სერია A. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: ახალი "ლაციო" ძველი გმირით

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტური მეტად საინტერესო გამოდგა და სათქმელიც ბევრი დაგროვდა: "რომამ" პირველი მარცხი იწვნია, "იუვენტუსმა" მიჯრით მე-10 მატჩი მოიგო და კლუბის რეკორდი გაიმეორა;

"ფიორენტინას" გამარჯვება ძვირად დაუჯდა, რადგან ჯუზეპე როსიმ მძიმე ტრავმა მიიღო, ედუარდო რეიას დაბრუნება კი "ლაციომ" "ინტერზე" ძლევით აღნიშნა; ვერ აჩერებენ ლუკა ტონის; სამაგიეროდ, ანტონიო დი ნატალე აპირებს გაჩერებას. კინაღამ გამოგვრჩა: კაკამ მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა "მილანის" შემადგენლობაში! ტურინული ჯახი ჯერ კიდევ შაბათს გაიმართა და აღარ მივუბრუნდებით, დანარჩენზე კი ქვემოთ.

რეიას წარმატებული დაბრუნება

ტურის უკანასკნელი მატჩი
რომში გაიმართა, სადაც "ლაციომ" "ინტერს" მოუგო, ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიროსლავ კლოზემ გაიტანა. გერმანელი რჩება "ბიანკოჩელესტეს" არათუ მთავარ, ერთადერთ დამრტყმელ ძალად.

ნამატჩევს, "ლაციოში" დაბრუნებულმა ედი რეიამ ოპტიმისტური კომენტარები გააკეთა, მაგრამ არც თავის დაზღვევა დავიწყებია: "ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არ მაქვს და ამიტომ წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ".

რაც შეეხება "ინტერს", ვალტერ მაცარის გუნდმა ერთობ უსახური თამაში აჩვენა და მეტოქეს, პრაქტიკულად, ვერაფერი დაუპირისპირა - უამრავი წუნი პასებში, შეცდომები დაცვაში და ერთფეროვნება შეტევაში. "ნერაძურიმ" ვერ ივარგა და ლოგიკური მარცხი იწვნია, მაცარიმ კი აშკარად გადაამეტა, როდესაც ყველაფერი მსაჯებს დააბრალა.

როსის ტრავმა
"ფიორენტინამ" "ლივორნო" დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, მაგრამ ეს გამარჯვება ფლორენციელებს ძვირად დაუჯდათ: მეორე ნახევარში ჯუზეპე როსიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

ჩემპიონატის ბომბარდირს ლეანდრო რინაუდო ეუხეშა, რომელსაც ეს დღეებია მთელი საფეხბურთო იტალია უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ჯერ ერთი, რინაუდოს უხეშობა განზრახს ჰგავდა და მეორეც, "ლივორნოს" მცველს როსისთვის ბოდიში არ მოუხდია. მხოლოდ მოგვიანებით განაცხადა, ძალით არ მინდოდაო და ჯუზეპეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბევრი რინაუდოს სამაგალითოდ დასჯას, ანუ დისკვალიფიკაციას ითხოვს.

თავიდან საგანგაშო ცნობები ვრცელდებოდა და ისიც კი ითქვა, რომ შეიძლებოდა როსის კარიერა დაესრულებინა. ტიფოზებს ბეპეს მუნდიალზე გამგზავრების ამბავი გამოტირებული ჰქონდათ, როდესაც ექიმებმა მოულოდნელი და შედარებით სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელეს - როსის ჯვარედინი მყესის გაწყვეტა არ დაუდგინდა და მის გამოჯანმრთელებას 6-7 კვირა დასჭირდება. ამ პერიოდში "ფიორენტინას" ძალიან გაუჭირდება, მაგრამ "ვიოლას" ვინღა ჩივის - როსი და მუნდიალი კვლავაც ძალაშია.

კაკას 101 გოლი მილანში
ვერ გეტყვით, სად ჩაუთქვა საშობაო სურვილები მასიმილიანო ალეგრიმ, მაგრამ "მილანმა", როგორც იქნა, მოიგო და თანაც, ერთობ ლაღად იბურთავა.

ლომბარდიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს "ატალანტა" და სამი უპასუხო გოლიც გაუტანეს მეტოქეს. აქედან ორი რიკარდო კაკას ანგარიშზეა, რომელმაც ჯერ მე-100 ბურთი შეაგდო "როსონერის" მაისურით და შემდეგ 101-ეც მიაყოლა. ბრაზილიელმა სპეციალურად ამ დღისთვის შეკერილი "მილანის" მაისური ააფრიალა, რომელზეც რიცხვი 100 იყო გამოსახული, ტრიბუნებზე კი ადრიანო გალიანი კეისუკე ჰონდას გულმოდგინედ უხსნიდა, თუ რა მოხდა და რა ფაქტთან გვქონდა საქმე.

და ერთიც, "მილანის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 18 წლის ნახევარმცველ ბრაიან კრისტანტეს, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. ბრაიანი "როსონერის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ. მოკლედ, მილანური ფიესტა შედგა და როგორც იქნა, "როსონერის" ტიფოზებმაც გაიხარეს.

დი ნატალეს ბოლო სეზონი
ლუკა ტონი შეუჩერებელია, მისმა დუბლმა "ვერონას" კიდევ ერთი მატჩი მოაგებინა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აღაზევა. თანაც, ვენეტოელებმა გასვლაზე იძალეს და კრიზისში მყოფი, მაგრამ მაინც კერკეტი "უდინეზე" დაიბრიყვეს. მიმდინარე სეზონში ლუკას უკვე ცხრა გოლი აქვს გატანილი და თუ ასე გააგრძელა, ბომბარდირობისთვისაც იბრძოლებს.

სამაგიეროდ, მეორე ვეტერანს აქვს ჩავარდნა და სწორედ იმ გუნდიდან, რომელიც "ვერონასთან" ვერას გახდა. ისევე, როგორც მთლიანად "უდინეზესთვის", ანტონიო დი ნატალესთვისაც უხეირო სეზონია, რამაც ტოტოს კარიერის დასრულება გადააწყვეტინა. ნამატჩევს, ანტონიო ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ ეს სეზონი უკანასკნელი იქნება მისთვის. ერთი კია, დაახლოებით ამგვარი განცხადება მან 2012 წელსაც გააკეთა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და "უდინეზესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა...

ტურის სიმბოლური ნაკრები
ფრიზონი (კატანია) - გონსალო (ფიორენტინა, მარჯვ.), ბონუჩი (იუვენტუსი, ცენტრი), კიელინი (იუვენტუსი, ცენტრი), ლუკარელი (პარმა, მარცხ.) - მერტენსი (ნაპოლი, მარცხ.), ვიდალი (იუვენტუსი, ცენტრი), კრისტანტე (მილანი, მარჯვ.) - კაკა (მილანი, გამთ.) - კლოზე (ლაციო, ფორვ.), ტონი (ვერონა, ფორვ.).

კიევო-კალიარი 0:0

ფიორენტინა-ლივორნო 1:0
გოლი: 1:0 გონსალო (66).

იუვენტუსი-რომა 3:0
გოლები: 1:0 ვიდალი (17), 2:0 ბონუჩი (48), 3:0 ვუჩინიჩი (77).
გაძევება: დე როსი (75. რომა), კასტანი (76. რომა).

ნაპოლი-სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 მერტენსი (53), 2:0 მერტენსი (62).

მილანი-ატალანტა 3:0
გოლები: 1:0 კაკა (35), 2:0 კაკა (65), 3:0 კრისტანტე (67).

კატანია-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 ბერგესიო (23), 2:0 ლოდი (66-პენ.).

ჯენოა-სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 ჯილარდინო (28-პენ.), 2:0 ბერტოლაჩი (45).

პარმა-ტორინო 3:1
გოლები: 0:1 იმობილე (21), 1:1 მარკიონი (34), 2:1 ლუკარელი (45), 3:1 ამაური (70).

უდინეზე-ვერონა 1:3
გოლები: 0:1 ტონი (8), 0:2 ტონი (39), 1:2 პერეირა (43), 1:3 იტურბე (70).

ლაციო-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 კლოზე (81).

ბომბარდირები: 14 - როსი (ფიორენტინა); 11 - ტევესი (იუვენტუსი); 10 - პალასიო (ინტერი); 9 - ჩერჩი (ტორინო), იგუაინი (ნაპოლი), იმობილე (ჯენოა), ტონი (ვერონა).

მომდევნო ტური
11 იანვარი:
ლივორნო-პარმა, ბოლონია-ლაციო

12 იანვარი:
ტორინო-ფიორენტინა, ატალანტა-კატანია, კალიარი-იუვენტუსი, ვერონა-ნაპოლი, რომა-ჯენოა, სასუოლო-მილანი

13 იანვარი:
სამპდორია-უდინეზე, ინტერი-კიევო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული