეს" შემთხვევაში არაფერი იცვლება - იტალიურად DI NAთALE საშობაო დღესასწაულს ნიშნავს და ამით, ყველაფერია ნათქვამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია :)
guga
23:03 31-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული