მიკაელ ესიენი მილანელია

AutoSharing Option
"მილანმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი, თავისუფალი აგენტი გადაიბირა და ამჯერადაც ვარსკვლავური სტატუსის. ამიერიდან, ლომბარდიული გრანდის ღირსებას 31 წლის განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი დაიცავს. 2005 წლიდან მიკაელი "ჩელსიში" ასპარეზობდა, ამ გუნდის შემადგენლობაში 168 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

თუმცა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ესიენის უშუალო მოვალეობა გოლების გატანა არასდროს ყოფილა - კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი უბადლო ჩამშლელია და არც ბურთის დაჭერა ეშლება. გარკვეული პერიოდი მიკაელმა მადრიდის "რეალშიც" გაატარა, თუმცა "სამეფო გუნდში" ფეხის მოკიდება გაუჭირდა.

ესიენზე "მილანში" დიდ იმედებს ამყარებენ - ექსპერტები მას საყრდენ
ხაზში ნაიჯელ დე იონგთან ერთად მოიაზრებენ, რომელიც თამაშის მანერით წააგავს ახალ თანაგუნდელს. მიკაელის "როსონერიში" ჩარიცხვას პრობლემები ახლდა - განელმა პირველი სამედიცინო შემოწმება ჩააგდო, რადგან მუხლზე პრობლემები აღმოაჩნდა, თუმცა კლუბის მესვეურებმა მეორე ტესტი მოითხოვეს და ის შედეგი მიიღეს, რომელიც თავად სურდათ. რთული სათქმელია, რა მასშტაბის პრობლემაზე დახუჭეს თვალი ლომბარდიელებმა, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ესიენს ტრავმები არ შეაწუხებს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანმა" მიკაელ ესიენს წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის განმავლობაშიც აფრიკელი 3.75 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული